საქართველოში რთველი აქტიურ ფაზაშია. კახეთში ყურძნის მოსავლის დიდი ნაწილი უკვე დაბინავებულია. მოსავლის საპროგნოზო მაჩვენებლის ძირითადი ნაწილი 200 ათასი ტონა ყურძენი გადამუშავებულია. 29 სექტემბრის მდგომარეობით, კახეთში ღვინის საწარმოებს ყურძენი 17 ათასმა მევენახემ ჩააბარა. მათი შემოსავალი 200 მილიონ ლარს აღწევს. ყველაზე დიდი რაოდენობით ყურძენი გადამუშავებულია ყვარლის მუნიციპალიტეტში შემდეგია: გურჯაანი, თელავი, სიღნაღი და ა.შ. რთველის საკოორდინაციო შტაბში ამ დროისთვის დარეგისტრირებულია 400-ზე მეტი ღვინის კომპანია. სახელმწიფომ რთველის სუბსიდირებისთვის ბიუჯეტიდან 150 მლნ ლარი გამოყო.
ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ლევან მეხუზლა რთველის მიმდინარეობაზე და არსებულ გამოწვევებზე „ბიზნესკურიერში“ საუბრობს.
– ბატონო ლევან, გარკვეული გამოწვევები ყოველთვის არსებობს, მაგრამ რამე ისეთი, ხომ არ არის პრობლემა, რომელზედაც ღირს საუბარი? როგორ მიმდინარეობს პროცესი თქვენი შეფასებით?
რთველი საკმაოდ მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს. არაფერი განსაკუთრებული პრობლემა არ გამოკვეთილა. 200 ათას ტონაზე მეტი ყურძენი გადამუშავებულია. ამ ეტაპზე კახეთის ყველა მუნიციპალიტეტში ყურძნის აქტიური კრეფა მიმდინარეობს და იქ, სადაც ყურძენი ილევა ნელ-ნელა დასრულდება რთველი და გააქტიურდება ახმეტასა და საგარეჯოში, სადაც მოგვიანებით იწყება ხოლმე რთველი.
– მნიშვნელოვანია ის, რომ 150 მილიონი ლარია გამოყოფილი სახელმწიფოსგან სუბსიდირების სახით. რამდენიმე დღის წინ პარლამენტში ფინანსთა მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, რომ ეს ეკონომიკურად არ არის გამართლებული ნაბიჯი და სახელმწიფო შეეცდება ნელ-ნელა ამ პროცესიდან გამოვიდეს და საბაზრო ფასში ჩარევა აღარ მოხდეს. თუ გაქვთ, რაიმე გეგმა და რას გულისხმობს სუბსიდირება წელს?
სუბსიდირება, დარგში შექმნილი და ღვინის რეალიზაციასთან დაკავშირებულ პრობლემებთან არის კავშირში. ძირითადად, ეს იყო პანდემია და პოსტპანდემიური პროცესები და რა თქმა უნდა, ომი ჩვენს რეგიონში. ამ ყველაფერმა იქონია გავლენა. სუბსიდირება არ არის ეკონომიკურად გამართლებული, რადგან ეს არის ინსტრუმენტი სოციალური პასუხისმგებლობისა და დანახარჯების ანაზღაურების მიზნით, რაც გასწია მოსახლეობამ. მინიმალური ხარჯების ანაზღაურების მიზნით არის ხოლმე გამოყენებული. სუბსიდია მხოლოდ თეთრ ყურძენზე გამოიყენება და ესეც ხაზს უსვამს იმ ობიექტურ რეალობას, რადგან წითელი ყურძენი ძირითადად შეადგენს საექსპორტო პროდუქტს, რომელიც შედარებით მდგრადად ვითარდება და თვითკმარია. თეთრი ყურძენი, რომელიც არის ქართული საბრენდე სივრცეების ძირითადი კომპონენტი, ძლიერ არის დამოკიდებული ჩვენს მეზობელ ქვეყნებზე და სწორედ ამ კომპონენტშია პრობლემები, რის გამოც კვლავ გახდა საჭირო თეთრი ყურძნის კომპონენტში ჩარევა.
ჩვენ გვაქვს გეგმა, რომ 2030 წლამდე გამოვიდეთ სუბსიდიიდან საბოლოოდ. იმედი გვაქვს, რომ გარემო ვითარებები ამაში ხელს შეგვიწყობს ან არ შეგვიშლის მაინც და ამ რთველის დამთავრების შემდეგ, უახლოეს მომავალში დავიწყებთ მუშაობას იმ ფორმულაზე, რომელსაც მომავალი რთვლისთვის გამოვიყენებთ. ყურძნის ხარისხიდან გამომდინარე იქნება სუბსიდირების ინსტრუმენტი გამოყენებული.
– თქვენ ახსენეთ რეგიონში მიმდინარე ომი, ჩვენი ტრადიციული ბაზრები რუსეთი და უკრაინა, სადაც შეიძლება ითქვას, რომ ყველაზე მეტი ქართული ღვინო იყიდებოდა. რა მდგომარეობაა ექსპორტის მიმართულებით. მარტში, როდესაც ომი ახალი დაწყებული იყო ვსაუბრობდით, რომ ღვინის ექსპორტს შესაძლოა პრობლემა შეჰქმნოდა. წინა წელთან შედარებით რა მდგომარეობაა ამ მიმართულებით და ხომ არ წარმოიქმნა მართლაც პრობლემები?
