პარტია “გირჩის” ერთ-ერთი ლიდერის, იაგო ხვიჩიას განცხადებით, საზოგადოება მათ პოზიციას – პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით მალე გაიგებს. რაც შეეხება მედიატორის, კრისტიან დანიელსონის მიერ წარდგენილ დოკუმენტს, რომელიც ევროსაბჭოს პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა ოპოზიციასა და მმართველ გუნდს გუშინ წარუდგინა, ხვიჩიას თქმით, “გირჩი” დოკუმენტს ხელს მხოლოდ იმ შემთხვევაში მოაწერდა, თუკი ამას ყველა ოპოზიციური პარტია გააკეთებდა.
„პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით, საზოგადოება ჩვენ გადაწყვეტილებას ძალიან მალე ნახავს. ჩვენ გვექნება პოზიცია და ყველა დაინახავს, რასაც ვფიქრობთ. დოკუმენტს იმ შემთხვევაში მოეწერებოდა ხელი, თუ ყველა მხარე მოაწერდა ხელს. „გირჩის“ პოზიცია ისედაც გასაგებია,” – განუცხადა “ინტერპრესნიუსს” იაგო ხვიჩიამ.
ჩაშლილი შეთანხმება – დანიელსონი ბრიუსელში ისევ ხელცარიელი წავიდა
დევიდ კრამერი და იან კელი მიიჩნევენ, რომ საქართველოში შექმნილი კრიზისის მოსაგვარებლად ევროკავშირის კეთილშობილური, თუმცა, ჯერჯერობით უშედეგო ძალისხმევა აშშ-მა უნდა განამტკიცოს.
ცნობისთვის, იაგო ხვიჩიამ სოციალურ ქსელში, „გირჩის“ მხარდამჭერების ჯგუფში გამოკითხვა დაიწყო შეკითხვაზე – უნდა შევიდეს თუ არა „გირჩი“ პარლამენტში. როგორც ხვიჩიამ სააგენტოსთან საუბარში განმარტა, მსგავსი ტიპის გამოკითხვას პერიოდულად ატარებს, რისი მიზანიც მათი მხარდამჭერების განწყობების გაგებაა.
მისივე თქმით, „გირჩის“ წევრები „ქართულ ოცნებასთან“ მოლაპარაკებებს გააგრძელებენ და ამის შემდეგ მიიღებენ გადაწყვეტილებას, შევლენ თუ არა პარლამენტში.
„გირჩი“ პარლამენტში შედიოდა იმ შემთხვევაში, თუ დაიდებოდა პროპორციული არჩევნები ბუნებრივი ბარიერით. ეს იყო ჩვენი შესვლის წინაპირობა. ჩვენ გავაგრძელებთ საუბარს “ქართულ ოცნებასთან“ და შესაბამისად მივიღებთ გადაწყვეტილებებს. საზოგადოება მალე გაიგებს „გირჩის“ გეგმების შესახებ“ , – განაცხადა ხვიჩიამ.
