LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა არის ემოციური ბრენდინგი – FM ქოუჩი

67
SAXOKIA

გადაცემის ლაივი LIVE

რა როლი უჭირავს ემოციებს მარკეტინგში, რა არის ემოციური ბრენდინგი – ამ და სხვა თემებზე გადაცემაში “FM ქოუჩი” ტრენერმა მარიამ სახოკიამ ისაუბრა.

რა არის ემოციური ინტელექტი?

ემოციური ინტელექტი არის წარმატების ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ინსტრუმენტი ბიზნესსა და სამსახურებრივ ურთიერთობებში. ემოცია შინაგანი იმპულსია, რომელიც მოქმედებისკენ და გადაწყვეტილების მიღებისკენ გვიბიძგებს, სამყაროს განვითარებასთან ერთად უფრო და უფრო აქტუალური ხდება შეკითხვა: – რატომ არ არის მაღალი ინტელექტის კოეფიციენტი (IQ) საკმარისი, წარმატებისა მისაღწევად? ემოციების მნიშვნელობაზე სხვადასხვა ფორმით ბევრს საუბრობდნენ, თუმცა თავად ტერმინი – “ემოციური ინტელექტი” ფართოდ გახდა ცნობილი დენიელ გოლმენის წიგნის გამოქვეყნებით: “ემოციური ინტელექტი”, სადაც მან შემოიტანა სხივი გაცნობიერებაში, რატომ შეიძლება ემოციური ინტელექტი (EQ) IQ- ზე მნიშვნელოვანი იყოს.

ემოციური ინტელექტი არის ასევე “სოციალური ინტელექტის” ნაირსახეობა, რაც გულისხმობს საკუთარი და სხვისი გრძნობებისა და ემოციების შეცნობის უნარს. აღმოჩნდა, რომ ემოციური ინტელექტის განვითარების მქონე ადამიანები მეტად აღწევენ წარმატებას. ემოციური ინტელექტი არ არის მხოლოდ ლიდერობისა და წარმატების მიღწევისთვის საჭირო ინსტრუმენტი, ის ჩვენ გვეხმარება როგორც კარიერულ, ასევე პირად ინტერპერსონალურ და ინტრაპერსონალურ ურთიერთობებში, ის გვეხმარება, უკეთესი, ჯანსაღი კომუნიკაცია დავამყაროთ ადამიანებთან და, მათ შორის, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, საკუთარ თავთან.

რა არის ემოციური ბრენდინგი?

ხშირად ადამიანები, თვლიან, რომ ისინი გადაწყვეტილების მიღებისას, რომელ ბრენდს მიანიჭონ უპირატესობა ბაზარზე, მხოლოდ რაციონალურ საფუძველს ეყრდნობიან, სინამდვილეში კი გადაწყვეტილების მიღებას ასევე საფუძვლად უდევს, განწყობა და ემოცია, რომელიც პირდაპირ მნიშვნელოვნად ახდენს გავლენას იმაზე თუ რომელ ბრენდს მიანიჭებს ადამიანი უპირატესობას. სწორედ ამიტომ, ემოციური ინტელექტის განვითარების იდეას ემსახურება “ემოციური ბრენდინგი”, რომლის მიზანია მომხმარებელსა და პროდუქტს შორის კავშირის დამყარება მომხმარებლის ემოციის პროვოცირებით. ემოციები გვამზადებს ქცევისთვის. ეს ერთგვარი წინასწარი განწყობებია, შესაბამისად რა ემოციებს გააღვივებს ბრენდი ადამიანში, პირდაპირ მნიშვნელოვნად გავლენას მოახდენს მათ გადაწყვეტილებაზე. კომპანიებს, ძლიერი ემოციური კავშირის ქონა მომხმარებელთან, საშუალებას აძლევს ჰქონდეთ სტაბილური და უსაფრთხო შემოსავლის წყარო და გახდნენ წარმატებულები. ბრენდინგს ვერ დავიყვანთ, მხოლოდ ლოგოს, ფერებსა და სახელწოდებებზე, ის ასევე გულისხმობს, პიროვნებებისადმი გარკვეული ღირებულებებისა და ემოციების შექმნას, რაც ადამიანში იწვევს საკუთარი მოთხოვნილებების დაკმაყოფილების განცდას.

როგორ შევარჩიოთ სწორი მარკეტინგული სტრატეგია?