ამ ეტაპზე ექსპორტი არის დაახლოებით იგივე, რაც იყო შარშან. ±1%-ს ამ შემთხვევაში არ ვგულისხმობ. ვფიქრობ, გარკვეულწილად ესეც მიღწევაა, რომ შევძელით ამ მაჩვენებლის შენარჩუნება, თუმცა ცალკეულ ბაზრებზე არის გამოწვევა და კიდევ გავიმეორებ, ეს იქიდან გამომდინარეობს, რომ ღვინის ექსპორტის 90% სტაბილურობა, სწორედ წითელი ყურძნის კომპონენტში შენარჩუნდა. ქართული საბრენდე სივრცის ექსპორტი შეიძლება ითქვას კრიზისშია, რადგან ძლიერ იყო დამოკიდებული ჩვენს მეზობელ ქვეყნებზე.
ჩვენ წლის დასაწყისში ვგეგმავდით 10%-მდე ზრდას. იანვარ-თებერვალი ღვინის კუთხითაც ძალიან წარმატებული იყო, თუმცა მარტში განვითარებულმა მოვლენებმა გაზაფხული და ადრეული ზაფხული ფაქტობრივად ჩააგდო ექსპორტის კუთხით. პირველი 2 თვის ხარჯზე შევძელით ამ სტაბილურობის შენარჩუნება.
– ამ წლის გამოწვევებიდან გამომდინარე, ალბათ უკვე სხვანაირად იგეგმება შემდეგი წელი. რა როლი ექნება სახელმწიფოს, ახალი ბაზრების ათვისების მხრივ და როგორი მოლოდინი გაქვთ უკვე შემდეგი წლისთვის? მესმის, რომ ომის პირობებში რამის პროგნოზირება რთულია, მაგრამ ყველა ამ გამოწვევის გათვალისწინებით, ალბათ სახელმწიფოს და მათ შორის მსხვილ კომპანიებს, მეღვინეებს და ბრენდის მწარმოებლებს უნდა ჰქონდეთ გარკვეული გეგმა და ალბათ თქვენც გაქვთ მუდმივი კოორდინაცია კერძო სექტორის წარმომადგენლებთან.
გამოსავალია დივერსიფიცირება, მეტი ბაზრების მოძიება, მეტი „კარების გაღება“. კიდევ უფრო გავაქტიურდებით ჩვენ, როგორც აშშ-ს მიმართულებით, ასევე შედარებით ახალი ბაზრების მიმართულებით, როგორიც არის სამხრეთ კორეა და რა თქმა უნდა, კერძო სექტორის როლი მნიშვნელოვანია. გვაქვს მარკეტინგული ხარჯებისა და სახსრების დასუბსიდირების კომპონენტი, შემოვიღეთ ეს სახელმწიფო პროგრამა, რომელშიც ამ ეტაპზე 25-30 კომპანია იღებს მონაწილეობას. ამ პროგრამის პირველი მცდელობაა და იმედი გვაქვს, რომ წარმატებული იქნება, რომელიც შემდგომ უფრო გააქტიურდება, მათ შორის კერძო სექტორი ამ მიმართულებითაც. ღვინის საერთაშორისო ბაზარი იმდენად რთული, კომპლექსური და კონკურენტუნარიანი არის, რომ მნიშვნელოვანია კერძო სექტორის და სახელმწიფოს ერთიანობა, რათა ღვინის პოპულარიზაცია და რეალიზაცია მოხდეს გლობალურ ბაზარზე.
– დაუბრუნდეთ ისევ რთველს. ვახსენეთ, რომ საპროგნოზო ნაწილის ძირითადი ნაწილი დაბინავებული და გადამუშავებულია. როგორი პროგნოზი გაქვთ მთლიანობაში, წელს რა რაოდენობის მოსავალს ველოდებით და რა შემოსავალს მიიღებენ მევენახეები.
მე ვფიქრობ, რომ წინასწარი პროგნოზი, რომელიც გაზაფხულზე გაკეთდა არ გამართლდება. უფრო მოკრძალებულია. ბუნებრივმა პირობებმა, კერძოდ გვალვამ დიდი როლი ითამაშა რიგ რეგიონებში, ამიტომ ეტაპისთვის ვფიქრობ, რომ კახეთში 250 – 270 ათასი ტონის ფარგლებში იქნება ყურძნის გადამუშავება. ზოგიერთ რეგიონში, მაგალითად საგარეჯოში ფიქრობენ, რომ უფრო მეტი იქნება ვიდრე შარშან. ფერმერების შემოსავალიც დაახლოებით 300 მილიონის ფარგლებში იქნება.
– რაჭის რთველი არის საინტერესო. „ხვანჭკარა“, როგორც ბრენდი ძალიან ცნობილია, არამხოლოდ საქართველოში, არამედ საზღვარგარეთაც, როდის იგეგმება რაჭაში რთველი და სხვა რეგიონებში როგორი პროგნოზია?
რაჭის რთველი, ტრადიციულად 10 ოქტომბრის შემდეგ დაიწყება ალბათ. ამ კვირის მონაცემებით, რაჭაშიც ყურძენი არ არის იმ კონდიციაში, რაც მოეთხოვება „ხვანჭკარის“ დამზადებას. სოფლის მეურნეობის სამინისტროს მეშვეობით ვატარებთ ყოველკვირეულ და მონიტორინგს, გვაქვს კომუნიკაცია კერძო სექტორთან, იმ ქარხნებთან, რომლებმაც ეს ყურძენი უნდა გადაამუშაონ. უახლოეს მომავალში შესაბამისი განკარგულებაც გამოვა. რაც შეეხება საპროგნოზო მოსავალს, ისევ და ისევ გვალვის და არასახარბიელო კლიმატური პირობების გამო, არ ველოდებით უფრო მეტს, ვიდრე შარშან იყო. შეიძლება ითქვას, ოდნავ შემცირდება კიდეც საბოლოო ჯამში. 1700 დონემდე დაიკრიფა შარშან. წელს 1500-დან 1700-მდე ველოდებით საბოლოო ჯამში მოსავალს.