ტურისტული სეზონისთვის, ქობულეთის შემოვლითი გზის მეორე მონაკვეთის მშენებლობა დასრულდა და 18 კილომეტრიანი გზა ექსპლუატაციაში დღეიდან შევიდა. ქობულეთის ზღვისპირა ზოლიდან სატრანზიტო მოძრაობა ახალ გზაზე გადაერთო. ახალი გზა თბილისიდან ბათუმამდე მგზავრობის დროს 20-30 წუთით ამცირებს.
ქობულეთის შემოვლით გზაზე 2 გვირაბი და 15 ხიდი აშენდა, მათ შორის არის სოფ. საჩინოსთან, საქართველოში, ამ დროისთვის ყველაზე გრძელი ხიდი, რომლის სიგრძე 1 180 მეტრია. ქობულეთის შემოვლითი გზის პირველი მონაკევთის მშენებლობა 2014 წელს დასრულდა, პირველი და მეორე მონაკვეთები ჯამში 31.7 კილომეტრია, რაც ქობულეთის ზღვისპირა ზოლს სრულად განტვირთავს სატრანზიტო მოძრაობისგან.
შემოვლითი გზის გახსნის ღონისძიებას, საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე, ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი და აჭარის მთავრობის მეთაური ზურაბ პატარაძე ესწრებოდნენ.
პროექტი აზიის განვითარების ბანკმა (ADB) დააფინანსა და მისი სახელშეკრულებო ღირებულება 209 852 079 ლარი იყო.