LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქვედა დონის თამაშებია და ტილაობას ემსგავსება – იგეგმება თუ არა პრემიერის გადადგომა

205
gia ramazi

მედიაში ბოლო დროს გააქტიურდა თემა, რომ ბიძინა ივანიშვილი წასვლის შემდეგ „ქართულ ოცნებაში“ მონასტერი აირია.

სხვადასხვა წყაროზე დაყრდნობით მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ გაზაფხულზე გიორგი გახარიას გადააყენებენ.  გავრცელებული ამბის, ერთ-ერთი წყარო „ქრონიკა +“-ის  რედაქტორი ელისო კილაძეა.

ამბობენ, უახლოეს მომავალში ე.წ. კახური კლანი გააქტიურდება. ირაკლი ღარიბაშვილს პრემიერობის ამბიციები კვლავ გაუჩნდა და დიდი ალბათობით გიორგი გახარიას სწორედ მისით ჩაანაცვლებენო.

ვრცელდება სულ სხვა ინფორმაციაც, ამბობენ, პრემიერი შესაძლოა ირაკლი კობახიძე იყოს, რადგან მასაც გაუჩნდა ამბიციებიო….

პოლიტიკური მოძრაობა „ტრიბუნას“ ლიდერი დავით ჭიჭინაძეც ამბობს, რომ სავარაუდოდ გახარიას მარტის თვეში გადააყენებენ.

რამდენად შესაძლებელია, რომ მმართველ გუნდში მსგავსი ცვლილება კვლავ ვიხილოთ, ამის გარკვევას „ფორტუნა“ ექსპერტებთან შეეცადა.

ექსპერტი გია ხუხაშვილი ვერ ხედავს იმის საფუძველს, რომ აღნიშნული თემა განხილვის თემა იყოს.

„პოლიტიკურ ჭორაობაში ვერ ჩავერთვები.  აქტუალური რომ არის, გასაგებია. მაგრამ ამის საფუძველს ვერ ვხედავ.

რეალურად ჯერ არ ვიცით, როგორი კონფიგურაცია „ქართულ ოცნებაში“. ჩვენ არ ვიცით, ბიძინა ივანიშვილი წასვლის ხარისხი, ანუ რა ხარისხით  გავიდა ქართული პოლიტიკიდან.

აქედან გამომდინარე ეს საუბრები, რომ რომ მმართველ გუნდში სერიოზული დაპირისპირებაა, ქვედა დონის თამაშებია და ტილაობას ემსგავსება. ასე რომ მე არ მგონია, რომ ამის სერიოზულად განხილვა ღირდეს“, – განმარტავს ექსპერტი.

მისი თქმით, არაა გამორიცხული, ირაკლი ღარიბაშვილს პრემიერობის ამბიციები კვლავ გასჩენოდა.

„ამბიციები ბევრს აქვს, მათ შორის ირაკლი ღარიბაშვილსა და ირაკლი ‘კობახიძეს. თუმცა ამბიციების ქონაში კრიმინალს ვერ ვხედავ. სხვა საკითხია, რა მეთოდებით აკეთებ ამას. ჯერჯერობით საფუძველს, რომ სერიოზულ განხილვებში შევიდე ამ საკითხებში, ვერ ვხედავ. ინფორმირებული ხალხის კი მაინცდამაინც არ მჯერა და არ მგონია, რომ ობიექტური იყოს“, – ამბობს ხუხაშვილი. 

კითხვაზე, რამდენად ჭკვიანური ნაბიჯი იქნება, „ქართული ოცნების“ მხრიდან, რომ გახარიას შეელიოს, ექსპერტი პასუხობს.

„შეიძლება პირდაპირ ითქვას,  რომ გახარიაზე დგას დღეს „ქართული ოცნება“ საზოგადოების თვალში.  გახარიას გარდა საკუთარი პოლიტიკური წონა არავის აქვს. აქედან გამომდინარე გახარიას გადაყენება „ქართული ოცნების“ სისტემური პრობლემის დასაწყისს ნიშნავს. ამითი „ქართული ოცნება“ თვითდაზიანებას მიიყენებს“.- აცხადებს ექსპერტი. 

ექსპერტი რამაზ საყვარელიძე მიიჩნევს, რომ გიორგი გახარიასთან დამშვიდობება დიდი ალბათობით არ მოგვიწევს.

„ელისო კილაძის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას კომენტარს ვერ გავუკეთებ. გახარია, რომ იყოს თვითონ წყარო, მაშინ შეიძლება კომენტარი. კილაძე იქნება თუ სხვა ჟურნალისტი, როცა მოსაზრებას ამბობს, როგორ შეიძლება მისი კომენტარი. კომენტარზე კომენტარის გაკეთება წარმოუდგენელი მგონია. 

ცვლილებებს ჯერჯერობით ვხედავთ ოპოზიციურ პარტიებში. არჩევნების შემდგომ სხვადასხვა პარტია  ბევრმა დატოვა. გამარჯვებულ გუნდში კი, რომელმაც ფაქტობრივად ყველაფერი მიიღო, ასეთი მოძრაობები ნაკლებად წარმოსადგენია.“ – ამბობს ექსპერტი ჩვენთან საუბარში.   

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები