LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქვეყანაში შეზღუდვების გაუქმებისას პრიორიტეტი უნდა მიენიჭოს სკოლების გახსნას: გაეროს ბავშვთა ფონდი

55
FORTUNA.GE- (3)

“სკოლების დახურვა უნდა იყოს უკიდურესი ღონისძიება, ყველა სხვა ალტერნატივის განხილვის შემდეგ. თუ ბავშვებს მოუწევთ კიდევ ერთი წელი სკოლის გარეშე ცხოვრება, ამას გავლენა ექნება მთელს თაობებზე.” – გაეროს ბავშვთა ფონდი განცხადებას ავრცელებს და მიესალმება მთავრობის გეგმას, რომელიც საქართველოს ქალაქებსა და სოფლებში სკოლების ეტაპობრივ გახსნას გულისხმობს.

ორგანიზაციის მიმართვაში აღნიშნულია, რომ კოვიდპანდემიასთან დაკავშირებული შეზღუდვების გაუქმებისას, პრიორიტეტი უნდა იყოს სკოლებისა და სკოლამდელი დაწესებულებების უსაფრთხო გახსნა.

ანგარიშში საუბარია სკოლების დახურვასა და ამ პროცესით გამოწვეულ უარყოფით შედეგებზე:

➤  სკოლების დახურვამ უარყოფითად იმოქმედა ბავშვებზე მთელს მსოფლიოში. გაუარესდა ბავშვებში წერის, კითხვის უნარები, საბაზისო მათემატიკის ცოდნა და 21-ე საუკუნისათვის საჭირო კომპეტენციები. მათი ჯანმრთელობა, განვითარება, უსაფრთხოება და კეთილდღეობა საფრთხეშია. ყველაზე დაუცველი ბავშვები – შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვები და ღარიბ ოჯახებში მცხოვრები ბავშვები – ყურადღების მიღმა დარჩენის განსაკუთრებით დიდი რისკის ქვეშ არიან.

➤  თანატოლებთან ყოველდღიური ურთიერთობის, ფიზიკური აქტივობის გარეშე დარჩენილი ბავშვების ჯანმრთელობა უარესდება, გახშირდა ბავშვებში ფსიქიკური დარღვევების ნიშნები. უსაფრთხოების ინსტიტუციური მექანიზმის გარეშე, რომელსაც ხშირად სკოლა უზრუნველყოფს, ისინი უფრო დაუცველნი არიან ძალადობის, ბავშვთა ქორწინებისა და ბავშვთა შრომის საფრთხეებისგან.

სწორედ ამიტომ, სკოლების დახურვა უნდა იყოს უკიდურესი ღონისძიება, ყველა სხვა ალტერნატივის განხილვის შემდეგ. თუ ბავშვებს მოუწევთ კიდევ ერთი წელი სკოლის გარეშე ცხოვრება, ამას გავლენა მთელ თაობებზე ექნება.

UNICEF Georgia გავრცელებულ განცხადებაში რეკომენდაციებზეც საუბრობს და ვირუსის გადაცემის რისკის შეფასებაზე ამახვილებს ყურადღებას:

➤  სკოლის გახსნა-დაკეტვის შესახებ გადაწყვეტილებების მიღებისას მთავარი განმსაზღვრელი უნდა იყოს ადგილობრივ დონეზე ვირუსის გადაცემის რისკის შეფასება. უნდა არსებობდეს სხვადასხვა გარემოზე მორგებული განსხვავებული სტრატეგიები და ის სკოლები, რომლებიც აკმაყოფილებენ COVID-19-ის უსაფრთხოების წესებს და იცავენ შესაბამის რეგულაციებს, უნდა გაიხსნას.

➤  იქ, სადაც ვირუსის საზოგადოებრივი გადაცემის მაღალი მაჩვენებელია, სადაც ჯანდაცვის სისტემები ექსტრემალური ზეწოლის ქვეშ არის და სკოლების დახურვა გარდაუვალია, უნდა გატარდეს საპასუხო დამცავი ზომები. ძალადობის რისკის ქვეშ მყოფმა ბავშვებმა, ბავშვებმა, რომლებიც სკოლის კვების იმედად არიან და ბავშვებმა, რომელთა მშობლებიც წინა ხაზის მუშაკებად შრომობენ, შეძლონ სწავლის გაგრძელება საკლასო ოთახებში.

მიმართვაში აღნიშნულია, რომ სკოლების დახურვა საქართველოში 50 000-ზე მეტ ბავშვს ტოვებს განათლების გარეშე. ერთ-ერთი შემაფერხებელი ფაქტორი კი ინტერნეტზე არათანაბარი ხელმისაწვდომობაა:

“საქართველოს რამდენიმე დიდ ქალაქში კოვიდ-19-ის გამო ბავშვებისთვის დღემდე დახურულია სკოლები, რაც მათ მთლიანად დამოკიდებულს ხდის დისტანციურ სწავლებაზე. ახლა, როდესაც ციფრული სწავლება განათლების მიღების ძირითადი საშუალება გახდა, ინტერნეტზე არათანაბარი ხელმისაწვდომობა კიდევ უფრო აღრმავებს არსებულ უთანასწორობას. სკოლების დახურვა საქართველოში 50 000-ზე მეტ ბავშვს ტოვებს განათლების გარეშე.” – აღნიშნულია UNICEF Georgia-ს განცხადებაში.

გაეროს ბავშვთა ფონდი ორ მნიშვნელოვან მოწოდებასაც ავრცელებს:

● მნიშვნელოვანია, ჩატარდეს დამატებითი გაკვეთილები ბავშვებისთვის, რომლებსაც არ ჰქონდათ დისტანციურ სწავლებაში ჩართვის შესაძლებლობა, რათა ისინი არ ჩამორჩნენ სასწავლო პროგრამას;

● მასწავლებლებმა პრიორიტეტულად მიიღონ კოვიდ-19-ის ვაქცინა, მას შემდეგ რაც მოხდება სამედიცინო პერსონალისა და მაღალი რისკის მქონე მოსახლეობის ვაქცინაცია. ეს ხელს შეუწყობს მასწავლებლების ვირუსისგან დაცვას, საშუალებას მისცემს მათ პირადად ჩაატარონ გაკვეთულები და შეინარჩუნონ გახსნილი სკოლები.

 

გაეროს პოზიციით, სკოლების დახურვამ საფრთხის ქვეშ დააყენა ბავშვების განათლების უფლება: სახალხო დამცველი გამოწვევებსა და რეკომენდაციებზე საუბრობს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g