LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქართველ მეწარმეებს ასწავლინ, როგორ მოარგონ პროდუქტი ევროპის ბაზრის მოთხოვნებს

77

”DCFTA ადაპტაციის პროგრამა” და ”მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარება და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცე საქართველოში” – ეს ის ორი პროექტია, რომელიც დღეს ევროკავშირმა და ეკონომიკის სამინისტრომ წარადგინეს.

”DCFTA ადაპტაციის პროგრამის” ფარგლებში ”ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი” უზრუნველყოფს ცოდნის გაზიარებას, ინდივიდუალურ ბიზნეს კონსულტაციებს, რაც საერთაშორისო ბაზარზე ქართული საწარმოების კონკურენტუნარიანობის ამაღლებას ითვალისწინებს.

პროექტის ინიციატორების განცხადებით, პროგრამა დაეხმარება კომპანიებს მოერგონ ახალ ბიზნესრეგულაციებს, სურსათის უსაფრთხოებასა და ჰიგიენურ სტანდარტებს.

მეორე პროექტს – ”მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარება და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცე საქართველოში” ”გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება” (GIZ) ახორციელებს და მისი მიზანია ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის გავითარებასთან დაკავშირებული ინსტიტუციური რეფორმების დანერგვის მხარდაჭერა.

”DCFTA ადაპტაციის პროგრამისთვის” ევროკავშირი 4,5 მლნ ევროს, ხოლო GIZ-ის პროექტისთვის 5 მლნ ევროს გამოყოფს.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძის განცხადებით, ევროკავშირის კიდევ ერთი DCFTA ხელშეწყობის პროგრამა ითვალისწინებს სესხების გაცემას.

”ევროკავშირმა სამ ქვეყანას – საქართველოს, მოლდოვას და უკრაინას გამოუყო 200 მლნ ევრო, რომელიც EBRD-ს საშუალებით კერძო ბანკებს გადაეცემათ და ბანკების მიერ მოხდება სესხების გაცემა. სესხის მაქსიმალური მოცულობა არის 2 მლნ ლარი, ხოლო გრანტის სახით, დამატებით გაიცემა აღებული სესხის 15%” – აღნიშნა არველაძემ.

magti 5g