LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პუტინს მოვუწოდე დაუყონებლივ შეწყვიტოს საომარი მოქმედებები და უზრუნველყოს ჰუმანიტარული უსაფრთხო დერეფანი და დახმარებაზე წვდომა: შარლ მიშელი

267
miSeli - putini

„პუტინს მოვუწოდე დაუყონებლივ შეწყვიტოს საომარი მოქმედებები და უზრუნველყოს ჰუმანიტარული უსაფრთხო დერეფანი და დახმარებაზე წვდომა“, – ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა განაცხადა.

მისი თქმით, ვლადიმერ პუტინთან სატელეფონო საუბრის დროს უკრაინაში არსებული ვითარება განიხილა.

„დღეს დილით პრეზიდენტ პუტინთან უკრაინაში არსებული ვითარება განვიხილეთ. ევროკავშირი უმკაცრესად გმობს რუსეთის აგრესიას უკრაინის წინაღმდეგ. პრეზიდენტ პუტინს მოვუწოდე დაუყონებლივ შეწყვიტოს საომარი მოქმედებები და უზრუნველყოს ჰუმანიტარული უსაფრთხო დერეფანი და დახმარებაზე წვდომა. ამასთანავე, ხაზი გავუსვი უკრაინაში საომარი მოქმედებების ფონზე ბირთვული ობიექტების უსაფრთხოების აუცილებლობაზე. ჩვენ შემდგომი კონტაქტის შენარჩუნებაზეც შევთანხმდით“, – აღნიშნა მიშელმა.

შარლ მიშელს სატელეფონო საუბარი ჰქონდა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთანაც, რომელსაც კიდევ ერთხელ განუმარტა, რომ ურყევია ევროკავშირის სოლიდარობა, მეგობრობა და უპრეცედენტო დახმარება უკრაინის მიმართ.

„მოგვიანებით, ახლო კონტაქტი მქონდა პრეზიდენტ ზელენსკისთან. რუსეთის აგრესიის გამოწვეული ჰუმანიტარული ზარალის შესამსუბუქებლად და ბირთვული უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ევროკავშირი უკრაინას მტკიცედ უდგას გვერდში. ურყევია ევროკავშირის სოლიდარობა, მეგობრობა და უპრეცედენტო დახმარება უკრაინის მიმართ. უკრაინის განაცხადს ევროკავშირის წევრობაზე უახლოეს დღეებში განვიხილავთ“, – ნათქვამია შარლ მიშელის განცხადებაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g