ქობულეთში მდებარე ბაღები რძის ნაწარმის გარეშე – უკვე ათი დღეა 29-ვე ბაღში აღსაზრდელების კვების რაციონში რძის პროდუქტები აღარ შედის. კარაქი, ყველი, ხაჭო, ხაჭაპური, რძე და მაწონი ბურღულეულითა და ბოსტნეულით ჩანაცვლდა.
როგორც აღმოჩნდა, მიზეზი ტენდერში გამარჯვებული და დამარცხებული კომპანიების დაპირისპირებაა. შპს “ჯი აი სი ჯორჯიამ”, რომელმაც ტენდერი წააგო, ბაგა-ბაღების გაერთიანების სააგენტოს გადაწყვეტილება გაასაჩივრა.
კომპანიებს შორის დაწყებული დავის გამო სატენდერო პროცედურები შეჩერდა. შესაბამისად, ბაღებიც აღარ მარაგდება პროდუქტით. რუსთავი 2 ავრცელებს ინფორმაციას, რომ ბავშვების მშობლებმა ეს ინფორმაცია მათგან გაიგეს.
ბაღების გაერთიანება, ტენდერში მონაწილე კომპანიის საჩივარს 4 თებერვალს განიხილავს. პროცესის დასრულებამდე კი, ბაგა-ბაღების 3000-ზე მეტ აღსაზრდელს კვება კორექტირებული მენიუს მიხედვით მოუწევთ.