ჯგუფი „ნიუტონი“ ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ჯგუფია საქართველოში. მათ კონცერტებზე ნემსის ჩასაგდები ადგილი არ რჩება, სხვადასხვა კლუბში გამოდიან. დრამერი და ვოკალისტი, ლევან აბშილავა, ბასისტი შაკო ღელეყვა, პიანისტი თამარ ბაბილუა, გიტარისტი ზურა ასტამაძე, საქსოფონისტი გიო ცაგარელი – ეს არის „ნიუტონის“ დღევანდელი შემადგენლობა…
ჯგუფის წევრებს „რუფტოპის“ ტერასაზე შევხვდით და ვკითხეთ, რა არის მათი წარმატების საიდუმლო.
ფორმულაა ის, რომ გვიყვარს ერთმანეთი და მუსიკა, ის საქმე, რასაც ვაკეთებთ. გვაქვს კლუბებში მუშაობის გამოცდილება, რა სიმღერა რის მერე და რამდენ ხანს უნდა იყოს. ძალიან დიდი ხნის წინ, თამამად ვიტყვი, რომ ჩვენ დავნერგეთ თბილისში ე.წ. მეორე განწყოფილება, ანუ როცა დიჯეი უნდა შემოვიდეს კლუბში, ამასაც ჩვენ ვუკრავთ, მთელი თავისი ჟღერადობით. ეს ყველაფერი მთლიანობაში, ხალხს მოსწონს. ხალხს ჰგონია, რომ თვეობით გვაქვს დამუშავებული კომპოზიციები, მაგრამ ზოგიერთ მათგანზე ვოცნებობ, ნეტავ, რეპეტიციაზე თავიდან ბოლომდე დაგვაკვრევინა-მეთქი (იცინის).
შაკო:
ჩვენი გამოსვლები ნახევრად იმპროვიზაციულია. რაღაცები ხალხის წინ ხდება. ზოგს ჰგონია, რომ დადგმულია, ზოგიც ხვდება, რომ იმ მომენტში ვაკეთებთ რაღაცებს. არის სიმღერები, რაც მოსმენილიც კი არ გვაქვს და მაინც ვუკრავთ, ორიგინალებს ვგულისხმობ. ზოგჯერ ბაბი (თამარ ბაბილუა – ავტ. შენ.) გვეტყვის, ეს კარგიაო, ვუკრავთ და არ ვიცით მისი ორიგინალი (იცინის). ზურას მოვასმენინეთ რამდენიმე სიმღერა, რასაც ვუკრავთ და მოეწონა (იცინიან).
ყოფილა შემთხვევა, რომ ვიღაც მოსულა და შეუკვეთავს რაიმე კომპოზიცია?
ლევანი:
დღესდღეობით რამდენიმე კლუბში ვუკრავთ: „რუფტოპ ტერასა“, „360“, „13“ და ხანდახან „One Side“. ეს ისეთი ობიექტებია, სადაც დადის ხალხი, ვინც იცნობს ჩვენს ჯგუფს და არავინ შეკვეთებს არ გვაძლევს. მოდიან იმიტომ, რომ ჩვენ მოგვისმინონ…
თუკი ჩვენს პროგრამაში შედის, არ არის პრობლემა მისი შესრულება, მაგრამ ზოგადად, კლუბებში ასე არ ხდება. თან, ჩვენ დაცვა გვყავს. თუკი გადავხედავთ და ვანიშნებთ, რომ ვიღაც არ მოგვწონს, ნელ-ნელა, ფერებ-ფერებით მიარბენინებენ გასასვლელისკენ (იღიმის).
შაკო და ლევანი „ნიუტონის“ დამფუძნებლები არიან? თქვენ სამნი როგორ შემოემატეთ და რას ნიშნავს თქვენთვის „ნიუტონი“?
ზურა:
ჩემთვის „ნიუტონი“ არის ოჯახი!.. არ მქონია სურვილი, რომ სხვაგან ვიყო.
გიო:
არ ვიცი, რა მინდა აქ. შემთხვევით ვარ მოხვედრილი (იცინის). ლევანს დიდი ხანია, ვიცნობ. მოდი, დავუკრათო, ერთ დღეს მითხრა, მოვედი, დავუკარით და ერთად ვართ მას შემდეგ.
შაკო:
ყველაზე დიდხანს ჩვენთან გიო ცაგარელია. ლევანი სულ ამბობდა, მგონი, ბავშვობიდან, კარგი საქსოფონისტია და უნდა მოვიყვანოო და ბოლოს მოიყვანა, როგორც იქნა… თავიდან გამოსაცდელი პერიოდი ჰქონდა, პრაქტიკანტად იყო (იცინის).
