ევროკავშირის ინტელექტუალური საკუთრების უწყების მონაცემთა ბაზებში საქართველოში რეგისტრირებული ნიშნების ძიება უკვე შესაძლებელია.
როგორც ”ფორტუნას” ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრიდან აცნობეს, საქპატენტის სასაქონლო ნიშნები და დიზაინების მონაცემთა ბაზები ევროკავშირის ინტელექტუალური საკუთრების უწყების (EUIPO) მონაცემთა ბაზებში TM View და DS View-ში ინტეგრირდა.
დღეიდან უცხოელ მომხმარებლებს საშუალება აქვთ საქართველოში რეგისტრირებული ნიშნების შესახებ ინფორმაცია ევროკავშირის ინტელექტუალური საკუთრების უწყების ვებ-გვერდზე მიიღონ. გარდა ამისა, მომხმარებლები შეძლებენ EUIPO-ს მონაცემთა ბაზებში ძიებას ქართული ინტერფეისის გამოყენებით.
”საქპატენტი” ასევე, მიუერთდა TMclass-ის პროგრამას, რომელიც საქონლისა და მომსახურების ჩამონათვალის 42 ენაზე ძიების და თარგმნის საშუალებას იძლევა.
პროგრამა ოფიციალურად დღეს ”საქპატენტის” ოფისში EUIPO-ს აღმასრულებელი დირექტორის ანტონიო კამპინოსის ბიზნესსექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრის დროს გაეშვა.
EUIPO-სა და ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრს – საქპატენტს შორის თანამშრომლობა 2015 წელს გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში ხორციელდება, რომელიც მონაცემთა ბაზების ინტეგრაციასთან ერთად, ქართველი ექსპერტების კვალიფიკაციის ამაღლებას, სასაქონლო ნიშნების და დიზაინის სახელმძღვანელოების შემუშავებაში დახმარებას და საქპატენტის სასწავლო ცენტრთან თნამშრომლობას ითვალისწინებს.
როგორც ”საქპატენტში” აცხადებენ, EUIPO-სთან თანამშრომლობა, რომელიც ერთი განაცხადის საშუალებით ევროკავშირის ტერიტორიაზე სასაქონლო ნიშნებსა და დიზაინებს არეგისტრირებს, ხელს შეუწყობს საქართველოში ინტელექტუალური საკუთრების სისტემის განვითარებას და „ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებით“ (DCFTA) აღებული ვალდებულებების შესრულებას.
