LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქალის “შებმისთვის” დაისჯებით, მაგრამ რა არის “შებმა”…

868
subtle-sexual-smile-flirting

სექსუალური შევიწროების გამო დაჯარიმდებით. კანონი უკვე მიღებულია, თუმცა რა არის სექსუალური შევიწროება, ამაზე საზოგადოებაში ბევრი კითხვა არსებობს.
“ფორტუნას” კითხვებზე “პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის” იურისტმა ანა თავხელიძემ უპასუხა.

 

  • რას ნიშნავს სექსუალური შევიწროება?

სექსუალური შევიწროება განიმარტება როგორც  სექსუალური შინაარსის მქონე არასასურველი ვერბალური, არავერბალური ან ფიზიკური ქცევა, რომელიც მიზნად ისახავს ან იწვევს პირის ღირსების შელახვას ან/და  დამამცირებელი, დამაშინებელი, მტრული გარემოს შექმნას (ევროპარლამენტისა და საბჭოს 2006 წლის  5 ივლისის N2006/54/EC დირექტივა). თუ რომელიმე კომპონენტი სახეზე არ არის (მაგალითად, ქმედება სასურველია ადრესატისთვის) ასეთ შემთხვევაში სახეზე არ გვექნება სექსუალური შევიწროება. სექსუალური შევიწროება არის ორი სახის: სექსუალური შევიწროება საჯარო სივრცეში და სექსუალური შევიწროება დასაქმების ადგილას.

 

  • ეს შეიძლება იყოს ერთჯერადი ფაქტი თუ აუცილებლად გარკვეული პერიოდის განმავლობაში უნდა გრძელდებოდეს?

როგორც წესი, სექსუალური შევიწროებისთვის აუცილებელია განმეორებითობა, მას შემდეგ, რაც ადრესატი  ქმედების განმახორციელებელს მიანიშნებს (ვერბალურად, ქცევით ან ნებისმიერი ფორმით), რომ ქმედება არასასურველია. ამის შემდეგ თუ კვლავ განმეორდა ქმედება, მაშინ სახეზეა სექსუალური შევიწროება. გამონაკლისია შემთხვეები, რომლებიც თავისი შინაარსიდან გამომდინარე იმდენად მძიმეა, რომ არ არის საჭირო განმეორებითობა, მაგალითად გენიტალიების ჩვენება ან მასტურბაცია საჯარო სივრცეში.

 

  • სად გადის ზღვარი ფლირტსა და სექსუალურ შევიწროებას შორის?

ზღვარს ადგენს თავად სექსუალური შევიწროების დეფინიცია. თუ სექსუალური შინაარსის ქმედება არ არის ადრესატისთვის სასურველი, ქმედების განმახორციელებელმა უნდა შეწყვიტოს ქმედება. ამოსავალი წერტილი არის თანხმობის არსებობა. თუ ადრესატი არ გამოხატავს აშკარა თანხმობას, ასეთ შემთხვევაში ივარაუდება, რომ ქმედება არასასურველია და უნდა შეწყდეს.

 

  • ხშირად ხდება, როცა მამაკაცი ქალის მოხიბვლას „შემტევი“ მეთოდებით ცდილობს და მიიჩნევა, რომ შეიძლება ქალი „თავს იფასებდეს“ და უარი ყოველთვის არ იყოს “უარი”, ამიტომ მამაკაცები აგრძელებენ „ბრძოლას“. აქ სად გადის ზღვარი, როდის უნდა მიხვდეს კაცი, რომ უნდა გაჩერდეს და ის შეიძლება სექსუალურ შევიწროებაში დაადანაშაულონ?

სამწუხაროდ, ეს არის განპირობებული ჩვენი კულტურით, თუმცა იმ მომენტში, როდესაც ქალი რაიმე ფორმით მიანიშნებს, რომ ეს “ბრძოლა” არ არის სასიამოვნო, ქმედება უნდა შეწყდეს. პირველივე უარის, ან არასასურველობაზე მინიშნებისთანავე უნდა შეწყდეს ქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში სახეზე იქნება სექსუალური შევიწროება. ამავდროულად, მნიშვნელოვანია სექსუალური შინაარსის მატარებელი იყოს ქცევა, სხვა შემთხვევაში კი შესაძლებელია მაგალითად ადევნებასთან გვქონდეს საქმე და არა სექსუალურ შევიწროებასთან.

  • როგორ უნდა დაამტკიცოს დაზარალებულმა, რომ მას ავიწროვებდნენ?

სექსუალური შევიწროება წარმოადგენს დისკრიმინაციას, შესაბამისად, ამ ტიპის დავებში მტკიცების ტვირთი გადადის მოპასუხეზე. გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც საჯარო სივრცეში ხდება სექსუალური შევიწროება და საქმეში ერთვება პოლიცია. 

