1-ელ ივნისს თაკო მელიქიშვილის და ანზორ ოდიშარიას გადაცემას „გზაჯვარედინი“ ეზოთერიკოსი ნინა სუსლოვა სტუმრობდა, რომელმაც ქორწინებაზე, ქორწინების თარიღის და საქორწინო ბეჭდის სწორად შერჩევაზე ისაუბრა.
დღეს ქორწინებაზე, საქორწინო ბეჭდებზე და ქორწილის თარიღის შერჩევაზე ვისაუბრებთ…
ნინა სუსლოვა: ქორწილის დაგეგმვისას ძალიან ბევრი ისეთი მნიშვნელოვანი დეტალია, რასაც აუცილებლად უნდა მივაქციოთ ყურადღება. პირველი ეს არის თარიღის შერჩევა, ეს ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია, რადგან სწორმა დრომ, სწორად შერჩეულმა თარიღმა შეიძლება ჩვენი ბედი შეცვალოს.
თვესაც მნიშვნელობა აქვს თუ მხოლოდ რიცხვს უნდა მივაქციოთ ყურადღება?
რა თქმა უნდა. ქორწილისთვის ყველაზე კარგია კუროს პერიოდი, ასევე სასწორისაც. რაც შეეხება უშუალოდ თარიღს, არის კონკრეტული დღეები, როცა ძალიან კარგია ქორწილის თარიღის ჩანიშვნა. 7, 1, 19, 21 დადებითი რიცხვებია ქორწილისთვის. არ დანიშნოთ ქორწილი შემდეგ რიცხვებში: 10, 20, 16, 30, 13. აღნიშნულ რიცხვებს ნეგატიური დატვირთვა აქვს და არავინ იცის, როგორ განვითარდება ამ დღეს ჩატარებული ქორწილი. ამ რიცხვებში უმჯობესია თავი შეიკავოთ არა მარტო ქორწილის, არამედ ნებისმიერი მნიშვნელოვანი საქმის დაგეგმვისგან. რასაც 0 ურევია, ყველაფერი ნულდება და შესაბამისად უკვე რისკის ქვეშ დგას. 13 და 16 არ არის სასურველი, რადგან ამ დღეების ენერგია ცოტა ქაოსური, გარდამავალია. რა თქმა უნდა, ჩვენ ზოგადად განვიხილავთ თარიღებს, ზემოთ ჩამოთვლილი რიცხვები ზოგადად ითვლება დადებითად და უარყოფითად და შესაძლებელია კონკრეტული ადამიანის შემთხვევაში, რიცხვების საერთო კომბინაცია გამოვიდეს უარყოფითი და კონკრეტულ ადამიანს კონკრეტულ დღეს დაემთხვეს ცუდი თარიღი.
აღნიშნეთ, რომ კუროს პერიოდი კარგია ქორწილისთვის, მე ხშირად პირიქით მსმენია მაისზე, გამიგია, რომ არ არის დადებითი თვე ქორწილისთვის…
ნახევარი მაისის, ანუ ტყუპების პერიოდი არ არის სასურველი პერიოდი ქორწილისთვის, რადგან ტყუპები ძალიან ქაოსურები, ცვალებადები, მერყევები არიან და შესაბამისად, ამ ენერგიის გადმოსვა შეიძლება მოხდეს ოჯახის შექმნის დროს. კუროს პერიოდი დადებითია, რადგან ერთ-ერთი ყველაზე სტაბილური ნიშანია და შესაბამისად, ამ პერიოდში შექმნილი ოჯახიც სტაბილური იქნება. მშვილდოსნის და ვერძის პერიოდიც არ არის დიდად სასურველი ქორწილისთვის.
არსებობს ისეთი წყვილი, რომელთა დაბადების თარიღებითაც მიხვდით, რომ ისინი ვერ შეეწყობოდნენ ერთმანეთს, რაც არ უნდა კარგი თარიღი შეერჩიათ ქორწილისთვის?
