LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ქალაქში ორჯერ ჩამოვიდა – ერთხელ მანქანის საყიდლად და მეორედ ჩემს ცოლად მოსაყვანად“ – ზღვის დონიდან 1 350 მეტრზე დაწყებული სიყვარულის ისტორია

5152
კლიჩკო კიევიდან ევაკუაციაზე (1)

სოფლის, მთის და მოგზაურობის სიყვარულმა ჩვენი სტატიის მთავარ გმირს, ნანა აროშიძეს ცხოვრების მთავარი სიყვარულიც აპოვნინა – ზღვის დონიდან 1 350 მეტრზე, სოფელ ღებში, ასევე სოფელზე შეყვარებული ილო ლობჯანიძე გაიცნო და დაოჯახდა.

31 წლის მოგზაურმა და ბლოგერმა ნანა აროშიძემ ნაპოვნი ბედნიერება საკუთარ ათი ათასობით მიმდევარს სოციალურ ქსელში გაუზიარა. ვიდეომ კი თითქმის ნახევარი მილიონი ნახვა დააგროვა.

„სოფელი, მიწა და მთა არის ის, რაც ჩემს პირვანდელ სახესთან, საიდანაც მოვდივართ, იმასთან მაკავშირებს და მაბრუნებს“, – ამბობს ნანა აროშიძე „ფორტუნასთან“ და საკუთარი სიყვარულის ისტორიასა და სოფელში ცხოვრების შესახებ ვრცლად გვიამბობს.

 

პირველი შეხვედრა…

ყველაფერი გასული წლის ოქტომბერში დაიწყო.

წლების განმავლობაში ნანა გურიის სოფელში ცხოვრობდა. შემდეგ ქვეყნის მასშტაბით მოგზაურობა დაიწყო – სხვადასხვა კუთხეში თვეობით ცხოვრობდა და მუშაობდა. დადიოდა სოფელ-სოფელ, ეცნობოდა ადგილობრივ მოსახლეობას, ლაშქრობდა.

ოქტომბრის მოგზაურობა რაჭაში დაგეგმა. სანამ ღებში ჩავიდოდა, ერთ-ერთი საოჯახო სასტუმროს მეპატრონე დაჰპირდა, რომ სალაშქრო ადგილებს დაათვალიერებინებდა.

„რომ ჩავედი, ცუდი ამინდი დამხვდა. ვთხოვე, სოფელი მაინც დამათვალიერებინე და თუ ცხოვრობს ვინმე, ვინც სოფლის მეურნეობას ეწევა, არის ფერმერი და საინტერესო ცხოვრება აქვს, გამაცანი-მეთქი. მან ილოსთან მიმიყვანა.

წარმოიდგინეთ, ადგილი, სადაც ილოს ზაფხულის განმავლობაში საქონელი მიჰყავს და იქვე ცხოვრობს, სოფლიდან 5 კილომეტრის დაშორებითაა.

მთაში, ასეთ ქოხში მანამდე სხვა მოხუცებიც გავიცანი, შემდეგ გზას გავუყევით და სულ ბოლოს, რომ იფიქრებ – აქ ვეღარავინ იცხოვრებს, აქ რა უნდა ადამიანს – ზუსტად იქ მიმიყვანეს, ილოსთან..

წვიმდა, ყველაფერი ტალახიანი იყო, ეზოში ძლივს შევედით. ამ ტალახში ილო დავინახე, ცხოველებით და ფრინველებით გარშემორტყმული, ძალიან ბედნიერი და გაბრწყინებული თვალებით იღიმოდა, ამან გამაკვირვა.

შეხვედრიდან ეს მომენტი განსაკუთრებულად მახსოვს. ამ დღეს, ილო სულ 7 წუთით ვნახე, მისი ცხოველები და ფრინველები გადავიღე.

ეს ემოცია ჩამრჩა – გაოცებული ვიყავი, როგორ ცხოვრობს ახალგაზრდა ბიჭი სოფლისგან და ხალხისგან მოშორებით ისე, რომ ასეთი ცხოვრებით  ბედნიერია. დამამახსოვრდა, როგორც ცხოვრების მოყვარული ადამიანი“, – გვიყვება ნანა.

