სუპერმარკეტების ქსელი „მაგნიტი“ თანამშრომლებისთვის ანაზღაურების გაზრდას გეგმავს. საკითხზე „მაგნიტის“ აღმასრულებელმა დირექტორმა ია ნადირაშვილმა „საქმიანი დილის“ ეთერში ისაუბრა.
მისი თქმით, სექტორში მთავარ გამოწვევად, ამ დროისთვის, კადრების დეფიციტი რჩება. „მნიშვნელოვანი გამოწვევა კადრების დეფიციტია, ამას პანდემიამაც შეუწყო ხელი. აღსანიშნავია, რომ პირველი იანვრიდან საშუალო ხელფასს საკადრო ნაწილში 62%-ით გავზრდით” – განმარტავს „მაგნიტის” აღმასრულებელი დირექტორი.
ია ნადირაშვილმა 2021 წელიც შეაჯამა და თქვა, რომ „მაგნიტის” შემოსავლები გასულ წელთან შედარებით 45%-ით გაიზარდა. მისივე განმარტებით, პანდემიური კრიზისული პერიოდისა და სხვადასხვა ხარჯის გაზრდის მიუხედავად, „მაგნიტმა” შეძლო და 2021 წელს 40-მდე ახალი მაღაზია გახსნა, ამასთან, განავითარა ორი ახალი კონცეფციის: „მაგნიტი მაქსის” და „მაგნიტი პლუსის” მიმართულებები.