LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქეთათო კრიტიკოსებს პასუხობს – „უკაცრავად, რომ ვფლობ და ვიცავ საავტორო უფლებას ირაკლი ჩარკვიანის შემოქმედებაზე…“

59

ქეთათო ჩარკვიანი პასუხობს კრიტიკას, რომელიც ირაკლი ჩარკვიანის შემოქმედების დამფასებლებისა და მოყვარულებისგან მიიღო. საქმე ისაა, რომ ჯაბა შავიშვილმა, რომელიც ბოლო ექვსი წელია, „იუთუბზე“ საკუთარი არხით ქართული მუსიკის, მათ შორის, ირაკლი ჩარკვიანის შემოქმედების პოპულარიზაციას ეწეოდა და ამ არხზე ამ მუსიკოსის არაერთი ნამუშევარი აქვს დადებული. ქეთათომ კი „იუთუბს“ წერილი მისწერა და ჯაბას არხს გაუქმება ემუქრება. ირაკლი ჩარკვიანის ქვრივი აპირებს, თავად გააკეთოს ოფიციალური გვერდი, სადაც ირაკლი ჩარკვიანის შესახებ არსებული მასალები აიტვირთება. ქეთათოს ამ ნაბიჯს არ უწონებენ ჯაბას არხის მოყვარულები, რომლებიც მიიჩნევენ, რომ თავის დროზე ჩარკვიანის მუსიკას მან დიდი პოპულარიზაცია გაუწია და ფლობს ბევრ საინტერესო და საარქივო მასალას.

ქეთათომ მისადმი მიმართულ კრიტიკას ახლახან სოციალურ ქსელში ვრცელი სტატუსით უპასუხა და დაწერა:

„მეგობრებო, ძალიან გული მწყდება იმაზე, რომ საკმაოდ მარტივი საკითხი იუთუბზე განთავსებულ არაავტორიზებულ ვიდეოებთან დაკავშირებით, რომელიც ყოველგვარი გართულების გარეშე იუთუბის სივრცეშივე უნდა მოგვარებულიყო ჩემთან ელ.ფოსტის საშუალებით მარტივი წერილის მოწერით, ერთ-ერთი არხის მფლობელმა სოციალურ ქსელში გადაიტანა და უამრავი ადამიანი შეჰყავს შეცდომაში: თითქოს მე მისი არხის გაუქმება მსურს და ეს ადამიანებიც დაუზარელად გამოთქვამენ ჩემი პიროვნების შეურაცხმყოფელ მოსაზრებებს.

საქმე იმაშია, რომ კეთდება ირაკლის და ჩემი ოფიციალური არხი იუთუბზე, MepeKetato Official, სადაც აიტვირთება ყველა მასალა, რაც გამოვეცით ირაკლის სიცოცხლეში და მისი გარდაცვალების შემდგომ, ხოლო იუთუბის ყველა სხვა არხზე მასალა განთავსდება მხოლოდ ჩემი თანხმობით, ვინაიდან მე ვარ საავტორო უფლების მფლობელი. ასეთია წესი მთელს მსოფლიოში და ყველას შეუძლია გაეცნოს იუთუბის ინსტრუქციას ვიდეომასალის ატვირთვის წინ, ასევე საქართველოს კანონს საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ, ბერნის კონვენციას, საავტორო უფლებების შესახებ ისმის ხელშეკრულებას და სხვა სამართლებრივ დოკუმენტებს საავტორო უფლებების დაცვის შესახებ.

ნებისმიერ საავტორო უფლებების მატარებელ ვიდეოზე, რომელსაც ტვირთავთ იუთუბზე, იღებთ პასუხისმგებლობას, რომ ფლობთ საავტორო უფლებას და საჩივრის შემთხვევაში მზად ხართ დაიცვათ თქვენი უფლებები; საპირისპიროს აღმოჩენის შემთხვევაში, იუთუბი უფლებამოსილია და ვალდებულია საავტორო უფლებების კანონმდებლობის შესაბამისად მოახდინოს რეაგირება, რაც შეიძლება გამოიხატოს კონკრეტული ვიდეოს, ან მთლიანად არხის დაბლოკვაში. ამას ყველა კეთილსინდისიერი არხის მფლობელი აცნობიერებს.