 

პირველი შეხვედრის შემდეგ, ნანას და ილოს ურთიერთობა ვირტუალურად, სოციალურ ქსელში გაგრძელდა, თუმცა 4 თვის განმავლობაში ერთმანეთს მხოლოდ დღესასწაულებს ულოცავდნენ. ილო სოციალურ ქსელში არ აქტიურობდა, თუმცა ნანას სიახლეებს თვალს ადევნებდა:

„მე დიდად ვერ ვუახლოვდებოდი. ფლირტი კი, მაგრამ ზედმეტად, ყველანაირ ინიციატივას ჩემს თავზე ხომ ვერ ავიღებდი? ის რაჭაში იყო, მე სვანეთში ვცხოვრობდი, შეხვედრის შანსიც არ იყო, სანამ მე არ ჩავიდოდი რაჭაში, ერთმანეთს ნორმალურად ვერ გავიცნობდით. ასე ვთქვათ, შეხვედრას ველოდებოდი“.

ნანა გვიყვება, რომ სვანეთში ყოფნის პერიოდში რამდენიმე დღით თბილისში გადაწყვიტა წასვლა, გზად კი, ქუთაისში, სრულიად შემთხვევით, ილოს შეხვდა. 

„ეს იმდენად იშვიათი შემთხვევაა, ქალაქში საერთოდ არ ჩამოდის, იმდენი საქონელი ჰყავს, სხვას ვერ უტოვებს მოსავლელად, მაშინ კი მანქანის საყიდლად იყო ჩამოსული. „მაკდონალდსში“ ვნახე, მეგობრული შეხვედრა იყო და არა პაემანი. თუმცა, ამის შემდეგ გზაში ერთმანეთის მოკითხვები დავიწყეთ.

ტელეფონით იმდენად დავახლოვდით, 8 მარტს, ამ დღიდან ზუსტად თვე-ნახევარში მითხრა: „სარვამარტო საჩუქარი იქნება, სვანეთიდან პირდაპირ ჩემთან წამოგიყვანო“.

პაემნის შანსი ფიზიკურად არ გვქონდა. სიყვარულის ახსნაც მობილურით იყო.

ასე გამოვიდა, ქუთაისში ორჯერ ჩამოვიდა – ერთხელ მანქანის საყიდლად და მეორედ ჩემს ცოლად მოსაყვანად.

რაჭაში რომ ამოვედით, ისეთი საოცარი დახვედრა მოგვიწყვეს, მხოლოდ მთაში რომ ნახავთ – აღარ მეგონა, ამ დროში ასეთი რამ თუ ხდებოდა: მახარობლები, თოფის სროლა, ცხენები.. პატარა ქორწილი გამოგვივიდა.

ოჯახსაც ერთი კვირის განმავლობაში ვუთხარი, რომ შეყვარებული მყავს; მისი ოჯახი გავიცანი; ხელი მთხოვა… ყველაფერი მალე მოხდა“, – ამბობს ნანა.

გვიყვება, რომ მისი გადაწყვეტილება ოჯახს არ გაუპროტესტებია, რადგან იციან, რომ ნანას სოფელი ძალიან უყვარს. ილოს ცხოვრების წესიც ძალიან მოსწონთ და დარწმუნებულები არიან, რომ წყვილი ერთად ბევრ რამეს შეძლებს.

„ილო განათლებით იურისტია. თბილისში სწავლობდა, ქუთაისში ცხოვრობდა, 5 წლის წინ კი საცხოვრებლად სოფელში მარტო გადავიდა.

ამას ილოს მშობლები აპროტესტებდნენ, სოფელში საცხოვრებლად ვერ იმეტებენ. სურდათ, თბილისში ეცხოვრა, კარგი სამსახურში ემუშავა.

მისი მშობლები მეც მეუბნებიან, თუ სოფელში ცხოვრება მოგბეზრდებათ, იცოდეთ, რომ წასასვლელი გაქვთო, მაგრამ ჩვენ, რა თქმა უნდა, არსად წასვლას არ ვაპირებთ.

