გასულ ღამეს ქუთაისში, კლინიკაში, ახალნამშობიარევი ახალგაზრდა გოგო, ლიკა ტალახაძე გარდაიცვალა.
ქუთაისში მშობიარობის შემდგომი გართულებების შედეგად 20 წლის გოგო გარდაიცვალა
არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდამ ორი კვირის წინ სენაკის სამშობიარო სახლში იმშობიარა, რამდენიმე დღის წინ კი მისი მდგომარეობა გართულდა და ქუთაისში გადაიყვანეს, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.
გარდაცვლილი ლიკა ტალახაძის შესახებ Ambebi.ge-სთან საუბრობს მისი ნათესავი და ამბობს, რომ ამ ეტაპზე, ოჯახის წევრებმა და ახლობლებმა, არ იციან, რა გახდა მისი გარდაცვალების მიზეზი.
„ორი კვირის წინ გაიკეთა საკეისრო კვეთა სამეგრელოში, კლინიკის სახელი არ მახსოვს, შეეძინა პატარა, ბიჭი დაიბადა, იოანე. გაწერეს კლინიკიდან და სახლში იყო. სენაკში იყო გათხოვილი. სამი დღის წინ შეუძლოდ გახდა და ქუთაისში, კლინიკა ბომონდში გადაიყვანეს. წუხელ გვიან დამძიმდა და ეს თავზარდამცემი ამბავი გავიგეთ. მეტი ჩვენც ჯერჯერობით არაფერი ვიცით, რა გახდა მისი გარდაცვალების მიზეზი. ის ვიცით, რომ რომ იმშობიარა და კლინიკიდან გაწერის შემდეგ სიცხეები ჰქონდა და ბოლო შეუძლოდ გახდა
არაფერი ვიცით ჯერ, რატომ ვერ გადაარჩინეს.
რომ შეიყვანეს კლინიკაში ექიმს უთქვამს, ბრონქების ანთებააო. სხვა ჯერ არაფერი ვიცით. გაგვანადგურა ამ ამბავმა. არაჩვეულებრივი გოგონა იყო ჩვენი ლიკუნა. ძალიან თბილი, მოსიყვარულე. საოცარი გოგონა, უკეთილესი. სულ იღიმოდა, სულ ბედნიერებას ასხივებდა, დედამიწაზე არ მეგულება ლიკუნასნაირი გოგო. მართლა გამორჩეული იყო. არ არსებობს ადამიანი, ვინც გაიცნობდა და მისი ღიმილი არ გააბედნიერებდა. კისკისა, მხირული, ძალიან ლაღი იყო ჩვენი ლიკუნა. საოცარ ოჯახში გაზრდილი.
ორი წელია რაც გათხოვდა. როგორი ბედნიერი იყო შვილის დაბადებით და ამ მწარე რეალობის წინაშე ვართ ახლა. მის გვარში და საბიძაშვილოში ერთადერთი პრინცესა ჰყავდათ ჩვენი ლიკუნა და პრინცესასავით გაზრდილი გოგო აღარ გვყავს. მშობლები არ ვიცი თუ გადაიტანენ ამ ყველაფერს“, – ამბობს Ambebi.ge-სთან საუბარში გარდაცვლილი გოგოს ნათესავი.