ორი წელია, ამ ჯგუფში ვარ. მე რომ მოვედი, უკვე იყვნენ შაკო, ლევანი და ზურა, გიტარისტი (იცინის).
ეს უნდა ვთქვა აუცილებლად – კასტინგი ჰქონდათ მოწყობილი, პიანისტის პოზიციაზე. მეც მოვედი და გავიარე გასაუბრება, ჩავაბარე გამოცდა. მომცეს 120 სიმღერა გასარჩევად და მეორე დღეს ყველა მოვიტანე (იცინის). აქედან 88 ვიცოდი…
ლევანი:
ბაბის მეტსახელი არის „იუთუბა“, რადგან ყველა სიმღერა იცის (იცინიან).
ბაბიზე ძალიან საინტერესო ამბავი გვაქვს მოსაყოლი. საქართველოში გინესის რეკორდსმენი გახდა, 25 საათი დაუკრა შეუჩერებლად…
თამარი:
ბიჭები მორიგეობდნენ, 6-6 საათი იყვნენ ჩემთან ერთად. სხვათა შორის იმ საღამოს აქ ვუკრავდით. სამი წლიდან ამ საქმეს ვაკეთებ და გამომუშავებული მაქვს მოთმინების უნარი. სიმართლე გითხრა, ძალიან გახარებული ვიყავი, მაგრამ დაღლილობისგან კარგად ვერ გავაცნობიერე. ჩემი ყველა მიზანი ამჟამად ემსახურება მხოლოდ ჯგუფ „ნიუტონს“. მე რაც მინდოდა გინესის რეკორდთან დაკავშირებით, უკვე გავაკეთე…
აუცილებლად მინდა ვთქვა, რომ ეს ჯგუფი იმიტომ არ შექმნილა, რომ ქავერები ვაკეთოთ. 1995 წლიდან ერთად მოვდივართ. ყველაფერი ყოფილა, წევრების წასვლაც, სახელების გადარქმევაც. უამრავი წლის წინ რაზე ვოცნებობდით, ეს ბევრმა ჩვენმა მეგობარმა იცის. გიოს, ზურასა და ბაბის სახით ორმხრივ სრულყოფილებას მივაღწიეთ, ადამიანურადაც და მუსიკალურადაც ძალიან ახლოს ვართ. ყველა ინდივიდუალურად აკეთებს რაღაცას, მაგრამ არა საკუთარი თავისთვის, არამედ როგორც ინსტრუმენტალისტი. ეს ჯგუფი თითოეული ჩვენგანისთვის ყველა მუსიკალური ფანტაზიისა და სურვილის რეალიზებაა. გვინდა, ხარისხიანი და კარგი პროდუქტი ვაკეთოთ. ხუთი ადამიანის იდეალური სინთეზი გვაქვს. ენერგეტიკაც, მიზანიც და მიზეზიც საერთოა…
ქართული ჯგუფების პრობლემა ისაა, რომ საკუთარი რეპერტუარი არ აქვთ და ჰიტები, რითაც მსმენელს თავს შეაყვარებენ…
ჩვენ გვაქვს ჩვენი რეპერტუარი. „ევროვიზიაზეც“ გავედით, თუმცა ვიცოდით, რომ სიმღერა არ იყო საკონკურსოდ. ფართო საზოგადოებისთვის არ გაგვიცნია ის 22 საკუთარი კომპოზიცია, რომლებიც გვაქვს შექმნილი. ვერ გეტყვით, ისინი გაჰიტდება თუ არა. არავის ვადარებ თავს, მაგრამ სტივ უანდერი, მსოფლიო დონის მუსიკოსია და მისი ისეთი სიმღერები გაჰიტებულა, რომლებსაც კარგი ვოკალისტებიც ძლივს ასრულებენ, ამიტომაც სირთულეზე არ არის დამოკიდებული, წინასწარ ვერ გათვლი, რა იქნება ჰიტი და რა – არა.
ზაფხულში გერმანიაში მივდივართ, არის უცხოური ფესტივალებიდან შემოთავაზებები, ელოდებიან მასალას და მთლიან პროდუქტს ჩვენგან. სექტემბერში პრეზენტაციას ვგეგმავთ თბილისში.
შაკო:
ბევრი ინგლისური ტექსტი გვქონდა. ახლა გვინდა, რომ ქართული ტექსტები გვქონდეს. საზღვარგარეთაც ყველაფერი ახალი უნდათ. ვაპირებთ რამდენიმე ფოლკინსტრუმენტის შემოპარებას და ქართული მოტივების დამატებას. ბევრს ვფიქრობთ ტექსტებზე… ვნახოთ. უამრავი გეგმა გვაქვს.
ნინო მურღულია
ფოტოგრაფი: დათუნა აგასი