როცა ილო სოფელს გამოსცდება, თვალები სხვანაირი უხდება. გამომეტყველებაზეც კი შეატყობთ, სოფელში რომ ბედნიერია.

ვიდეო: წყვილი, რომელიც თბილისიდან გურიაში მეურნეობის დასაწყებად გადავიდა და ბედნიერება იპოვა: „ჩვენი ბოსტნეულის ბოქსები წინასწარ გაიყიდა…“

 

ერთი დღე სოფელში…

ნანა და ილო სოფელში მარტო ცხოვრობენ, ჰყავთ საქონელი და ქათმები. ჯერჯერობით ყველაფერს ილო უვლის, ნანა კი ბოსტნის გაშენებას აპირებს. ამასთან, წყვილი მაისიდან სამზადისს იწყებს – სოფლიდან 5 კილომეტრის მოშორებით, მთის საზაფხულო საძოვრებზე წავლენ, სადაც ცხოველებს და ფრინველებს წაიყვანენ და გვიან შემოდგომამდე დარჩებიან.

„გურიაში სოფელი მაქვს, სადაც დედას ვეხმარები. მიწა ჩემი სტიქიაა. ილომ ყველაფერი იცის – ყველის ამოყვანა, მაწვნის გაკეთება და მეც უნდა მასწავლოს.

მაისიდან საზაფხულო საძოვრებზე მივდივართ. მე წელს პირველად წავალ. სამზადისს მაისის დასაწყისში ვიწყებთ. ქათამი და ძროხა ბევრი გვყავს, ერთ დღეს ფრინველი მიგვყავს, შემდეგ საქონელი. მიგვაქვს ნივთები, რომლებიც სახლში გვჭირდება.

ზაფხულში დაიწყება ყოველდღიური რუტინა – დილის 5 საათზე უნდა ავდგეთ, ძროხები მოვწველოთ, გავაკეთოთ ყველი, მაწონი, კარაქი, ყველაფერს იქვე ვაწარმოებთ და შემდეგ ონში ვყიდით. სანამ თოვლი მოვა, გვიან შემოდგომამდე, იქ ვიქნებით“, – გვიყვება ნანა და საკუთარ გამომწერებს ჰპირდება, რომ საზაფხულო საძოვრებზე ყოფნის პერიოდში, ბევრ საინტერესო ვიდეოს გაუზიარებს:

„ილო ბიჭია და ზოგჯერ გადაღება ეზარება, თუმცა ძალიან უხარია, არაფერი აქვს საწინააღმდეგო, მაგრამ, რა თქმა უნდა, მე უფრო მეხალისება ვიდეოების გადაღება. ილო ყოველთვის გამოჩნდება ჩემს ვიდეოებში.

ლამაზი რაღაცების გაკეთებას ვგეგმავ.. დილით მთაში ძროხებს რომ მოვუვლით, შემდეგ სოფელში უნდა წამოვიდეთ, რომ ბოსტანში ვიმუშაო, საღამოს უკან დავბრუნდებით“, – ამბობს ნანა.

ბლოგერი იმ მიზეზებზეც საუბრობს, რის გამოც მისი ვიდეოები პოპულარულია და აღნიშნავს, რომ გამომწერებს, ალბათ, მისი გულწრფელობა მოსწონთ:

„ჩემი ბლოგი უცებ გახდა პოპულარული. თავიდანვე სოფლის ცხოვრებას ვაჩვენებდი. ჩემს ვიდეოებში ხედავენ იმას, რაც ბავშვობაში ჰქონდათ და რაც ახლა ენატრებათ და აკლიათ.

ნოსტალგიას ვუღვიძებთ. მწერენ – „მამლის ყივილი დაგვანახე“. როდესაც სოფელში სახლს ვიღებ, მეუბნებიან, რომ ასეთი სახლი ბებიას და ბაბუას ჰქონდა და მე გავახსენე. ჩემს ბლოგთან ყველა საერთოს პოულობს და ჩემი აზრით, ამიტომ უყვართ“, – ამბობს ნანა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g