თბილისში, ნატო ვაჩნაძის #7-ში სოციალური საწარმოების პროდუქციის მაღაზია/შოურუმი, სახელწოდებით „ესკი“ გაიხსნა.
„ესკი“ სოციალური კონცეფციის მაღაზიაა, რომელმაც პირველად გააერთიანა ქართველი სოციალური მეწარმეების პროდუქცია ერთ სივრცეში.
მაღაზია დაეხმარება იმ სოციალურ საწარმოებს, რომლებსაც შეზღუდული ფინანსების გამო არ აქვთ საკუთარი სივრცე პროდუქციის სარეალიზაციოდ. დამატებით, შოურუმი გაზრდის ცნობადობას თითოეული სოციალური საწარმოს შესახებ, რაც მომავალში ხელს შეუწყობს სოციალურ საწარმოებსა და კერძო სექტორს შორის თანამშრომლობის გაღრმავებას.
ამ ეტაპზე მაღაზია/შოურუმში 20 სოციალური საწარმოს პროდუქციაა წარმოდგენილი და ის მზარდია.
სოციალურ საწარმოთა ალიანსის აღმასრულებელმა დირექტორმა სალომე კუსიანმა „ფორტუნას“ გადაცემაში „ბიზნესკურიერი“ სტუმრად გიორგი კეპულაძესთან „ესკის“ შესახებ ისაუბრა.
– სალომე, ჩვენი გადაცემა ხშირად უთმობს ხოლმე სოციალურ მეწარმეებს ეთერს და თქვენი ალიანსის მუშაობაც მნიშვნელოვანია კოორდინაციის და ბევრი სხვა მიმართულებით. რამდენიმე სოციალურ საწარმოს მე რაც ვიცი, თავისი მაღაზია აქვს, მაგრამ ზოგს არ აქვს საშუალება. ალბათ უფრო აქედან წამოვიდა ეს იდეა, რომ გაგეხსნათ საერთო მაღაზია მათთვის.
კი, ნამდვილად ასე იყო. საქართველოში სოციალური მეწარმეობა უკვე 10 წელია, რაც ვითარდება და როდესაც სფეროს განვითარებამ იმ საფეხურს მიაღწია, რომ უკვე საკმაოდ ხარისხიანი პროდუქცია იქმნებოდა, ასევე მომხმარებლების და გარემოს მხრიდან საკმაოდ მაღალი დაინტერესება წამოვიდა. ზოგადად, სოციალური მეწარმეობის განვითარებაზე მომუშავე ორგანიზაციებმა და მათ შორის, სოციალური საწარმოთა ალიანსმა დაინახა საჭიროება, რომ ერთ სივრცეში გაეერთიანებინა სოციალური საწარმოების პროდუქცია, რათა ყველა დაინტერესებულ პირს, როგორც კერძო, ისე სამოქალაქო სექტორიდან საშუალება ჰქონოდა ადგილზე ენახა, რა პროდუქცია იქმნება სოციალურ საწარმოებში, ზოგადად ვინ არიან სოციალური მეწარმეები და რა ტიპის სოციალური მისიები დგას მათ უკან.
სწორად აღნიშნეთ, რომ რამდენიმე სოციალურ საწარმოს ვისი პროდუქციაც ჩვენთან არის განთავსებული მათ აქვთ დამოუკიდებელი მაღაზია და მომხმარებელს შეუძლია, რომ მათთან მივიდნენ, თუმცა ამავე დროს, მათ გვერდით არის მრავალი სოციალური საწარმო, რომლებიც რეგიონებში საქმიანობენ და მათ ნამდვილად არ აქვთ შეზღუდული ფინანსების გამო საშუალება, რომ თბილისში, ტურისტულად მიმზიდველ უბანში ჰქონოდათ შოურუმი, სადაც თავიანთ მომხმარებლებს ეტყოდნენ, რომ მობრძანდით, დაათვალიერეთ და პროდუქციის მოწონების შემთხვევაში მომხმარებლები საკუთარ სოციალურ შენაძენს გააკეთებდნენ.
ამ მაღაზიამ, სწორედ ასეთი ტიპის სოციალური საწარმოებისთვისაც გააჩინა დამატებითი სარეალიზაციო სივრცე და ამავე დროს, როგორც თქვენ აღნიშნეთ, გარემო, რომელიც უფრო მეტს უყვება მომხმარებელს სოციალური დატვირთვის მქონე პროდუქციაზე და ზოგადად სოციალურ მეწარმეობაზე.
– მე ვიყავი თქვენი მაღაზიის გახსნაზე და დავათვალიერე, მრავალფეროვანი პროდუქცია გაქვთ. სათამაშოდან დაწყებული, ძვირფასი ხელნაკეთი ნივთებით დამთავრებული ყველაფერი გვხვდება. საინტერესოა, რამდენად არის დაინტერესებული მომხმარებელი, თუ მოდიან, ყიდულობენ და რა კატეგორიის მომხმარებლები არიან, ტურისტები თუ ქართველებიც?
მადლობა გიორგი, რომ გვეწვიე მაღაზიის გახსნაზე. პროდუქცია ნამდვილად მრავალფეროვანია. ერთ-ერთი გამოწვევა იყო, იმდენად ეფექტურად გადანაწილებულიყო პროდუქცია, რომ მომხმარებელი არ დაბნეულიყო.
