დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძე მასობრივი აცრების დაწყებას ივლისიდან ვარაუდობს, როცა ქვეყანას მარაგში მუდმივად ექნება, სულ მცირე, ნახევარი მილიონი ვაქცინა.
“ქვეყანაში ინფიცირების დადებითობის მაჩვენებელი იზრდება. ყველა ინდიკატორი, რაც ეპიდსიტუაციას ახასიათებს, სამწუხაროდ, გაუარესებულია და რთულდება. დღესდღეობით გვაქვს ქვეყანაში 17-მდე კლასტერული ეპიდაფეთქება, რომელიც მართვადია, მაგრამ ეს არის პირველი ნიშანი იმისა, რომ შესაძლოა დაიწყოს მასობრივი გავრცელება. საჭიროა, ქვეყანაში 3-დან 4000-მდე ადამიანი აიცრას. ქვეყანაში მასობრივი აცრები დიდი ალბათობით ივლისიდან დაიწყება,” – აცხადებს ამირან გამყრელიძე.
დღევანდელი მონაცემებით, ქვეყანას უკვე მიღებული აქვს 43 200 დოზა „ასტრაზენეკა“ და 29 250 დოზა „ფაიზერი“. ქვეყანაში ჩამოსულია და დასაწყობებულია 100 ათასი დოზა ჩინური ვაქცინა „სინოფარმი“, თუმცა, მისი გამოყენება, ჯერჯერობით, არ დაწყებულა. ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ ელოდებიან მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ ამ ვაქცინის ავტორიზაციას.
გარდა ამისა, ჩინეთმა გადაწყვიტა, საქართველოს საჩუქრად გადასცეს “სინოვაკის” ვაქცინის 100 ათასი დოზა. აპრილის მიწურულს საქართველო „ასტრაზენეკას“ 80 ათას დოზა ვაქცინას ელოდება. როგორც ამირან გამყრელიძე ამბობს, სავარაუდოდ, ივლისში ან აგვისტოში ქვეყანა „ნოვავაქსის“ პირველ დოზებს მიიღებს. მოლაპარაკებები მიმდინარეობს „ფაიზერის“ დამატებითი დოზების მიღებაზეც.