LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქართული ცეკვის ლეგენდა – ფრიდონ სულაბერიძე იუბილარია

184
Untitled design (1)

24 ოქტომბერი ქართული ცეკვის ლეგენდის – ბატონ ფრიდონ სულაბერიძის დაბადების დღეა. გამოჩენილ მოცეკვავეს, ქორეოგრაფს, საქართველოს სახალხო არტისტსა და თბილისის საპატიო მოქალაქეს დღეს 84 წელი შეუსრულდა.

ბატონი ფრიდონი ანსამბლ „რუსთავის” მთავარი ქორეოგრაფი გახლავთ 1975 წლიდან – დღემდე. ანსამბლი „რუსთავი” ოფიციალურ ფეისბუკ გვერდზე დაბადების დღეს ულოცავს იუბილარს და აქვეყნებს მის მიერ საოცრად შესრულებულ ცეკვა -„აჭარულს”.

„დღეს ლეგენდარული ფრიდონ სულაბერიძე იუბილარია. საქართველოს სახალხო არტისტს, თბილისის საპატიო მოქალაქეს და ქართული ხალხური ცეკვების უბადლო შემსრულებელს 84 წელი შეუსრულდა. განუზომლად დიდია მისი ღვაწლი ანსამბლ „რუსთავის” და მთელი ქართული ქორეოგრაფიის განვითარებასა და პოპულარიზაციაში. ვულოცავთ ბატონ ფრიდონს დაბადების დღეს, ვუსურვებთ ჯანმრთელობას და დღეგრძელობას!” – წერს ანსამბლ „რუსთავის” ოფიციალური ფეისბუქ გვერდი.

გავიხსენოთ მისი განვლილი გზა, რომელიც სავსეა თავდაუზოგავი შრომითა და განსაკუთრებული მიღწევებით.

ფრიდონ სულაბერიძე დაიბადა ქ.თბილისში. ქალაქის კულტსაგანმანათლებლო სასწავლებლის დამთავრებისთანავე – 1959 წელს, მონაწილეობა მიიღო ახალგაზრდობის VII მსოფლიო სტუდენტთა და ახალგაზრდობის ფესტივალზე, სადაც ოქროს მედალი და ლაურეატის წოდება მოიპოვა. 1960 წელს საქართველოს ხალხური ცეკვის სახელმწიფო დამსახურებულ აკადემიურ ანსამბლში მიიღეს მოცეკვავე მსახიობად. მალე ანსამბლის წამყვანი სოლისტი გახდა.

ფრიდონ სულაბერიძე გამოირჩეოდა მაღალი საშემსრულებლო ტექნიკით, დღემდე სამაგალითოა მის მიერ დიდი ოსტატობით შესრულებული სოლო პარტიები – განსაკუთრებულად დასამახსოვრებელი მისი „აჭარული”, „ძველი თბილისის სურათები”, „ქართული”. 1962 წელს ჩატარდა ქართული ხალხური ცეკვების ინდივიდუალურ შემსრულებელთა პირველი რესპუბლიკური კონკურსი, სადაც მან „ქართულის” შესრულებისათვის ოქროს მედალი და პირველი ხარისხის დიპლომი დაიმსახურა. 

1975 წლიდან საქართველოს სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლ „რუსთავის” მთავარი ქორეოგრაფია გახდა. დადგა ცეკვები ჯ. და ვ. კახიძეები ოპერაში „ბარბალე”. 1957 წელს ვარნის ახალგაზრდობისა და სტუდენტთა VII საერთაშორისო ფესტივალის ლაურეატი გახდა. გასტროლებით შემოიარა 60-ზე მეტი ქვეყანა.

 2011 წელს გაიხსნა მისი ვარსკვლავი, თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზთან, ასევე დაჯილდოებულია ღირსების ორდენით. ქართული საზოგადოება ბატონი ფრიდონის მიმართ განსაკუთრებულ პატივისცემას გამოხატავს, ხალხის სიყვარული კი ხელოვანისთვის ყველაზე დიდი ჯილდოა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

Dio magti 5g