საქართველოს 20 წლამდე მორაგბეთა ნაკრებმა მსოფლიო რაგბის ჩემპიონატისთვის მზადება სპეციალური ოპერაციების ძალებში საწყისი საბრძოლო მომზადების გავლით დაიწყო. ახალგაზრდა მორაგბეებმა სამდღიანი მენტალური გამძლეობის კურსი სპეციალური დანიშნულების სასწავლო ცენტრში, მუხროვანის ბაზაზე გაიარეს.
სწავლებაში სხვადასხვა სარაგბო კლუბების 46 ახალგაზრდა მოთამაშე იყო ჩართული. ფსიქოლოგიური და ფიზიკური გამძლეობის წვრთნებს სასწავლო ცენტრის ინსტრუქტორები ხელმძღვანელობდნენ.
სამი დღის განმავლობაში ახალგაზრდა მორაგბეებმა საკაცეებითა და ტყვია-წამლით სავსე ყუთებით 7 და 12 კილომეტრიანი მარში განახორციელეს. კომპლექსურ ვარჯიშებთან ერთად მორაგბეებს წინაღობათა ბილიკის გადალახვა, მორების და ტომრების თავზევით გადაკიდება, 15 კგ-იანი ტომრების სროლა, წყლით სავსე 200 ლიტრიანი ტევადობის კასრებისა და საბურავების გორაობა მოუხდათ.
ფიზიკური და ფსიქოლოგიური ვარჯიშების გარდა მოთამაშეებმა პირველადი სამედიცინო დახმარების მცირე კურსი გაიარეს და ავტომატური შაშხანის „აკ-74“ ტაქტიკურ-ტექნიკურ მახასიათებლებს გაეცნენ. ღამის განმავლობაში მორაგბეებს მოულოდნელად მოუხდათ განგაშით ადგომა და აღჭურვილობით მოწყობა.
მენტალური გამძლეობის კურსი ახალგაზრდა მორაგბეებისთვის შეიარაღებულ ძალებში უკვე მეორედ იმართება.