როდესაც დავიწყე ჩვენი ნამუშევრების ატვირთვა, რამდენიმე კომპოზიციაზე მე თვითონ მომივიდა საჩივარი, რომ თითქოს-და მე ამის გაკეთების უფლება არ მქონდა, რადგან სხვის მიერ იყო ატვირთული და მითვისებული საავტორო უფლება, რის სანაცვლოდაც სხვადასხვა არხი იღებდა და ჯერ კიდევ იღებს სარეკლამო შემოსავალს იუთუბისგან. რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, იუთუბისთვის მომიწია მტკიცებულებების წარდგენა, რომ ამ სიმღერებზე საავტორო უფლებები მე მეკუთვნის. ყველას შევახსენებ, რომ არტისტის გარდაცვალების შემდეგ 70 წლის განმავლობაში საავტორო უფლება ეკუთვნის მის ოჯახს; მხოლოდ ამ დროის გასვლის შემდგომ ხდება ის საყოველთაო.

ახლა მოკლედ იმაზე, თუ როგორი რეაგირების პროცედურაა იუთუბზე საავტორო უფლებების თაობაზე საჩივრის მიღებაზე, რითაც ამ კონკრეტულ არხის მფლობელს უნდა ეხელმძღვანელა: როდესაც იუთუბზე შექმნილ რომელიმე არხის მფლობელს მისდის საჩივარი საავტორო უფლებების დარღვევის თაობაზე, მას ეძლევა 7-დღიანი გონივრული ვადა იმისთვის, რომ ან დაამტკიცოს საკუთარი საავტორო უფლება ამა თუ იმ კომპოზიციაზე, ან აიღოს არალიცენზირებული პროდუქცია იუთუბიდან, ან მიმართოს იუთუბზე მითითებული მეილის საშუალებით საავტორო უფლებების მფლობელს და თხოვოს უნებართვოდ განთავსებული ვიდეოს აღების სანაცვლოდ საჩივრის გამოთხოვნა.

ეს პროცედურა არ გულისხმობს საავტორო უფლებების მფლობელთან პირად შეხვედრას, ან ნაცნობ-მეგობრულად მასთან პირად კონტაქტზე გასვლას. პროცედურის დაცვით, მართებულად და კეთილსინდისიერად მოიქცა რამდენიმე არხის მფლობელი, რომლებმაც მეილის საშუალებით მთხოვეს ვიდეოს აღების სანაცვლოდ საჩივრის გამოთხოვნა, რაც გავაკეთე არაერთი არხის შემთხვევაში.

სამწუხაროა, რომ ერთ-ერთი არხის მფლობელი ასე არ მოიქცა, იუთუბისგან მიცემულ ვადაში პირველ 2 საჩივარზე რეაგირება არ მოახდინა, ხოლო მესამე საჩივარზე უკვე იუთუბმა ავტომატურად მოახდინა არხის ბლოკირება და ამაში ჩემი დადანაშაულება უადგილოა. არხის დაბლოკვის მიუხედავად, მას კიდევ ჰქონდა საშუალება, რომ მოეწერა ამ საკითხთან დაკავშირებით, რაც მან სამწუხაროდ, არ გააკეთა. ამ კონკრეტული არხის მფლობელმა რატომღაც გადაწყვიტა განესაჯაროებინა ეს საკითხი სოციალურ ქსელში და ექცია ისტერიული შეურაცხყოფის თემად.

უკაცრავად, რომ ვფლობ და ვიცავ საავტორო უფლებას ირაკლი ჩარკვიანის შემოქმედებაზე და როდესაც ოფიციალური არხის გახსნა გადავწყვიტე იუთუბზე, ყველასგან სათითაოდ არ ავიღე ნებართვა“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g