თბილისში, სამი წლის წინ, გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვლილი 12 წლის ანი იანუშაიტიტეს დედა პრემიერ-მინისტრს, ირაკლი კობახიძეს მიმართავს და მასთან შეხვედრას ითხოვს.
ნატო ხუტაშვილი „TV პირველის“ გადაცემა „დღის ამბებთან“ საუბრისას ამბობს, რომ მისი სურვილია, პრემიერ-მინისტრმა საქმე პირად კონტროლზე აიყვანოს.
„მოკლეს 12 წლის ბავშვი, თუმცა საქმეს არ ჰყავს ბრალდებული. ეს კი გამოწვეულია იმ ტყუილით, რაც პირველივე დღეს გავრცელდა, რომ ბავშვი თითქოს ერთჯერადი სუპის გადაცდენით გარდაიცვალა”- აღნიშნავს გარდაცვლილი მოზარდის დედა.
ნატო ხუტაშვილის თქმით, არ ტარდება ეფექტური გამოძიება:
„არ ტარდება ეფექტური გამოძიება, არ იკითხებიან მოწმეები… სახეზეა, ალბათ, დანაშაულებრივი არაკომპეტენტურობა ან მიზანმიმართული მავნებლობა. ეს უნდა გაარკვიოს სახელმწიფომ. ნაცარს მაყრიან თავალებში! არ ვიყრი, თუმცა შედეგი მაინც არ მაქვს. როცა გეუბნებიან, რომ ფრჩხილში გაჭედილი თმა „გეჩვენება“, ეს ხომ არის მავნებლობა?!“- დასძენს ნატო ხუტაშვილი.
მისი თქმით, ქალაქში დადის მკვლელი:
„მოგმართავთ, როგორც 2 შვილის მამას, ჩაერთეთ ამ საქმეში. ქალაქში დადის მკვლელი, რომელმაც 12 წლის გოგო იმსხვერპლა. მომიძებნეთ მკვლელი, რომელიც სხვებისთვისაც საშიშია“- აღნიშნავს ის.
როგორც ცნობილია, დიდ დიღომში 12 წლის მოზარდი, ანა იანუშაიტიტე გარდაცვლილი 2023 წლის 16 მარტს იპოვეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით დაიწყო, რაც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
