LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა არის სქესობრივი მომწიფება და როდის არის ის ნაადრევი ან დაგვიანებული – სპეციალისტის განმარტება

382
21

გადაცემაში „პირადი ექიმი მარი მალაზონია“ სექსოლოგმა, პროფესორმა ლევან კობალაძემ სქესობრივი მომწიფების პროცესზე, მის ნაადრევ და დაგვიანებულ ფორმებზე ისაუბრა და მშობლებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვან ნიშნებზე გაამახვილა ყურადღება.

სპეციალისტის თქმით, სქესობრივი მომწიფება ინდივიდუალური პროცესია და ბავშვებს შორის ასაკობრივი სხვაობა სრულიად ბუნებრივია, თუმცა არსებობს ზღვარი, რომლის მიღმაც პროცესს უკვე საყურადღებო მნიშვნელობა ენიჭება.

„ნაადრევ სქესობრივ მომწიფებაზე ვსაუბრობთ, როდესაც გოგონებში პროცესი 8 წლამდე, ხოლო ბიჭებში – 9 წლამდე იწყება. ამ დროს აუცილებელია სპეციალისტის ჩართვა,“ – აცხადებს ლევან კობალაძე.

პროფესორის განმარტებით, ნაადრევი მომწიფებისას ორგანიზმში სასქესო ჰორმონების ჭარბი სინთეზი ხდება, რაც ზრდის პროცესის დაჩქარებას იწვევს.

„თავდაპირველად ბავშვი სწრაფად იზრდება, თუმცა მოგვიანებით შესაძლოა ძვლებში ზრდის ზონები ნაადრევად დაიხუროს და საბოლოოდ ზრდაში ჩამორჩენა განვითარდეს,“ — განმარტავს სპეციალისტი.

მისივე თქმით, მშობლებმა გოგონებში ყურადღება უნდა მიაქციონ სარძევე ჯირკვლების განვითარებას, თმიანობის გაჩენას, ნაადრევ მენსტრუაციასა და ნახტომისებურ ზრდას, ხოლო ვაჟებში — სასქესო ორგანოების გადიდებას, ხმის ცვლილებასა და თმიანობას.

პროფესორი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ეს ნიშნები შესაძლოა სერიოზულ პათოლოგიებზე მიანიშნებდეს.

„ეს შეიძლება იყოს სიმსივნური პროცესები, ტრავმები ან ნერვული სისტემის დარღვევები. ამიტომ, ნებისმიერი საეჭვო სიმპტომის დროს ექიმთან დროული მიმართვა აუცილებელია,“ — ამბობს კობალაძე.

არანაკლებ მნიშვნელოვანია დაგვიანებული სქესობრივი მომწიფება. სპეციალისტის განმარტებით, თუ გოგონებში 13, ხოლო ბიჭებში 14 წლის ასაკში სქესობრივი მომწიფების ნიშნები არ ვლინდება, ეს უკვე საყურადღებოა.

„გოგონებს 15 წლის შემდეგ მენსტრუაციის არარსებობა საგანგაშო ნიშანია,“ — აცხადებს პროფესორი.

ლევან კობალაძე ასევე აღნიშნავს, რომ სქესობრივი მომწიფების პრობლემების პრევენცია ბავშვობიდან იწყება და მშობლის დაკვირვებას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.

„პრობლემები ერთ დღეში არ ჩნდება. დროული ჩარევითა და მკურნალობით შესაძლებელია მომავალში ძალიან მძიმე გართულებების თავიდან აცილება,“ — ამბობს ის.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g