ნანა ექვთიმიშვილისა და სიმონ გროსის ფილმის „ჩემი ბედნიერი ოჯახი“ მსოფლიო პრემიერა სანდენსის კინოფესტივალზე მთავარ საკონკურსო პროგრამაში შედგება!
მხატვრული ფილმების საერთაშორისო კონკურსისთვის მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან სულ 12 ფილმი შეირჩა და „ჩემი ბედნიერი ოჯახი“ ამ კონკურსის ერთ-ერთი რჩეულია.
„გრძელი ნათელი დღეების“ შემდეგ, რომელიც მსოფლიოს წამყვან კინოფესტივალებზე 30-ზე მეტი ჯილდოს მფლობელია, „ჩემი ბედნიერი ოჯახი“ ნანა ექვთიმიშვილისა და სიმონ გროსის მეორე ერთობლივი ნამუშევარია. ფილმი ერთი ჩვეულებრივი ქართული ოჯახის შესახებ მოგვითხრობს, სადაც 3 თაობა ერთ ჭერქვეშ ცხოვრობს. უეცრად კი 52 წლის მარინა ოჯახიდან წასვლის გადაწყვეტილებას იღებს!
ფილმში მთავარ როლებს ია შუღლიაშვილი, მერაბ ნინიძე, ბერტა ხაფავა, ცისია ქუმსიშვილი, გიორგი ტაბიძე, გიორგი ხურცილავა, დიმიტრი ორაგველიძე და გოვენ ჭეიშვილი ასრულებენ.
სანდენსის კინოფესტივალი ამერიკის შეერთებულ შტატებში 1978 წლიდან იმართება. ის ცნობილმა ამერიკელმა მსახიობმა რობერტ რედფორდმა დააარსა და ის ამ დრომდე სანდენსის კინოფესტივალის პრეზიდენტია.
დღეს მსოფლიოში ბევრი ცნობილი რეჟისორის წარმატების დასაწყისი, ისეთების, როგორებიც არიან კვენტინ ტარანტინო, ძმები კოენები, ჯიმ ჯარმუში და სხვა, სწორდ სანდენსის კინოფესტივალს უკავშირდება.
აღსანიშნავია, რომ „ჩემი ბედნიერი ოჯახი“ კინოინდუსტრიის წახალისების სახელმწიფო პროგრამით „გადაიღე საქართველოში“ ისარგებლებს, რომელიც, წინასწარ დადგენილი კრიტერიუმების მიხედვით, ფილმის მწარმოებელი კომპანიისთვის გაწეული კვალიფიციური ხარჯის 20-25%-ს უკან დაბრუნებას გულისმობს. პროგრამას ეროვნული კინოცენტრი მეწარმეობის განვითარების სააგენტოსთან თანამშრომლობით ანხორციელებს.