იმისთვის, რომ შევარჩიოთ სწორი მარკეტინგული სტრატეგია, მნიშვნელოვანია ყურადღებით შევისწავლოთ ადამიანის ფსიქოლოგია და მათი საჭიროებები, რომელიც თავის მხრივ განსაზღვრავს მოთხოვნილებას, რაც წარმოშობს გარკვეულ მოთხოვნას ბაზარზე. ფსიქოლოგია აყალიბებს სხვადასხვა თეორიებს ადამიანის მოთხოვნილებების შესახებ, რომელთაგანაც ყველაზე ცნობილი აბრაჰამ მასლოუს მოთხოვნილებათა იერარქიაა, რომელიც განსაზღვრავს ადამიანის ბაზისურ საჭიროებებს და მას მიაკუთვნებს: ფიზიოლოგიურ, უსაფრთხოების, სოციალურ, აღიარებისა და თვით აქტუალიზაციის მოთხოვნილებას. სამყაროს განვითარებასთან ერთად, მოთხოვნილებებისა და მოთხოვნებს შორის დიფერენცირება თითქმის უკონტროლო ხდება, შეიძლება ითქვას, რომ ერთის მხრივ მოთხოვნილება არის ადამიანის თანდაყოლილი, ევოლუციურად განვითარებული ბაზისური საჭიროება, რომელიც რაიმეს დეფიციტით არის გამოწვეული, მაგალითად, ფიზიოლოგიური მოთხოვნილებაა კვების საჭიროება, ხოლო მოთხოვნა არის მოთხოვნილების კონკრეტიზაცია გონებრივი ელემენტის ჩართვით, რაც ნიშნავს იმას, რომ თუ საკვების სურვილის აღძრა ადამიანის ფიზიოლოგიური, ბაზისური საჭიროებაა, ფიქრი იმაზე თუ კონკრეტულად რომელი საკვების მიღება სურს მას, მოთხოვნად შეგვიძლია მივიჩნიოთ. შესაბამისად ადამიანები თავიანთ საჭიროებებს და მოთხოვნილებებს იკმაყოფილებენ ბაზარზე არსებული სხვადასხვა პროდუქტის მეშვეობით. არჩევანზე კი მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ემოციური კავშირი მომხმარებელსა და მიმწოდებელს შორის. ბრენდის მიზანია, შექმნას ისეთი პროდუქტი, რომელიც ადამიანში დააკმაყოფილებს მის ბაზისურ მოთხოვნილებებსა და აღძრავს მასში შესაბამის ემოციას, რის გამოც მომხმარებელს უფიქსირდება პოზიტიური განწყობა ბრენდის მიმართ, ხოლო განწყობა ეს არის ქცევის განხორციელებისთვის წინასწარი მზაობა.

ეთოსი, პათოსი და ლოგოსი მარკეტინგში…

ემოციური ბრენდინგი წარმატებით იყენებს არისტოტელეს ეთოსის, პათოსისა და ლოგოსის ცნებებს, როგორც სამ ტექნიკას წარმატებული მარკეტინგისთვის. მათი გამოყენებითა და ბალანსით, შესაძლებელია ძლიერი ბრენდის იდენტობის შექმნა.

ეთოსი მიმართულია სანდოობისა და ეთიკურობისკენ, როდესაც ცნობადი სახე, ნდობით აღჭურვილი პირი, ავტორიტეტისა და გავლენის მქონე პიროვნება ადასტურებს პროდუქტის ვარგისიანობას, მომხმარებელს უჩნდება ბრენდის მიმართ სანდოობა. ასევე ბრენდები, რომლებიც არა მხოლოდ გამოირჩევიან პროდუქციის ხარისხით, არამედ გადმოსცემენ ეთიკური და მორალური ღირებულებების მხარდაჭერის განცდას, იმსახურებენ მომხმარებლების ნდობას.

პათოსი იპყრობს მომხმარებლების ყურადღებას იმით, რომ ის იწვევს მომხმარებელში სპეციფიკურ ემოციებსა და გრძნობებს, როგორებიცაა დაკარგვის შიში, მიკუთვნებულობისა და უსაფრთხოების შეგრძნებები, როდესაც პროდუქტი დეფიციტურია ან ექსკლუზიური. ბრენდს შეუძლია გააღვიძოს ადამიანში ღრმა ემოციები, როგორიცაა: გაკვირვება, ცნობისმოყვარეობა, სიყვარული, შიში, იმედი ან უსაფრთხოების განცდა და ამით ამყარებენ პირდაპირ კავშირს მომხმარებლებთან. გადაწყვეტილების მიღების უმნიშვნელოვანესი როლი, სწორედ ემოციებს უჭირავთ, რაც ემოციური ბრენდინგის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი წერტილია.

ლოგოსი ეხება მარკეტინგის ლოგიკურ და სტატისტიკურ ასპექტებს და მიზნად ისახავს მომხმარებლებთან ემოციური კავშირის განმტკიცებას დამაჯერებელი და რაციონალური არგუმენტებით.

ერთი მხრივ ემოციური ბრენდინგი მიმართულია ადამიანში აღძრას სურვილი კონკრეტული ბრენდის სასარგებლოდ მიიღოს გადაწყვეტილება და არჩევანი მასზე გააკეთოს, თუმცა იმისთვის, რომ ამ არჩევანმა განმეორებითი სახე მიიღოს საჭიროა მომხმარებლის ინტერესის გაღვიძების შემდეგ, პროდუქტმა განაგრძოს თავისი ღირებულების დამტკიცება თავისი ხარისხითა და ფუნქციონირებით, რაც განამტკიცებს ემოციას და გარდაიქმნება განწყობაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები