ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე, აკადემიკოს ვახტანგ ბოჭორიშვილის კლინიკა და სამედიცინო ცენტრი მოქალაქეებს პისიარ ტესტების აღებას 24 საათიან რეჟიმში სთავაზობს. კლინიკაში შესაძლებელია კოვიდინფიცირებული პაციენტებისთვის კომპიუტერული ტომოგრაფიის გადაღება და სხვა კვლევების ჩატარებაც.
რა პროცედურები უნდა გაიაროს კორონავირუსით ინფიცირებულმა პაციენტმა, რომელიც საკუთარი სურვილით მიმართავს კლინიკას გარკვეული კვლევისთვის და რა პრინციპით მოხდება ინფიცირებულების მიღება, დეტალების დასაზუსტებლად, „ფორტუნა“ ბოჭორიშვილის კლინიკის პრესსამსახურს დაუკავშირდა.
„ეს კვლევა არის იმ კატეგორიის პაციენტებისთვის, ვისაც დადასტურებული აქვს კორონავირუსი, იმყოფება სახლში, გადის მკურნალობას და სჭირდება კვლევა, თუნდაც საკუთარი ინეტრესების დასაკმაყოფილბლად. მიღებისთვის გათვალისწინებულია კონკრეტული დრო, გამოყოფილი გვაქვს საათები 16:00-დან 18:00-მდე იმისთვის, რომ იზოლირებული იყოს ის განყოფილება, სადაც ამ პაციენტებს მივიღებთ. ამისთვის ჩვენ ვაკეთებთ საკარანტინე სივრცეს. ჩვენ ისედაც ვართ კოვიდკლინიკა და ჩვენს პაციენტებსაც ვუკეთებთ ამ კვლევას.
როდესაც ჩვენ მივიღებთ საკუთარი სურვილით მოსულ პაციენტებს, ის დრო დაეთმობა კონკრეტულად მათ კვლევებს და, შესაბამისად, მხოლოდ ეს პაციენტები იქნებიან მიღებული“, – განაცხადა ჩვენთან საუბარში მაიკო ღუღუნიშვილმა.
მან ასევე ისაუბრა იმ პროცედურებზე, რომელსაც გაივლის კოვიდპაციენტი კლინიკაში მისვლამდე. ღუღუნიშვილის განმარტებით, იმისათვის რომ პაციენტები არ დაყოვნდნენ და არ მოუწიოთ სხვებთან კონტაქტი, ისინი კლინიკაში მიდიან უშაუალოდ კვლევის ჩასატარებლად, ყველა დანარჩენ ბიუროკრატიულ საკითხს კი აგვარებენ დისტანციურად.
„რეკავენ წინასწარ, ეწერებიან და გვეუბნებიან, რა კვლევა სჭირდებათ. ეს შეიძლება იყოს კომპიუტერული ტომოგრაფია, სისხლის ანალიზი, კოაგულოგრამა, ან სხვა ნებისმიერი, რომელიც სჭირდება კოვიდპაციენტს. ამის შემდეგ ჩვენ ვაძლევთ ჩვენი ანგარიშის ნომერს და ისინი წინასწარ აკეთებენ ანგარიშსწორებას. ჩვენ ვეუბნებით კონკრეტულ დროს, რომელ საათზე უნდა მოვიდნენ და მოდიან აბსოლუტურად ყოველგვარი დაყოვნების გარეშე, იკეთებენ საჭირო კვლევას და მეილზე მიეწოდებათ პასუხები“.
როგორც ბოჭორიშვილის კლინიკაში გვითხრეს, კვლევის საფასური დამოკიდებულია იმაზე, თუ რა სახის კვლევა და ანალიზები ესაჭიროვება კოვიდპაციენტს. შესაძლოა, პაციენტს ჰქონდეს დაზღვევა და შესაბამისი მომსახურეობა ამ დაზღვევით ანაზღაურდება.