საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, თურქულ ავიაკომპანია Pegasus-თან ხანგრძლივი და რთული მოლაპარაკებების პროცესი წარმატებით დასრულდა და დავით აღმაშენებლის სახელობის ქუთაისის აეროპორტიდან სტამბოლის მიმართულებით პირდაპირი ფრენები დღეიდან კვირაში სამჯერ განხორციელდება.
Pegasus-მა პირველი რეისი სტამბოლიდან Boeing 737-ით შეასრულა და ქუთაისში 142 მგზავრი ჩამოიყვანა. ოფიციალურ მიღებას საქართველოს აეროპორტების გაერთიანების, ავიაკომპანიის, ტურისტული კომპანია GASA-ს წარმომადგენლები და DMO იმერეთის აღმასრულებელი დირექტორი მარიამ დევიძე დაესწრნენ.
პირველ საინაუგურაციო რეისს აეროპორტში ტრადიციული წყლის ჭავლით, ე.წ. Water Salute-ით მიესალმნენ, პირველ მგზავრებს კი, საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ორგანიზებით, სიმბოლური საჩუქრები დაურიგდათ.
„სტამბოლი ახალი მიმართულებაა ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტისთვის, რომელიც ტრანზიტულ მგზავრებსაც მოემსახურება, რაც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. პირველივე რეისზე მაღალი დატვირთულობა გამოიკვეთა.იმედი გვაქვს, ტენდენცია მომავალშიც შენარჩუნდება. ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტმა მგზავრთნაკადის კუთხით ისტორიულ ნიშნულს მიაღწია, წელს ჩვენ მილიონი მგზავრი უკვე მივიღეთ და წლის ბოლომდე მილიონ 700 ათასამდე მგზავრის მომსახურებას ვგეგმავთ“, – განაცხადა საქართველოს აეროპორტების გაერთიანების კომერციული დეპარტამენტის უფროსმა ქეთევან მჭედლიშვილმა.
