მინის ჩანთების მწარმოებელი ქართული ბრენდი May რუსეთის ბაზარზე გავიდა. May-ის ჩანთები მოსკოვის ცენტრში, ერთ-ერთ პრესტიჟულ მაღაზიაში გაიყიდება.
როგორც ”ფორტუნას” May-ის დამფუძნებელმა და დიზაინერმა ნინი ზექალაშვილმა განუცხადა, რუსულ ბაზარზე ქართული ბრენდის მიმართ დაინტერესება საკმაოდ დიდია და თანამშრომლობის გაღრმავებაც იგეგმება.
გარდა ამისა, May-ის სიახლეები აქვს ადგილობრივ ბაზარზეც- ბრენდმა ხელშეკრულება გააფორმა ახალ ქართულ ატელიე Meladze Georgia-სთან.
„ამიერიდან ჩვენი ჩანთები სწორედ ამ ატელიეში შეიკერება. კერვის ის მაღალი დონე, რომელსაც Meladze Georgia გვთავაზობს, ჩვენი ჩანთების ხარისხსს საგრძნობლად გააუმჯობესებს. თუმცა, ხარისხის დახვეწის მიუხედავად, ჩანთების ღირებულება იგივე დარჩება“, – აღნიშნა ზექალაშვილმა.
მისივე ინფორმაციით, კიდევ ერთი ქართული კომპანია, რომელთანაც May ითანამშრომლებს, მაღაზიათა ქსელი Co.mode+ -ია. სპეციალურად Co.mode -ისთვის May განსხვავებული დიზაინის მინისა და ხის ჩანთებს შეკერავს, რომლებიც მაღალ საფასო სეგმენტზე იქნება გათვლილი და 150-დან 200 ლარამდე ეღირება.
ამასთან, May გეგმავს გადავიდეს მასიურ წარმოებაზე, გასცდეს თბილისის ფარგლებს და საქართველოს რეგიონებში შევიდეს. სწორედ ამ მიზნით May-მ ქუთაისსა და ბათუმში გაყიდვების აგენტი გოგონები აიყვანა.
„აღნიშნულ ქალაქებში ჩვენს ჩანთებზე დიდი მოთხოვნაა. ამიტომ, ჩვენი გოგონები იქნებიან ჩვენი შუამავლები კლიენტებთან. ისინი მოლაპარაკებებს აწარმოებენ ადგილობრივ მაღაზიებთანაც, რომლებსაც ასევე May-ის ჩანთებით მოვამარაგებთ“, – განმარტა May-ის დამფუძნებელმა და დიზაინერმა.
ცნობისთვის, May-ის მინის ჩანთები ბაზარზე 2016 წლის სექტემბრიდან გამოჩნდა და ამ დროში დიდი პოპულარობა მოიპოვა. ამასთან, May #გააზიარე წარმატება – ამ სლოგანით დაწყებულ ბიზნესდაჯილდოებშიც მონაწილეობს. ღონისძიებას ”თიბისი ბანკი” და ”ჯეოსელი” ერთობლივად, წელს უკვე მეორედ გამართავენ.