LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობა – პოლიციელთა ვალდებულებები შესაძლოა, გაფართოვდეს

ojaxshizaladoba

ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის აღკვეთისა და პრევენციული ზომების გატარების მიზნით, პოლიციელთა ვალდებულებები შესაძლოა, გაფართოვდეს.

ამ მიმართულებით ცვლილებების განხორციელება “ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ კანონში იგეგმება, რომელიც ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ სოფიო კილაძემ მოამზადა და პარლამენტს განსახილველად დეპუტატთა ჯგუფმა წარუდგინა.

ინიცირებული პროექტის თანახმად, ოჯახში ძალადობის ან ქალთა მიმართ ძალადობის ფაქტთან დაკავშირებით მიღებულ შეტყობინებაზე, პოლიციის თანამშრომელი ძალადობის განმეორების რისკების შეფასებას მოახდენს და რისკის სიმძიმის მიხედვით მიიღებს გადაწყვეტილებას შემაკავებელი ორდერის გამოცემის ან ორდერის გამოცემაზე უარის თქმის შესახებ.

ამასთან, იმ შემთხვევაში, თუ ინციდენტის შესწავლის შემდეგ შემაკავებელი ორდერის გამოცემის პირდაპირი საფუძველი არ გამოიკვეთება, თუმცა ინციდენტის ხასიათიდან გამომდინარე შეიძლება ძალადობის განმეორების რისკი არსებობდეს, მიღებული შეტყობინების ხასიათისა და ფაქტის შესწავლისას გამოკვეთილი გარემოებების გათვალისწინებით, პოლიციის თანამშრომელი ვალდებული იქნება გონივრულ ვადაში, მაგრამ არა უგვიანეს 7 დღისა, პირველადი შემოწმების შემდგომ არსებული მდგომარეობა გადაამოწმოს და აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია ოქმში ასახოს.

კანონპროექტით იცვლება დამცავი ორდერის გამოცემისას მოძალადის მიერ ძალადობრივი დამოკიდებულებისა და ქცევის შეცვლაზე ორიენტირებული სავალდებულო სწავლების კურსის გავლის რეგულაციები. პროექტის თანახმად, დამცავი ორდერის გამოცემისას, მოძალადისთვის კურსის დანიშვნა იქნება არა მოსამართლის დისკრეცია, არამედ სავალდებულო საკანონმდებლო დანაწესი.

იმ პირთა ჩამონათვალს კი, ვისაც უფლება აქვს მიმართოს შესაბამის ორგანოს შემაკავებელი ან დამცავი ორდერის გამოცემის მოთხოვნით, სოციალური მუშაკიც ემატება.

გარდა ამისა, დღეს მოქმედი რეგულაციის თანახმად, შინაგან საქმეთა სამინისტრო ვალდებულია პენიტენციური დაწესებულების მიერ მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე დაუყოვნებლივ შეატყობინოს მსხვერპლს მის მიმართ ძალადობის ჩამდენი პირის (მოძალადის) პენიტენციური დაწესებულებიდან გათავისუფლების, გაქცევის თუ თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების გარეთ ხანმოკლე გასვლის შესახებ. კანონპროექტით პოლიციის აღნიშნული ვალდებულება ფართოვდება და მას ინფორმირებასთან ერთად, ასევე დაეკისრება მსხვერპლის მიმართ ძალადობის განმეორების რისკის შეფასება და შესაბამისი პრევენციული ზომების მიღება.

პოლიციის თანამშრომელი უფლებამოსილი იქნება გაესაუბროს მსხვერპლს, დაადგინოს მისი დამოკიდებულება მსჯავრდებული პირის მიმართ, მოიპოვოს ინფორმაცია მსჯავრდებულის დამოკიდებულების შესახებ მსხვერპლისადმი სასჯელის მოხდის პერიოდში, პენიტენციური დაწესებულებიდან გამოითხოვოს მსჯავრდებულის ინდივიდუალური შეფასების ანგარიში, ასევე მოიპოვოს ინფორმაცია, რომელიც შეიძლება მნიშვნელოვანი იყოს ძალადობის განმეორების საფრთხის შესაფასებლად. ძალადობის განმეორების რისკის შეფასების შემდეგ, თუ იარსებებს შემაკავებელი ორდერის გამოცემის საფუძველი, პოლიციელი უფლებამოსილი იქნება საკუთარი ინიციატივით მიიღოს გადაწყვეტილება შემაკავებელი ორდერის გამოცემის შესახებ.

mazda magti 5g