LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პუტინი: “ეს ევროპისთვის ეკონომიკური თვითმკვლელობაა”  – რა ახალი სანქციები დაუწესდა რუსეთს

175
Untitled design

უკრაინაში განხორციელებული აგრესიის საპასუხოდ, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების სიას აფართოებს. 

ავსტრალიის მთავრობამ ახალი სანქციები დაუწესა რუს პროპაგანდისტებსა და დეზინფორმაციის გამავრცელებლებს, რომლებიც ცდილობენ, რუსეთის უკანონო შეჭრა გაამართლონ.

ავსტრალია სანქციებს ასევე უწესებს იმ პოლიტიკურ ფიგურებს, რომლებიც მხარს უჭერდნენ უკრაინაში შეჭრას.

“რუსეთის მთავრობა მასშტაბურ დეზინფორმაციულ კამპანიას აწარმოებს როგორც რუსეთში, ასევე საერთაშორისო დონეზე. პრეზიდენტი პუტინი თავს დაესხა სიტყვის თავისუფლებას რუსეთშიც, რათა მედიამ არ გააშუქოს საშინელი ომის დანაშაულები.

სანქცირებულთა სიაში შეგვყავს 11 ფიზიკური პირი და 12 ორგანიზაცია, რომლებიც ხელს უწყობენ რუსულ პროპაგანდას და დეზინფორმაციის გავრცელებას, მათ შორის არიან რუსული მედიაინდუსტრიის წარმომადგენლებიც.

ავსტრალია ასევე აწესებს მიზანმიმართულ ფინანსურ სანქციებს იმ კომპანიების წინააღმდეგ, რომლებიც აწარმოებენ და ავრცელებენ ცრუ ინფორმაციას ინტერნეტში, ამ ორგანიზაციებიდან ბევრი დაკავშირებულია რუსეთის დაზვერვის სამსახურებთან”, – აღნიშნულია ავსტრალიის მთავრობის დადგენილებაში.

ავსტრალიამ  სანქციები დაუწესდა ორ ბელარუსულ კომპანიასაც, რომლებიც სამხედრო აღჭურვილობას აწარმოებენ.

დამატებით სანქციებს უწესებს რუსეთს კანადაც და პუტინსა და მის გარემოცვას ქვეყანაში შესვლას უკრძალავს.

ახალი სანქციების შესახებ კანონპროექტი სენატში გუშინ წარადგინეს. პროექტის მიხედვით პუტინთან ერთად, კანადაში შესვლა ეკრძალებათ მთავრობის წევრებს და სამხედროებს – სულ 1 000 ადამიანს.

“პუტინის რეჟიმის მხარდამჭერი და არაპროვოცირებულ აგრესიაზე პასუხისმგებელი პირებისთვის კანადაში შემოსვლის აკრძალვა არის ერთ-ერთი გზა, რომლითაც ჩვენ რუსეთს პასუხისმგებლობას ვაკისრებთ ჩადენილ დანაშაულებზე”, – განაცხადა საზოგადოებრივი უსაფრთხოების მინისტრმა მარკო მენდიჩინომ.

სანქციების დაწესებას ეხმიანება რუსეთის პრეზიდენტი და მას ევროპისთვის “ეკონომიკურ თვითმკვლელობად” აფასებს.

როგორც პუტინი აღნიშნავს, რუსეთის ენერგომომარაგების ეტაპობრივად შეწყვეტის მცდელობით, ევროპა მხოლოდ საკუთარ თავს დააზარალებს.

“ნავთობის სექტორი მნიშვნელოვან ცვლილებას განიცდის და ბიზნესის კეთება ჩვეულ რეჟიმში უკვე ნაკლებად სავარაუდოა, მაგრამ უკრაინის გამო, რუსეთისთვის დაწესებული სანქციებით, ევროპა “ეკონომიკურ თვითმკვლელობას” ჩაიდენს”, – თქვა პუტინმა.

magti 5g