LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ქალებს ყველაფერი შეგვიძლია” – რეინჯერი ქალის ისტორია

701
FORTUNA.GE- (3)

ბოლო რამდენიმე წელია, რაც ასობით მამაკაცი რეინჯერების რიგში რამდენიმე ქალი რეინჯერიც გამოჩნდა. დღეისათვის საქართველოში 400-მდე რეინჯერია, აქედან 5 ქალბატონია. მათგან ერთ-ერთია ეკა ბაჩილავა. ეკამ საკუთარ საქმიანობასა და პროფესიაზე  „ფორტუნასთან“ ისაუბრა.

მოგვიყევით თქვენს შესახებ…

მე ვარ ეკა ბაჩილავა, 32 წლის.  ვცხოვრობ მარტვილის რაიონის სოფელ ინჩხურში. პროფესიით რეინჯერი.

რამდენი ხანია რეინჯერად მუშაობთ?

2016 წლიდან ოფიციალურად დაცული ტერიტორიების, კერძოდ მარტვილის კანიონის რეინჯერი ვარ, მანამდე სანამ კანიონი დაცულ ტერიტორიად გამოცხადდებოდა, ამავე ტერიტორიაზე მენავედ ვმუშაობდი.

რამ განაპირობა თქვენი რეინჯერობა?

იქიდან გამომდინარე, რომ ბუნება ძალიან მიყვარს და მარტვილის ტერიტორია სრულად მქონდა შესწავლილი და ათვისებული, მივხვდი, რომ ამ სიამოვნებას ვერ დავკარგავდი. როდესაც დაცული ტერიტორიების სამსახური შემოვიდა, შევავსე რეზიუმე გამოცხადებულ ვაკანსიაზე. დამიკავშირდნენ და მათი ოფიციალური თანამშრომელიც გავხდი. ვფიქრობ, ძალიან გამიმართლა.

ვინ არის რეინჯერი?

რეინჯერს პირველ რიგში დამთვალიერებლისა და ტურისტის უსაფრთხოება ევალება. სანამ პანდემია დაიწყებოდა, კანიონის დასათვალიერებლად დღეში დაახლოებით 2200 ტურისტი მოდიოდა. თანამშრომლები ჩვენ-ჩვენ პოზიციაზე ვიდექით და ვუწევდით  სხვადასხვა დახმარებას, ასევე გვევალება ფოტოხაფანგების დამაგრება, თევზჭერის ფაქტის გამოვლენა, ბრაკონიერებთან ბრძოლა და ა.შ.

 

რა უნარებს უნდა ფლობდეს თანამშრომელი იმისთვის, რომ კარგი რეინჯერი იყოს?

კარგი რეინჯერობისთვის პირველ რიგში საჭიროა გიყვარდეს ბუნება, მისი მოვლა და პატრონობა შეგეძლოს. ამასთან, დიდ მონდომებას საჭიროებს. თუ ბუნება არ გიყვარს, რეინჯერი ვერ იქნები. ვფიქრობ, არა მარტო ამ სამსახურში, არამედ სადაც არ უნდა მუშაობდეს ადამიანი, ნებისმიერ პროფესიას საქმის სიყვარული სჭირდება, სხვანაირად არაფერი გამოგივა.

როგორ ფიქრობთ, ქალისთვის რთული პროფესიაა?

არა. მაშინ, როდესაც საკუთარი პროფესია გიყვარს, რთული არაფერია და მიმაჩნია, რომ ქალებს ყველაფერი შეგვიძლია.

ერთეული ქალი რეინჯერები ხართ, როგორ გრძნობთ თავს ამ ამპლუაში და რა დამოკიდებულება იგრძნობა საზოგადოებისგან?

მე არასდროს მიგრძვნია თავი, რომ ვინმე სქესის გამო განმასხვავებს. სქესი არაფერს წყვეტს, აქ ყველა თანამშრომელი თანაბარია. მთავარია საკუთარ საქმეს კარგად ასრულებდე. პირიქით ძალიან დიდი პატივისცემა მოდის თანამშრომლებისგან, უფროსებისგან და ამისთვის დიდ მადლობას ვუხდი მათ.

დიდი პატივისცემა და დაფასება იგრძნობა სტუმრებისგანაც. ხშირად ოვაციებით გამოუხატავთ დამოკიდებულება, ბევრს უთქვამს – ვააა ქალი რეინჯერი?! ყოჩაღ! უცხოელებზე მეტად ქართველებს უკვირთ ჩემს პოზიციაზე ქალის დანახვა. თავდაპირველად, როდესაც ფორმა ჩავიცვი, ადგილობრივებსაც უკვირდათ და არაერთი განსხვავებული აზრი და კითხვები იბადებოდა.

როგორია თქვენი დამოკიდებულება ბუნების მიმართ?

იქიდან გამომდინარე, რომ გავიზარდე სოფელში, ჩემს გარშემო უამრავი მთებია. სიგიჟემდე ვარ შეყვარებული ბუნებაზე და ვხვდები, რომ ამის გარეშე ყოფნა არ შემიძლია. მოკლედ რომ გითხრათ, ბუნება ჩემი ცხოვრების ნაწილია.

სამომავლოდ რა გეგმები გაქვთ?

სამომავლოდ ისევ იგივეს გავაკეთებ. ვიქნები „ქალი რეინჯერი“. ამასთან, გავაგრძელებ სოფლის მეურნეობას, რომელსაც ძმასთან და რძალთან ერთად ვეწევი. ასე რომ, ვიმუშავებ სადამდეც შევძლებ.

ბევრი ახალგაზრდა ქალი გამოხატავს რეინჯერობის სურვილს. რას ურჩევდით მათ?

ყველას ვურჩევ ამ პროფესიას, ვურჩევ შეიყვარონ და დააფასონ, არ შეუშინდნენ არაფერს და რასაც დაისახავენ მიზნად, აუცილებლად ბოლომდე მიიყვანონ. მხოლოდ ამის მერე გამოვა ყველაფერი.

 

mazda magti 5g