LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქიმიოთერაპია მიტარდება,შევდივარ ამ ძალიან დიდ და მძიმე ბრძოლაში – ლევან ვასაძეს ძვლის ტვინის უიშვიათესი დაავადება დაუდგინდა

7027
ლევან ვასაძე

ბიზნესმენი და პოლიტიკოსი ლევან ვასაძე ვიდეომიმართვას ავრცელებს და საკუთარი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ საუბრობს.

როგორც ვასაძე ამბობს, დაუდგინდა ძვლის ტვინის უიშვიათესი დაავადება და ახლა მეორე საეჭვო დაავადებაზე ელოდება პასუხს, რომელიც, ასევე, შესაძლოა დაუდასტურდეს.

მისი თქმით, მკურნალობა არ არის სტაციონარული და ეს გრძელი, რამდენიმეთვიანი ქიმიოთერაპიის პროცესია. ვასაძის განცხადებით, გასულ კვირას უკვე ჩაუტარდა ქიმიოთერაპიის პირველი სეანსი:

“თავი მოვალედ მიმაჩნია, მოგახსენოთ ჩემი მიმდინარე მკურნალობის სტატუსი. თქვენ იცით, უკვე ორი თვეა, დამემართა იშვიათი დაავადება, რომლის დადგენა და დიაგნოსტიკა ძალიან ძნელი აღმოჩნდა. გამოვიცვალე 5 საავადმყოფო: ორი თურქეთში და 3 მოსკოვში, სანამ არ მივედი იმ დიაგნოზამდე, რომელსაც დღეს დავასახელებ და კიდევ ველოდები ერთ დიაგნოზს.

ამჟამად ჩემს დაავადებას ჰქვია AL ტიპის ამილოიდოზი. ის ჩნდება ძვლის ტვინში და იწვევს ტოქსიკური ცილების გამოყოფას, რომლებიც ილექება სხვადასხვა ორგანოში და არის სიცოცხლისთვის სახიფათო. მე ამჟამად დაზიანებული მაქვს მხოლოდ გული. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე იშვიათი დაავადება მთელს მსოფლიოში. ამ ტიპის შეძენილი ამილოიდოზი ემართება 1 მილიონ ადამიანში  ორ კაცს.

ის არ არის გენეტიკური ჩემს შემთხვევაში, რაც ჩემთვის, როგორც მრავალშვილიანი მამისთვის იყო ძალიან მნიშვნელოვანი. ანუ ეს დაავადება მე არ მომდგამს გენეტიკურად, ეს სხვა ტიპია და ის არ გადავა ჩემს შთამომავლობაზე.

თუ არ ვუმკურნალე გავრცელდება სხვა ორგანოებზე. მკურნალობის პირველი ეტაპი გულისხმობს ქიმიოთერაპიას რამოდენიმე თვე. გასულ კვირას უკვე ჩამიტარდა ქიმიოთერაპიის პირველი სეანსი.” – ამბობს ვასაძე.

ლევან ვასაძე ვიდეომიმართვაში ამბობს, რომ პანდემიიდან გამომდინარე, მის მდგომარეობაში აუცილებელია ვირუსს განერიდოს და გადაწყვიტა, რომ მოსკოვში იმკურნალოს. მისი თქმით, ყოველ კვირა ექნება ქიმიოთერაპია, რომელიც მიმართულია ძვლის ტვინში  დაავადებასთან ბრძოლაზე.

ვასაძე დაავადებაზე საუბრის დროს აღნიშნავს, რომ მეორე ბიოფსიის შედეგად გაჩნდა ეჭვი მეორე დაავადებაზე – მიელომაზე და ახლა ელოდება შედეგებს. ლევან ვასაძის თქმით, თუ მრავალჯერადი მიელომა დაუდასტურდა, შეიძლება აღმოჩნდეს, რომ იგი არის გარე ზემოქმედების შედეგი:

“თუ დამიდგინდა, ეს კიდევ უფრო იშვიათი შემთხვევაა, რადგან ორი ერთად კაცს დაეტაკოს ასე უცებ – ძალიან იშვიათია. საგულისხმოა ის, რომ მიელომას, თავადაც შეგიძლიათ ნახოთ, ერთ-ერთ გამომწვევ მიზეზად უწერია დასხივება და რადიაციული მოწამვლა.

