თბილისის საქალაქო სასამართლოში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის თვითმკვლელობის მცდელობის საქმეზე, ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევრად შენახვის ფაქტზე საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ყოფილი ხელმძღვანელის, ალექსი ახვლედიანის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.
დღევანდელ სასამართლო სხდომაზე მხარეები შესავალ სიტყვას წარმოთქვამენ.
პროკურატურამ წარადგინა ბიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნაც, რომლის მიხედვითაც, საძინებელი ოთახიდან, სადაც თორნიკე რიჟვაძე იმყოფებოდა, ამოღებულ საწერ კალამზე რიჟვაძის დნმ ამოვიდა. ცეცხლსასროლ იარაღზე კი შერეული, ანუ თორნიკე რიჟვაძის და ალექსი ახვლედიანის დნმ ამოვიდა.
არის თუ არა საგარეჯოში ნაპოვნი წერილი თორნიკე რიჟვაძის დაწერილი – ექსპერტიზის პასუხი ცნობილია
დღევანდელ სასამართლო პროცესს ბრალდებული ალექსი ახვლედიანიც ესწრება. მან სასამართლო სხდომაზე აღნიშნა, რომ ამ საქმეზე თორნიკე რიჟვაძის დაკითხვა მნიშვნელოვანია.
შეგახსენებთ, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის თვითმკვლელობის მცდელობის საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს. ცალკეა გამოყოფილი ალექსი ახვლედიანის ბრალდების სისხლის სამართლის საქმე, რადგან სწორედ მისი ცეცხლსასროლი იარაღიდან მოხდა გასროლა.
ალექსი ახვლედიანს პროკურატურამ ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 238-ე მუხლით წარუდგინა, რაც ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევრად შენახვას გულისხმობს, რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია. აღნიშნული ქმედება სამ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ალექსი ახვლედიანს აღკვეთის ღონისძიების სახით 30 000-ლარიანი გირაო აქვს შეფარდებული.
საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორს, ალექსი ახვლედიანს უფლებამოსილება შეუწყდა