ამ ეტაპზე მაღაზიას ძირითადად, ტურისტები სტუმრობენ. მაღაზია ჯერჯერობით ახალი გახსნილია და ქართველმა მომხმარებელმა, თუ იმ ქუჩაზე არ გაივლის ნაკლებად იცის „ესკის“ შესახებ, თუმცა ამავე დროს გვყავს ისეთი ტიპის ქართველი მომხმარებლებიც, რომლებიც შემოდიან და სასიამოვნოდ გაოცებულები გადიან უკან, რადგან არ მოელოდნენ, რომ სოციალურ საწარმოებში საკმაოდ მაღალი ხარისხის, მრავალფეროვანი ხელნაკეთი პროდუქცია იქმნებოდა. მას შემდეგ, რაც ისინი იგებენ სოციალური მისიების შესახებ და იმ ადამიანების შესახებ, რომლებიც თითოეული ნივთის უკან დგას, მათი დამოკიდებულება უფრო დადებითი ხდება და სოციალური მისიები და დატვირთვა უბიძგებთ მათ იმისკენ, რომ პროდუქცია შეიძინონ.
– ძალიან კარგი. ერთია, რომ ადამიანი რაღაცას ყიდულობ და მეორე, როდესაც დამატებით იღებს ინფორმაციას ზოგადად სოციალური მეწარმეობის და პასუხისმგებლობის, ასევე კარგ ნივთსაც ყიდულობს და წაიღებს სახლში. სალომე რამდენადაც ვიცი, ამ პროექტის განხორციელება საკმაოდ შრომატევადი იყო. ვინ იყო ჩართული პროექტის განხორციელებაში, ვინ დაგეხმარათ და როგორ მიხვედით საბოლოო სახემდე?
შრომატევადი პროცესი იყო. მინდა აღვნიშნო, რომ ევროკავშირი არის ერთ-ერთი პირველი მხარდამჭერი ზოგადად, საქართველოში სოციალური მეწარმეობის განვითარების და ამ პროექტსაც სწორედ ევროკავშირმა დაუჭირა მხარი.
ჩვენი მაღაზია გაიხსნა, საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის ხელმძღვანელობის მიმდინარე პროექტის ფარგლებში, ეს არის „სოციალური მეწარმეობის განვითარება მდგრადი და ინკლუზიური საზოგადოებისათვის“ და დამატებით, ჩვენთვის ძალიან სასიხარულოა ის ფაქტი, რომ ამ მაღაზიის გახსნაში წვლილი შეიტანა, როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორმა.
საჯარო სექტორიდან თბილისის მერია არის ფინანსური მხარდამჭერი. ხოლო პრო-ბონო კონსულტაციის ფარგლებში, სარეკლამო სააგენტო „Saatchi & Saatchi“ იყო ის ორგანიზაცია, რომელმაც იზრუნა “ესკის” ბრენდინგზე.
სამი სექტორის თანამშრომლობით, საკმაოდ მნიშვნელოვანი პროდუქტი დაიდო ქართულ ბაზარზე.
– ალბათ გაქვთ იმედი, რომ უფრო და უფრო წარმატებული გახდება და შემდეგ შეიძლება გაფართოებაც დასჭირდეს მაღაზიას.
ამ ეტაპზე ჩვენს სამომავლო გეგმებშია, რომ მაღაზიას ჰქონდეს თავის e-commerce პლატფორმა და გვსურს, მომდევნო 1 თვის განმავლობაში ვიმუშაოთ იმაზე, რომ მომხმარებლებს შევუქმნათ კომფორტი და დისტანციურადაც შეძლონ პროდუქციის დათვალიერება და ამავე დროს შესყიდვა. პანდემიამ გვაჩვენა, რომ მზად უნდა ვიყოთ ნებისმიერი მოცემულობისთვის, რომ ბიზნესმა საქმიანობა არ გააჩეროს და პირველ ეტაპზე მოვიაზრებთ e-commerce პლატფორმის ამუშავებას.
მოგვიანებით, შესაძლოა 1 ფილიალი ვიხილოთ ბათუმშიც, მაგრამ ეს ნაადრევი გეგმაა. უნდა აღინიშნოს, რომ ამ პერიოდმა, რაც თბილისში მაღაზია გაიხსნა გვაჩვენა, რომ დაინტერესება ძალიან დიდია და შეგვიძლია ვიფიქროთ გაფართოებაზე.
– და ბოლოს გკითხავთ, თქვენი ორგანიზაციის, სოციალურ საწარმოთა ალიანსის სამომავლო გეგმებზე. როგორც ვიცი, ყოველწლიური ტრადიციული ფორუმისთვის უკვე დაიწყეთ მომზადება, როგორ ჩაივლის წელს, რა გეგმები გაქვთ, თუ შეგვიძლია რაღაცებზე საუბარი წინასწარ.
სოციალურ საწარმოთა ალიანსი ყოველწლიურად ორგანიზებას უწევს, ფაქტობრივად სფეროში ერთადერთ ღონისძიებას, რომელიც ერთ სივრცეში უყრის თავს სოციალურ მეწარმეებსა და დაინტერესებულ პირებს.
წელს ღონისძიება გაიმართება 17 ნოემბერს და დაემთხვევა სოციალური მეწარმეობის საერთაშორისო დღეს. იმედს ვიტოვებთ, რომ წელს მოგვეცემა საშუალება ღონისძიება offline რეჟიმში ჩატარდეს და პირისპირ შევხვდეთ ერთმანეთს. ამ ეტაპზე გამოცხადებული გვაქვს წლის სოციალური საწარმოს ნომინაციაზე აპლიკაციების მიღება და 25 სექტემბერს იწურება ვადა. 17 ნოემბერს, ფორუმზე ერთად გამოვავლენთ წლის სოციალურ საწარმოს.
ამ დღეს ტრადიციულად, განვიხილავთ სფეროში არსებულ მიღწევებს, რომ გავაცნოთ აუდიტორიას სოციალური მეწარმეები და ამავე დროს ვისაუბროთ საჭირო თემებზე, რაც სოციალურ მეწარმეებს უდგათ დღის წესრიგში.