LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქართული ჩანთები მსოფლიოს 7 ქვეყანასა და ”ამაზონზე”- ხარისხის გარანტიით

683

#გააზიარე წარმატება – ამ სლოგანით დაწყებულ ბიზნესდაჯილდოებას, რომელსაც ”თიბისი ბანკი” და ”ჯეოსელი” ერთობლივად, წელს უკვე მეორედ გამართავენ, ჩანთებისა და აქსესუარების მწარმოებელი ქართული კომპანია ”გეფერინიც” შეუერთდა.

როგორც ”ფორტუნას” ”გეფერინის” დამფუძნებელმა, ილია გეფერიძემ განუცხადა, ამ ეტაპზე ქართული ბრენდის ჩანთები მსოფლიოს 7 ქვეყანაშია წარმოდგენილი. ”გეფერინის” პროდუქცია იყიდება: აშშ-ში, საფრანგეთში, შვედეთში, უკრაინაში, რუსეთში, ყაზახეთსა და აზერბაიჯანში.

”გვაქვს 36 გაყიდვის წერტილი მსოფლიოს მასშტაბით, აქედან 4 საქართველოშია წარმოდგენილი- 3 თბილისში და 1 ბათუმში. ამასთან, ჩვენი პროდუქცია განთავსებულია ონლაინ-შოპინგის უდიდეს ვებ-გვერდზე ”ამაზონი”, სადაც ”გეფერინის” ჩანთები დიდი წარმატებით იყიდება”, – განმარტა გეფერიძემ.

მისივე ინფორმაციით, ”გეფერინის” ჩანთები ტყავითა და ტყავის შემცვლელით მზადდება. კომპანიას ტყავი თურქეთიდან, შემცვლელი კი ჩინეთიდან ჩამოაქვს. ”ტყავის შემცვლელად ე.წ ეკო-ტყავს ვიყენებთ, რომელიც უმაღლესი ხარისხის ტყავის შემცვლელია. ამ მასალით დამზადებული ჩანთები ჩვენთან 45-დან 119 ლარამდე ღირს. რაც შეეხება ტყავის ჩანთებს, მათი ფასები 119-დან 299 ლარის ფარგლებშია. რაც მთავარია და უჩვეულო ქართული ბაზრისთვის, ჩვენ გავცემთ ხარისხის გარანტიასაც, ტყავის შემცვლელის ჩანთებზე- 6 თვიან გარანტიას, ტყავზე კი- 1 წლიანს”, – აღნიშნა კომპანიის დამფუძნებელმა.

როგორც ილია გეფერიძე ამბობს, ”გეფერინიმ” მიმდინარე წელს საფულეებისა და ქამრების წარმოებაც დაიწყო, რომლებიც ასევე ეკო-ტყავითა და ტყავით მზადდება. აღნიშნულ პროდუქციასაც მოყვება ხარისხის გარანტია.

ცნობისთვის, კომპანია ”გეფერინი” 2014 წელს დაარსდა. ის პირველი ქართული ბრენდია, რომელიც აწარმობს ჩანთებსა და აქსესუარებს. დამფუძნებლების სურვილი იყო, შექმნილიყო ისეთი ქართული პროდუქტი, რისი წარმოებაც საქართველოში არ არსებობდა.

”რამდენიმე თვიანი ბაზრის მოკვლევის შემდეგ, აღმოჩნდა, რომ ქალის ჩანთები მასიურად არ იწარმოებოდა საქართველოში. სწორედ აქედან გაჩნდა ჩანთების წარმოების დაწყების იდეა. იდეის განხორციელება არც თუ ისე მარტივი აღმოჩნდა, რადგან ძალიან რთული იყო ამ სფეროში გამოცდილი კადრების მოძიება. წარმოების დაყებიდან 8 თვის შემდეგ გამოვუშვით პირველი პროდუქცია. დღეს უკვე ”გეფერინს” ჰყავს ძალიან ძლიერი გუნდი, რომლებსაც ნებისმიერი სირთულის ჩანთისა, თუ აქსესუარის წარმოება შეუძლიათ”, – აღნიშნა ილია გეფერიძემ. მისივე ინფორმაციით, კომპანიის საწარმო სოფელ დიღომში მდებარეობს და აქ 42 ადამიანია დასაქმებული.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g