LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქართული ეკლესიის გამორჩეული წარმომადგენელი ჩვენი პატრიარქი, 40 წელზე მეტია, გამორჩეული ერთგულებითა და თავდადებით ემსახურება ჩვენს სამშობლოს: ღარიბაშვილი

115
ირაკლი ღარიბაშვილი

“ყოველთვის, როცა ჩვენს ერს და ჩვენს ქვეყანას ედგა მძიმე დრო, ისინი ყოველთვის მტკიცედ გამოხატავდნენ ჩვენი სამშობლოს ინტერესებს. ასეთი გამორჩეული წარმომადგენელი ჩვენი ქართული ეკლესიისა გახლავთ ჩვენი პატრიარქი, რომელიც 40 წელზე მეტია, სწორედ, გამორჩეული ერთგულებითა და თავდადებით ემსახურება ჩვენს სამშობლოს.” – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა სიონის საკათედრო ტაძარში განაცხადა.

ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის დღესთან დაკავშირებით გამართულ პარაკლისს დაესწრო და აღნიშნა, რომ ეს არის უდიდესი დღესასწაული, არა მხოლოდ ეკლესიისთვის, არამედ მთელი საქართველოსთვის.

როგორც პრემიერმა განაცხადა, სასულიერო პირები, გამორჩეული მღვდელმთავრები ქართულ ეკლესიას და სამშობლოს საუკუნეების მანძილზე თავდადებით ემსახურებოდნენ და ყოველთვის, როცა ქვეყანა მძიმე მდგომარეობაში იყო, ისინი სამშობლოს ინტერესებს ყოველთვის მტკიცედ გამოხატავდნენ:

“გილოცავთ დღევანდელ დღეს. ეს არის უდიდესი დღესასწაული, არა მხოლოდ ეკლესიისთვის, არამედ მთელი საქართველოსთვის. 104 წლის წინ, 1917 წლის 25 მარტს, ქართულმა ეკლესიამ აღადგინა ავტოკეფალია. დღეს აღვნიშნავთ ამ დიდებულ დღეს – ქართული ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენას. ჩვენ კარგად მოგვეხსენება, რომ იმ დროს ეს მოვლენა გახდა ერთგვარი გარდამტეხი ჩვენი ქვეყნის, ჩვენი ერის ცხოვრებაში. ჩვენ, როგორც ერთ-ერთი უძველესი ქრისტიანული ერი, ყოველთვის ვადიდებდით და ვადიდებთ უფალს. საუკუნეების მანძილზე ჩვენი გამორჩეული მღვდელმთავრები, სასულიერო პირები, ყოველთვის თავდადებით ემსახურებოდნენ ჩვენს ქართულ ეკლესიას და სამშობლოს. ყოველთვის, როცა ჩვენს ერს და ჩვენს ქვეყანას ედგა მძიმე დრო, ისინი ყოველთვის მტკიცედ გამოხატავდნენ ჩვენი სამშობლოს ინტერესებს.

ასეთი გამორჩეული წარმომადგენელი ჩვენი ქართული ეკლესიისა გახლავთ ჩვენი პატრიარქი, რომელიც 40 წელზე მეტია, სწორედ, გამორჩეული ერთგულებითა და თავდადებით ემსახურება ჩვენს სამშობლოს. აძლიერებს, როგორც ქართულ ეკლესიას, ისე ჩვენი ერის სულიერ სიმტკიცეს. ამიტომ მე კიდევ ერთხელ დიდი პატივისცემა მინდა გამოვხატო ჩვენი პატრიარქის მიმართ, მას მივულოცო დღევანდელი დღე, სრულიად სინოდს, ქართულ ეკლესიას, თითოეულ მართლმადიდებელ ქრისტიანს ჩვენი ქვეყნისა და ვუსურვო მას ჯანმრთელობა, დღეგრძელობა, დიდ ხანს სიცოცხლე. კიდევ ერთხელ გილოცავთ დღევანდელ დღეს, ღმერთი იყოს ჩვენი მფარველი.” – განაცხადა ღარიბაშვილმა.

სიონის საკათედრო ტაძარში პარაკლისი საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე მიტროპოლიტმა შიომ, სასულიერო პირებთან ერთად აღავლინა.

magti 5g