სექსუალური შევიწროების გამო დაჯარიმდებით - კანონი მიღებულია

კანონპროექტი მესამე მოსმენით დაამტკიცეს.

 

  • ვიდეო/აუდიო მტკიცებულებების გარდა, რა გზა არსებობს დასამტკიცებლად?

ხშირად სექსუალურ შევიწროებას ჰყავს მოწმეები  და ასეთ დროს მოწმეთა ჩვენებებს ვიყენებთ. ჩვენი პრაქტიკიდან გამომდინარე, ძირითადად მტკიცებულებებად ვიყენებთ შეტყობინებებს, მოწმეთა ჩვენებებს, ფსიქოლოგიური შეფასების დასკვნას და ა.შ. მტკიცებულებათა საკითხი დამოკიდებულია კონკრეტულ შემთხვევაზე.

 

  • რამდენად რთულია ასეთ საქმეებზე სასამართლო პროცედურები?

ზოგადად სასამართლო დავა ხანგრძლივი პროცესია და ეს ერთ-ერთ სირთულეს წარმოადგენს. თუმცა ცხადია ეს არ უნდა გახდეს ქალებისთვის დამაბრკოლებელი გარემოება, რომ იბრძოლონ თავიანთი უფლებების დასაცავად. სასამართლომ მიიღო პრეცედენტული გადაწყვეტილება სექსუალური შევიწროების საქმეზე და ძალიან მაღალი სტანდარტი დაამკვიდრა, რაც ცხადია აძლიერებს ქალებს.

 

  • რა სასჯელი შეიძლება დაეკისროს დამნაშავეს/ რის მიხედვით დგინდება დამამძიმებელი გარემოება?

სასამართლომ მხარი დაუჭირა საკანონმდებლო ცვლილებებს, რომლის მიხედვითაც სექსუალურის შევიწროების განხორციელება საჯარო სივრცეში წარმოადგენს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას და მინიმალურ პასუხისმგებლობად გათვალისწინებულია ჯარიმა 300 ლარის ოდენობით.  დამამძიმებელი გარემოებები განისაზღვრას მხედველობაში მიიღება ადრესატი, ან ქმედებას განმეორებით ჩადის თუ არა პირი, მაგალითად, როდესაც ქმედება ხორციელდება ბავშვის მიმართ ან თანდასწრებით, ცხადია მიყენებული ზიანი მეტია და სანქციაც არის შედარებით მკაცრი.

 

  • თუ შეიძლება თავად დაზარალებული აღმოჩნდეს ბრალდებული, რადგან ვერ დაამტკიცოს დანაშაული?

დღეს არსებული რეგულაციით სექსუალური შევიწროება არ წარმოადგენს დანაშაულს (სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული ქმედება), შევიწროებას არეგულირებს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი.

ნებისმიერ პირს აქვს უფლება იბრძოლოს თავისი უფლებების დასაცავად. იმ შემთხვევაში თუ პირი განაცხადებს რომ გადა სექსუალური შევიწროების მსხვერპლი, მაგრამ მტკიცებულებათა არ არსებობის გამო ვერ დაადასტურდება შევიწროების ფაქტი, ეს ვერ იქნება გამოყენებული განმცხადებლის საზიანოდ. შესაბამისად, ვერ დადგება განმცხადებლის პასუხისმგებლობის საკითხი. მიუხედავად მტკიცებულებების არსებობისა, მსხვერპლებმა ხმამაღლა უნდა ისაუბრონ განცდილ ძალადობაზე და ყოველჯერზე მიმართონ შესაბამის უწყებას უფლების დაცვის მოთხოვნით, მიუხედავად იმისა, დადასტურდება სექსუალური შევიწროების ფაქტი თუ არა.

***

კანონის მიხედვით, სექსუალური შევიწროების შემთხვევაში, პირი 300 ლარით დაჯარიმდება, ხოლო აღნიშნული ქმედების ერთი წლის განმავლობაში გამეორება – გამოიწვევს 500 ლარის ოდენობით დაჯარიმებას ან ერთ თვემდე ვადით გამოსასწორებელ სამუშაოებს.

აღსანიშნავია, რომ კანონპროექტი არასრულწლოვნის, ორსულის, უმწეო მდგომარეობაში მყოფის, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირის შევიწროება ან არასრულწლოვნის თანდასწრებით განხორციელებული ქმედება 500-დან 800 ლარამდე ოდენობის ჯარიმას ითვალისწინებს. აღნიშნული ქმედების ერთი წლის განმავლობაში გამეორება გამოიწვევს დაჯარიმებას 800-დან 1000 ლარამდე ოდენობით ან გამასწორებელ სამუშაოებს ერთ თვემდე ვადით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 10 დღემდე ვადით.

mazda magti 5g