შსს-ს კიბერდანაშაულთან ბრძოლის სამმართველოს თანამშრომლებმა ქურდობის და კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევის ბრალდებით, 1988 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი პირი დააკავეს.
“გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებული ერთ-ერთი მოქალაქის კუთვნილ საბანკო პლასტიკურ ბარათს გაურკვეველ ვითარებაში დაეუფლა და მისი გამოყენებით, მიმდინარე წლის 23 ივლისს, რვა ეტაპად, სხვადასხვა რაოდენობის თანხა გადარიცხა Crystalbet.com-ის მის მიერ შექმნილ ანგარიშებზე, ხოლო მიმდინარე წლის 23 და 24 ივლისს – დარჩენილი თანხით სხვადასხვა სუპერმარკეტში საყოფაცხოვრებო ნივთები შეიძინა,” – ნათქვამია განცხადებაში.
სამართალდამცველებმა, ბრალდებულის საცხოვრებელი ბინიდან, აღნიშნული პლასტიკური ბარათი ნივთმტკიცებად ამოიღეს.
დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.
გამოძიება ქურდობისა და კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევის ფაქტზე მიმდინარეობს.