სოციალურ ქსელში „პირველი არხის“ ჟურნალისტი, ქეთი თუთბერიძე გვთავაზობს ჩანახატს, რომელთაც კორონავირუსის ვაქცინაზე მომუშავე მეცნიერებს უძღვნის და წერს:
„წარმოიდგინეთ, რომ ხართ პირობითად ქალი (კაციც შეიძლებოდა დამეწერა, მაგრამ ქალზე მინდა დავწერო). შენი მშობლები ბევრს მუშაობენ, იხდიან გადასახადებს, ფუფუნებით გათამამებული არ ხარ და არც ახლა აქვთ საშუალება ჰარვარდის, სტენფორდის ან ემორის უნივერსიტეტებში სწავლა დაგიფინანსონ, მაგრამ თავად ხარ ისეთი ჭკვიანი და მიზანდასახული, რომ სტიპენდიანტი ხდები და აბარებ საოცნებო უნივერსიტეტში. ყოველი გამოცდის წინ ათენებ ღამეებს, იკლებ გართობას, ბიჭებსაც კი იშვიათად ხვდები. სულის სიღრმეში გიჩნდება განცდა, რომ იმდენად ღირებული უნდა შექმნა, კაცობრიობა გადაარჩინო, შენი სახელი მეცნიერებას დაუტოვო. უნივერსიტეტს წარმატებით ამთავრებ და ლაბორატორიაში იწყებ მუშაობას. მერე ვიღაც შეგიყვარდება, დაქორწინდებით, ბავშვს გააჩენ. დედისგან შორს ცხოვრობ, დიდ ქალაქში და დამხმარე არ გყავს, ქმარი სამსახურშია, ბავშვი ტირის, მშობიარობის შემდგომი დეპრესია გიმწვავდება, სულ გეტირება, შენ თავს ვერ იტან, შვილი გიყვარს, მაგრამ გტანჯავს შიში, რომ დედობას ვერ გაუწევ და ამ მძიმე ემოციების გამო სინდისი გღრღნის შიგნიდან. ასე გრძელდება თვეების განმავლობაში. სულ უფრო ხშირად ფიქრობ, რომ მთელი შენი შრომა და მიზნები მღვრიე წყალში ჩაიხრჩო. ბოლოს დეპრესიას მაინც უმკლავდები და სამსახურს იწყებ. ახალ სამუშაო გარემოსთან შეგუება გიჭირს. სინდისი გაწუხებს, რომ ყურადღებას აკლებ ბავშვსაც, მაგრამ მიზანი უცვლელია – სამყაროს უკეთესობისკენ შეცვლა. არ იცი როგორ, მაგრამ უჯრედის დონეზე გრძნობ, ეს შენი მისიაა, შენ ხომ მეცნიერი ხარ?! ამისთვის წვალობ, კვლევებს ატარებ გუნდთან ერთად. რამდენჯერმე შენიშნეს შენი ცოდნა, ნიჭი და მონდომება. რთულად, მაგრამ წინ მიიწევ. ასე გრძელდება წლები და ერთ დღესაც სადღაც შორეულ აზიაში ვირუსი ღამურაში მუტაციას იწყებს, შუალედური ცხოველის გავლით ადამიანზე გადადის და უხანური “შავი ჭირის” ეპოქა იწყება. და შენ… გადაღლილი მეცნიერი ქალი, სექსიც რომ იშვიათად გაქვს, ზოგჯერ შვილს დაძინებამდეც რომ ვერ უსწრებ სახლში, შენს გუნდთან ერთად ვაქცინის შექმნაზე იწყებ მუშობას. მიკროსკოპში შენი სამყარო გაქვს, სხვებისთვის შეუცნობელი და უხილავი, იდუმალი და თან, იდეალური სიზუსტით შესწავლილი. პირველი, მეორე და მესამე კლინიკური კვლევებიც წარმატებით სრულდება და შენი გუნდის ქმნილება FDA-ისა და WHO-ს ავტორიზაციას იღებს. შენი ქმნილება მილიონობით მოხუცისთვის დედამიწაზე სიკვდილს დროებით აჩერებს. და შენ ახლა ყოველ დილით ანარეკლში უყურებ ქალს, რომელმაც პანდემიური სიკვდილი მოატყუა. ახლა უკვე ყველა გათენებული ღამე გეამაყება და იცი, რომ შვილისთვის მოკლებული დღეებით შენი შვილი იამაყებს… რადგან მილიონობით სხვა ბავშვი ობლობისგან იხსენი.
ამ დროს სადღაც, დედამიწის მეორე კუთხეში, ვიღაცები ნაყიდი დიპლომებით, სინტაქსურად გაუმართავი წინადადებებით, შიმპანზეზე დაბალი IQ-თი, სამყაროს შესახებ ზღვარგადასული უმეცრებით, მეცნიერებაზე ნულოვანი წარმოდგენით, შენს იმ ქმნილებას, – თეთრი ღამეები რომ შეალიე, შხამს და ეშმაკის ჩიპს უწოდებენ. ამაზე დიდი აბსურდი თუ გსმენიათ სადმე?!
8 კლასის განათლების მქონენო, მეცნიერებზე უკეთ ვერ გეცოდინებათ ვერც ბიოლოგია და ვერც ვირუსოლოგია!!! აიცერით“.