კემეროვოში, სავაჭრო ცენტრში მომხდარი ხანძრის შედეგად გარდაცვლილთა შორის ქართული გვარის მასწავლებელი ტატიანა დარსალიაა.
ტატიანა სავაჭრო ცენტრში 14 წლის შვილთან, ელიასთან და მოსწავლეებთან ერთად იმყოფებოდა.
მოსწავლეები ჰყვებიან, რომ როდესაც პანიკა დაიწყო, ტატიანამ შვილი შენობიდან გარეთ გამოიყვანა და თვითონ კინოთეატრში აბრუნდა, სადაც ბავშვები იყვნენ. ცდილობდა, ისინი გარეთ გამოეყვანა, თუმცა თავადაც ვეღარ მოახერხა გამოსვლა.
გარდაცვლილი მასწავლებლის შესახებ რუსულ მედიასთან დარსალიას მოსწავლეები საუბრობენ.
“როდესაც ხედავდა, რომ ვინმე ცუდ ხასიათზე იყო, ყოველთვის მიდიოდა მასთან და მიზეზს ეკითხებოდა. მუდმივად ცდილობდა, გაჭირვების დროს სხვებს დახმარებოდა,” – ამბობს დარსალიას ერთ-ერთი მოსწავლე.
ტატიანა ვიქტორის ასული დარსალია 37 წლის იყო. ის ერთ-ერთი პირველი იყო, ვისი ცხედრის ამოცნობაც მოხერხდა.
ტატიანა კემეროვის მე-17 გიმნაზიაში ინგლისურ ენას ასწავლიდა. ამავე გიმნაზიაში სწავლობდა მისი შვილი, ელია.