პროკურატურამ ვარკეთილში 9 აპრილს მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტზე დაკავებულ პირს ბრალდება წარუდგინა.
როგორც უწყების განცხადებაში ვკითხულობთ, დაკავებულს 10-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 9 აპრილს, თბილისში, ვარკეთილი 3-ის მიმდებარე ტერიტორიაზე, ურთიერთშელაპარაკებისას ბრალდებულმა დაზარალებულს დანით ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მიყენებული დაზიანების შედეგად დაზარალებული ადგილზე გარდაიცვალა. სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩამდენი პირი იმავე დღეს დააკავეს.
პროკურატურა, ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით, სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს“, – ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით წარედგინა, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.