წინდების მწარმოებელმა ქართულმა კომპანია AlterSocks-მა საკუთარი პროდუქციის გაყიდვა ე.წ ვენდინგ აპარატით დაიწყო. აღნიშნულთან დაკავშირებით კომპანია ინფორმაციას საკუთარი ”ფეისბუქის” ოფიციალურ გვერდზე ავრცელებს.
„წარმოგიდგენთ ალტერსოქსის პირველ და საქართველოში არსებულ ერთადერთ წინდების ვენდინგ მანქანას. ჩვენი ვენდინგი 24/7-ზე მუშაობს თბილისის საერტაშორისო აეროპორტში, ასე რომ უცხოეთში გამგზავრებისას უკვე მარტივად, პირდაპირ აეროპორტიდან შეგიძლიათ გაიყოლოთ ფერადი „ალტერსოქსები” თქვენთვის, ან საჩუქრად”, – აცხადებენ კომპანიაში.
ცნობისთვის, ”ალტერსოქსი” 2016 წლის მარტის ბოლოს დაარსდა. კომპანია დააფუძნეს მეუღლეებმა: ნინა მენთეშაშვილმა და რეზი ბესელაშვილმა. ”ალტერსოქსი” აწარმოებს ფერად, მხიარულ და ორიგინალურ წინდებს, როგორც ქართული თემატიკით, ასევე გამოყენებული აქვს მსოფლიო მხატვრობა, ტრენდული თემატიკა და ა.შ. ამჟამად ”ალტერსოქსის” ბრენდის ქვეშ 80-მდე სახეობის წინდა და გეტრი იწარმოება. ბრენდის პროდუქცია იყიდება თბილისში მსხვილ სავაჭრო ცენტრებში, (თბილისი მოლი, პიქსელი, სითი მოლი საბურთალო, სითი მოლი გლდანი და ისთ ფოინთი) ასევე ქუთაისსა და ბათუმში.