საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე მეექვსე საავტორო სკოლასთან არსებულ ბავშვთა შერეული გუნდის “პატარა გეორგიკას” წევრებს უმასპინძლებს და ესპანეთში ხელოვნებისა და მუსიკის საერთაშორისო ფესტივალ-კონკურსში გამარჯვებას პირადად მიულოცავს.
კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, 2015 წლის ნოემბერში მეექვსე საავტორო სკოლასთან არსებულმა ბავშვთა შერეულმა გუნდმა “პატარა გეორგიკა” ქალაქ ლორეტ დე მარში საერთაშორისო ფესტივალ-კონკურსის – The Place Of Holiday პირველი პრემიის ლაურეატი გახდა.
“პატარა გეორგიკა” არაერთი საერთაშორისო ფესტივალისა და კონკურსის გამარჯვებულია. 2013 წელს გუნდი ბულგარეთში, ხელოვნების ახალგაზრდული კონკურსის “MUZITE” მეორე ადგილის მფლობელი გახდა, ხოლო 2014 წელს საგუნდო სიმღერის ეროვნულ კონკურსზე პირველი პრემია მოიპოვა. ამავე წელს “პატარა გეორგიკამ” მონაწილეობა მიიღო საერთაშორისო საგუნდო ფესტივალში.
მეექვსე საავტორო სკოლასთან არსებული ბავშვთა შერეული გუნდი “პატარა გეორგიკა” 2010 წელს დაარსდა და 6-დან 15 წლამდე ასაკის მოზარდებს აერთიანებს”, – აცხადებენ კულტურის სამინისტროში.