რადგანაც მე, მაღალი ალბათობით, მაქვს მიელომას ნიშნები, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ იგი არის შედეგი, რისი შედეგია ჩვენ ვერ დავამტკიცებთ ვერასდროს, მაგრამ შეიძლება აღმოჩნდეს, რომ იგი არის გარე ზემოქმედების შედეგი.” – ამბობს ბისნესმენი.

ლევან ვასაძემ ვრცელ მიმართვაში ასევე აღნიშნა, რომ ბევრი საეჭვო საქმე არ არის გამოძიებული და ახლა არც მას აქვს იმედი, რომ ეს თუ გარე ზემოქმედების შედეგია – გამოიძიებენ:

“თუ პროკურატურას დააინტერესებს ჩემი დიაგნოზების ქრონიკა, მე ყველაფერი მაქვს… უბრალოდ წესრიგისთვის, მე მზად ვარ ვითანამშრომლო ჩვენს საგამოძიებო ორგანოებთან, თუ ისინი ჩათვლიან ამას საგულისხმოდ და საჭიროდ და გადავუგზავნო საბუთები თბილისში.” – თქვა მან.

ვიდეომიმართვაში ვასაძე აღნიშნავს, რომ მის მდგომარეობას წამყვანი მედიასაშუალებები იუმორისტულ გადაცემებს უძღვნან და ამბობს, რომ ის ყველას შეუნდობს.

ბოლოს კი აღნიშნავს, რომ უკან დახევას არ აპირებს არც საზოგადოებრივ საქმიანობაში და არც პოლიტიკაში და რამდენადაც შეძლებს, ყველანაირ საქმიანობას გააგრძელებს:

“ვიცი, რომ ბევრი დამცინის. წამყვანი მედიასაშუალებები იუმორისტულ გადაცემებს უძღვნის ჩემს მდგომარეობას. ყველას გთხოვთ, რომ არ გაუყადროთ თავი ამ სამწუხარო “ქაჯურ კულტურას” ჩვენი საზოგადოების ნაწილისა, რომლისთვისაც წმინდა არაფერი არსებობს. მე ყველას შევუნდობ და ღმერთმა ყველას გონება გაუნათოს.

მე შევდივარ ამ ძალიან დიდ და მძიმე ბრძოლაში მხნედ და კაცურად. მაქვს უფლის იმედი, ჩემი ოჯახის თანადგომის იმედი. მადლობას ვუხდი ყველას, ვინც ამდენ კეთილ სურვილს მითვლის. მე არ ვაპირებ დანებებას, თუ იქნება “ძლევაი საკვირველი” და უფლის ნებით ამ ორთავა ურჩხულს თავს მოვუგრეხ – ხომ კარგი, მე ამის იმედი მაქვს.

გაგიკვირდებათ და მე არ ვაპირებ უკან დახევას არც ჩემს საზოგადოებრივ საქმიანობაში, ეს ჩემს ხასიათსა და ქართულ ჯიშ-ჯილაგში არ არის. თუ ეს მომიწყვეს, მე ამას ვერასდროს გავიგებ – ღმერთმა შეუნდოთ და უფალმა დამიცვა, რომ დღემდე ცოცხალი ვარ. თუ ეს უფალმა დაუშვა ჩემს თავზე როგორც განსაცდელი – დიდება მის სახელს და მის წყალობას.

რამდენადაც შევძლებ, გავაგრძელებ ჩემს ყველანაირ საქმიანობას პოლიტიკურის ჩათვლით. ამ დღეებში მე მექნება ზარი ჩემს კოლეგებთან. ჩვენ წინ დიდი გეგმები გვაქვს და ამ გეგმის განხორციელებაში შეიძლება რომელიმე მეომარი ან წინამძღოლი დაეცეს, ან უფლის ან გარე შეტევის გამო, მაგრამ ერს ვერავინ დააშინებს, ვერ მოკლავს და უკან ვერავინ დაახევინებს.” – ამბობს ლევან ვასაძე.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g