სახელმწიფო პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში, შპს „ჯეომეტალი“ თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილ არაძვირფასი ლითონების საწარმოს ააშენებს.
ბიზნესის მხარდასაჭერად კომპანიას ქუთაისში, სულხან-საბას გამზირზე მდებარე 14 152 კვ.მ. სახელმწიფო ქონება გადაეცა. საწარმო რკინეულობის პირველადი ნედლეულისაგან მაღალტექნოლოგიური დამუშავების შედეგად, მავთულის სხვადასხვა სახეობას დაამზადებს. პროდუქციის რეალიზაცია როგორც ადგილობრივ, ასევე მეზობელ ქვეყნებში განხორციელდება.
შეგახსენებთ, 2018 წლის თებერვლის თვის მონაცემებით პროგრამის „აწარმოე საქართველოში“, კერძოდ ინდუსტრიული, სოფლის მეურნეობის, სასტუმროს და ქონების გადაცემის კომპონენტის ფარგლებში მხარდაჭერილია 337 პროექტი, ინვესტიციის ჯამური მოცულობა 820 მლნ ლარს აღემატება, ხოლო დასაქმებულთა რაოდენობა 13 500-ზე მეტს შეადგენს.