საქართველოს ეროვნულმა ბანკმა პირველი ქართული ეროვნული საფოსტო მარკის გამოშვების 100 წლის საიუბილეო თარიღის აღსანიშნავად, 5 ლარის ნომინალის ვერცხლის საკოლექციო მონეტა გამოუშვა. 1919 წლის 26 მაისს, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსების პირველი წლისთავის აღსანიშნავად, მიმოქცევაში გამოვიდა პირველი ქართული ეროვნული საფოსტო მარკა 10 კაპეიკის ნომინალით.
საქართველოს ეროვნული ბანკი ამ ღირსშესანიშნავ თარიღს 5 ლარის ნომინალის საკოლექციო დანიშნულების ვერცხლის მონეტის გამოშვებით ეხმაურება.
ახალი საკოლექციო მონეტა დღეს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ წარუდგინა საზოგადოებას.
მონეტა პოლონეთის ზარაფხანაში მოიჭრა, მისი სარეალიზაციო ფასი 90 ლარია და გაყიდვა 2019 წლის 6 მაისიდან დაიწყება.
მონეტის ავერსის მთავარ კომპოზიციას წარმოადგენს 1919 წელს გამოცემული 10 კაპეიკის ნომინალის პირველი ქართული საფოსტო მარკა და ასევე, ამავე სერიის კიდევ ოთხი ნომინალის (40კ; 50კ; 60კ; 70კ) მარკის ფრაგმენტი, რომლებიც ერთმანეთისგან გამოყოფილია ინკრუსტირებული კიდეებით.
მონეტის რევერსის მთავარ კომპოზიციას წარმოადგენს დალუქული კონვერტი, როგორც გზავნილი საქართველოდან მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში და ასევე, წერტილებით სტილიზებული მსოფლიო რუქა. კონვერტის ლუქის ბეჭედზე გამოსახულია ნომინალის აღმნიშვნელი ციფრი ლარის სიმბოლოსთან ერთად “5₾”. მონეტაზე დატანილია, ასევე, წარწერები “საქართველო”, “Georgia”; “1919 – 2019”, “5 ლარი”.
ნომინალი: 5 ლარი
შემადგენლობა: Ag 925
წონა: 15.5 გ
ზომა: 33 X 27 მმ
წიბო: გლუვი
ხარისხი: პრუფი
მოჭრის რაოდენობა: 1500 ცალი
გამოშვების წელი: 2019
დიზაინის ავტორი: ნიტა გონგაძე
მონეტების შეძენა შესაძლებელი იქნება როგორც ეროვნული ბანკის საკასო ცენტრსა (მისამართი: თბილისი, კახეთის გზატკეცილი N72) და ფულის მუზეუმში (მისამართი: ყვარელი, რუსთაველის ქ. N10) ისე ეროვნული ბანკის ვებგვერდზე განთავსებული ონლაინმაღაზიის მეშვეობით.