LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქართველი სამხედროებისთვის მახათას მთაზე ახალი უბნის მშენებლობა იწყება

140
ბახტაძე

ქართველი სამხედროებისა და მათი ოჯახებისთვის მახათას მთაზე ახალი უბნის მშენებლობა იწყება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ  განაცხადა.

პროექტის პრეზენტაცია პრემიერმა დღეს თავდაცვის მინისტრთან ერთად გამართა. პროექტი, რომელიც სამხედრო მოსამსახურეების სოციალური პირობების გაუმჯობესებას ისახავს მიზნად, სახელმწიფოს თანადაფინანსებით განხორციელდება.

მამუკა ბახტაძის შეფასებით, საქართველოს ღირსეული შვილების – სამხედრო მოსამსახურეების შესაბამისი პირობებით უზრუნველყოფა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

პირველ ეტაპზე პროექტში 700-მდე სამხედრო მოსამსახურე ჩაერთვება, მომავალში კი ეს რიცხვი 2000-მდე გაიზრდება.

„საბოლოო ჯამში, მთავრობის ამოცანაა, ყველა ადამიანს, რომელიც მსახურობს საქართველოს თავდაცვის ძალებში, ჰქონდეს რწმენა იმისა, რომ სახელმწიფო აკეთებს ყველაფერს, რათა მათ შრომა, თავდადება და სამშობლოსადმი ერთგულება დაუფასდეთ. ბოლო წლების განმავლობაში ჩვენ შრომის ანაზღაურება გავუზარდეთ თავდაცვის უწყებაში დასაქმებულ ჯამში 2 200-ზე მეტ სამხედრო მოსამსახურესა და სამოქალაქო პირს. 2019-2020 წლებში დამატებით 9 000-მდე სამხედრო მოსამსახურესა და სამოქალაქო პირს გავუზრდით ხელფასს. საერთო ჯამში ბოლო 4 წლის განმავლობაში სახელფასო ანაზღაურების ზრდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და თავდაცვის ძალებში 11 000-ზე მეტ ჩვენს მოქალაქეს შეეხო“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

პრემიერ-მინისტრმა სამხედროებს თავდაცვის ძალების დღე მიულოცა. მამუკა ბახტაძემ ხაზი გაუსვა საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში მონაწილე ქართველი სამხედროების განსაკუთრებულ როლს და აღნიშნა, რომ ყველა პარტნიორის შეფასებით ისინი მოწინავეები არიან. მთავრობის მეთაურმა სამხედროებს მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ მათი ასეთი წარმატება საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

„ნებისმიერი ერის სახელმწიფოებრივი აზროვნება განისაზღვრება იმით, თუ რა დამოკიდებულება აქვს მას თავისი ჯარის, თავისი ჯარისკაცების მიმართ, იმ ხალხის მიმართ, რომლებიც თავიანთი სიცოცხლის ფასად, ერთგულად იცავენ ქვეყნის თავისუფლებას, სუვერენინტეტსა და უსაფრთხოებას. ჩვენ ვაშენებთ ჯარს, რომელიც პირველ რიგში იქნება მშვიდობის გარანტი. ჩვენ ვაშენებთ ჯარს, რომელიც ყოველთვის მზად იქნება, უპასუხოს ყველა სახის გამოწვევას“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

სამხედროებისთვის განკუთვნილი ახალი უბანი თავდაცვის სამინისტროს ბალანსზე არსებულ ტერიტორიაზე აშენდება. საცხოვრებელი ფართების მშენებლობა „ამხანაგობის“ პრინციპით განხორციელდება და ბინის საფასურის 40%-ს სახელმწიფო დაფარავს.

mazda magti 5g