სპეციალური პენიტენციური სამსახური N5 პენიტენციურ (ქალთა) დაწესებულებაში ორი ბრალდებულის კორონავირუსით ინფცირების შესახებ განცხადებას ავრცელებს.
მათივე ცნობით, ბრალდებულებს, ინფიცირებულ ექთანთან ჰქონდათ კონტაქტი.
„მიმდინარე წლის 25 მარტს N5 პენიტენციურ (ქალთა) დაწესებულებაში ჩატარებული სწრაფი ანტიგენის ტესტით შემოწმების საფუძველზე ორ ბრალდებულს დაუდასტურდა covid-19. ინფიცირებული პირების მდგომარეობა სტაბილურია. ისინი მედპერსონალის მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებიან და შესაბამის სამედიცინო მომსახურებას იღებენ სამოქალაქო სექტორის კლინიკაში. აღსანიშნავია, რომ ორივე ბრალდებულს უშუალო შეხება ჰქონდა ამავე დაწესებულების ექთანთან, რომელსაც 20 მარტს ვირუსი დაუდასტურდა.
რაც შეეხება ინფიცირებული პირების კონტაქტებს, ისინი PCR ტესტებით შემოწმდნენ და ყველა პასუხი უარყოფითია. ისინი დაწესებულებაში არსებულ საკარანტინო სივრცეში მედპერსონალის მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებიან და მას ორი კვირის შემდეგ, განმეორებითი PCR ტესტირების შედეგად დატოვებენ“,- ვკითხულობთ პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