რა თქმა უნდა, არსებობენ თავსებადი და არათავსებადი პარტნიორები. ურთიერთობა ყველასთან შესაძლებელია, მთავარია რამდენად სასარგებლოა ეს ჩვენთვის და რამდენად ჰარმონიული. რეალურად, როდესაც წყვილი დგება, მათ ურთიერთობას სწორი განვითარება უნდა ჰქონდეს, მათ უნდა განავითარონ ერთმანეთი, დაეხმარონ ერთმანეთს წარმატების მიღწევაში და არა პირიქით. შეიძლება ორი ადამიანიდან არცერთი იყოს წარმატებული, მაგრამ ოჯახის შექმნის შემდეგ, ორივემ წარმატებას მიაღწიოს. ეს ნიშნავს, რომ მათი კავშირი სწორად და კარგად შედგა. ძალიან ხშირად პირიქითაც ხდება 2 წარმატებული ადამიანი ქმნის ოჯახს და შემდეგ ორივე მათგანი კარგავს იმ წარმატებას, რაც მანამდე ჰქონდათ. ასეთ შემთხვევაში მათი ენერგეტიკა კი არ ავსებს ერთმანეთს და კი არ ეხმარება, არამედ აზიანებს.
როგორ უნდა შევარჩიოთ სწორად საქორწინო ბეჭედი?
ზოგადად უმჯობესია და სწორია თუ ორივე პარტნიორის ბეჭედი ერთნაირი იქნება. რაც უფრო გლუვია ბეჭედი, ნიშნავს, რომ ქორწინებაც ასეთი იქნება, უპრობლემო და მშვიდი. ზოგადად საქორწინო ბეჭედი სიყვარულის თილისმაა. ბეჭედთან დაკავშირებით არის მინიშნებები, რომელთაც ყურადღება უნდა მიაქციოთ. ბეჭდის დაკარგვისას, უნდა დაფიქრდეთ ღირს თუ არა ამ ნაბიჯის გადადგმა და იმ კონკრეტულ ადამიანზე დაქორწინება. დაკარგვის შემთხვევაში, ძალიან ცუდია თუ ვერ იპოვით ამ ბეჭედს, რადგან ეს მიუთითებს იმაზე, რომ დიდია ოჯახის დანგრევის ალბათობა. რა თქმა უნდა, ასეთ დროს გამოსავალიც არსებობს, თქვენ თავიდან უნდა დაამზადებინოთ ბეჭედი, ოღონდ ორივე ადამიანისთვის უნდა დამზადდეს ახალი ბეჭედი. ბეჭდის დაკარგვა ჯანმრთელობის პრობლემაზეც მიუთითებს, შესაძლოა რაღაც პრობლემა ჰქონდეს იმ ადამიანს, რომელმაც ბეჭედი დაკარგა ან შესაძლოა ეს მიანიშნებდეს იმაზე, რომ ურთიერთობა გაცივდა, რომელიმე პარტნიორის მხრიდან.
ადამიანები ხშირად ლომბარდიდან ყიდულობენ უკვე დამზადებულ საქორწინო ბეჭდებს, რომელიც მანამდე სხვა ადამიანს ეკუთვნოდა. ეს რამდენად სწორია?
ლოგიკურადაც რომ შევხედოთ, რადგან ადამიანმა ბეჭედი დაალომბარდა, ესე იგი, მას უჭირდა და სჭირდებოდა ამის გაკეთება, ანუ ის ბეჭედი გარკვეულ წილად უკვე არის ნეგატივის, უარყოფითი ენერგიის მატარებელი და ეს ცუდი ენერგია შემდეგ მყიდველზე გადავა. ყველაზე კარგია თუ თავად დაამზადებინებს წყვილი ბეჭედს.
გადაცემის აუდიოჩანაწერი
“გზაჯვარედინი”. მეთოთხმეტე გადაცემა – სტუმრად ეზოთერიკოსი ნინა სუსლოვა