ქართლის ქარის ელექტროსადგურის მიერ მიმდინარე წლის იანვრის თვეში წარმოებულმა და მიწოდებულმა ელექტროენერგიამ 7 123 340 კილოვატ საათი შეადგინა, რაც 723 000 კილოვატ საათით აღემატება იანვრის თვის საპროგნოზო გამომუშავებას. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდი ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, ქართლის ქარის ელექტროსადგურის ჩართვის დღიდან გამომუშავებული და მიწოდებული ელექტროენერგია შეადგენს 103 923 000 კილოვატ საათს.
შეგახსენებთ, საქართველოში ქარის პირველი ელექტროსადგური „ქართლი“ 2016 წლის შემოდგომიდან ფუნქციონირებს. ის გორისა და ქარელის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარეობს. პროექტი საქართველოს „ენერგეტიკის განვითარების ფონდის” და ”საქართველოს ნავთობის და გაზის კორპორაციის” შვილობილმა კომპანია შპს „ქართლის ქარის ელექტროსადგურმა“ განახორციელა. ელექტროსადგურის დადგმული სიმძლავრე 20,7 მეგავატია.