USAID საქართველომ და „რითეილ ასოციაციამ“, რომელიც საქართველოს მასშტაბით 12 სასურსათო ქსელურ მარკეტს აერთიანებს, ადგილობრივი წარმოების მხარდასაჭერად თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს.
მემორანდუმი ქართული ნაწარმის ქსელურ სუპერმარკეტებში მოსახვედრად, ადგილობრივი ბიზნესის ხელშეწყობას ისახავს მიზნად. ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში USAID საქართველო და „რითეილ ასოციაცია“ ქართული პროდუქციის უკეთ რეალიზაციისა და მასზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, სხვადასხვა აქტივობას განახორციელებენ. მათ შორის, „რითეილ ასოციაციის“ მხრიდან ადგილობრივ მეწარმეებს ტრენინგების მეშვეობით სრულად მიეწოდებათ ინფორმაცია საცალო ვაჭრობისა და ქსელურ მაღაზიებთან თანამშრომლობის სპეციფიკის შესახებ. ტრენინგები კოვიდ რეგულაციების შესაბამისად, პროგრამა Zoom-ის მეშვეობით ჩატარდება და შემდეგ „რითეილ ასოციაციისა“ და USAID საქართველოს „ფეისბუქ“ გვერდებზე გასაჯაროვდება, რათა ყველას ჰქონდეს მასზე წვდომა.
ამასთან, „რითეილ ასოციაცია“ და USAID საქართველო წარუძღვებიან კამპანიას „ქართულია და კარგია“, რომლის ფარგლებშიც, სასურსათო ქსელური სუპერმარკეტები ადგილობრივი პროდუქციისთვის თაროებს სპეციალურად გამოყოფენ.
როგორც „რითეილ ასოციაციის“ გამგეობის თავმჯდომარე მირანდა მანჯგალაძე განმარტავს, საზოგადოების ნაწილში არსებობს მოსაზრება, რომ ადგილობრივი წარმოებისთვის ქსელურ მარკეტები მიუწვდომელია, რადგან ისინი ვერ აკმაყოფილებენ გარკვეულ სტანდარტებს. მისი თქმით, აღნიშნული მოსაზრება წარმოადგენს მითს და პროექტის ფარგლებში ადგილობრივი მეწარმეები ამაში დარწმუნდებიან.
„რითეილ ასოციაციაში“ შემავალი 12-ვე წევრი, ბუნებრივია, ყველა მეწარმესთან ინდივიდუალურად გაივლის კონსულტაციას. ეს იქნება ორ მხარეს შორის კომერციული გარიგება და ჩვენ უზრუნველვყოფთ, რომ მათ შორის დიალოგი შედგეს და შეთანხმებას მიაღწიონ“, – აღნიშნავს მირანდა მანჯგალაძე.
მისივე თქმით, პირველ ეტაპზე, სუპერმარკეტების თაროებზე მოხვდება არამალფუჭებადი პროდუქცია, მოგვიანებით კი ჩამონათვალი უფრო მრავალფეროვანი გახდება.