LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა არის თვითგამორკვევით მიღებული სარგებელი – 7 რჩევა ფსიქოლოგისგან

1188
ინდირა-გვარმიანი

რა არის თვითგამორკვევით მიღებული სარგებელი – ამ თემაზე გადაცემაში „7 რჩევა ფსიქოლოგისგან“ ფსიქოლოგმა ინდირა გვარმიანმა ისაუბრა.

საიდან მოდის თვითგამორკვევის თეორია?

თვითგამორკვევის თეორია დაკავშირებულია ედვარდ დეცი და რიჩარდ რაიანის სახელთან. ემყარება ოპტიმისტურ წარმოდგენას, რომ ადამიანების უმეტესობას სწავლისა და განვითარების ბუნებრივი სურვილი აქვს და ზრდაზეა ორიენტირებული. თვითგამორკვევა მნიშვნელოვანი პროცესია, რომელსაც ადამიანი ზრდასრულ ასაკში გაივლის. რადგან ბავშვი რომელიც ზრდის, ჩამოყალიბების, სწავლების  პროცესშია ამის უნარი არ გააჩნია. დიახ, თვითგამორკვევა ეს უნარია და ხშირ შემთხვევაში ეს ასე ბუნებრივად თავისით არ მოდის.

ეს უნარი მოითხოვს გარკვეულ პიროვნულ სიმწიფეს და მზაობას გავცეთ პასუხი ჩვენ მიერ დასმულ კითხვებზე. ხშირ შემთხვევაში ეს კითხვები, ამ პროცესის დაწყებამდე რატომღაც გარეთ არის მიმართული. როცა ცუდად ვგრძნობთ თავს ჩვენ გარეთ სიტუაციაში და სხვა ადამიანებში მათ ქცევებში, და ჩვენს მიმართ დამოკიდებულებებში ვეძებთ მიზეზებს. თვითგამორკვევის პროცესის დასაწყებად, ჩემი როგორც სპეციალისტის დაკვირვებით, ვითარდება ე.წ პიროვნული კრიზისი, რომელიც ხასიათდება  შფოთვით, დაძაბულობით, „ჩიხში ყოფნის“ განცდით. ძირითადად ეს კრიზისი თავს იჩენს გარდამავალ ასაკობრივ ჯგუფის ადამიანებში, დაახლოებით 20 წლიდან 30 წლამდე, ანუ როდესაც ჩვენ ვემშვიდობებით ბავშვობას, ყმაწვილობას და გადავდივართ პასუხისმგებლობებით, ვალდებულებებით სავსე ახალ რეალობაში.

რა კითხვები ჩნდება კრიზისს შედეგად?

კრიზისის შედეგად გაჩენილი კითხვები: ვინ ვარ მე? რა მინდა? რა შემიძლია, რა არ შემიძლია? რა მსიამოვნებს? რა არ მსიამოვნებს? არის ფუნდამენტური კითხვები რომელზეც პასუხის გაცემა ნიშნავს სწორედ თვითგამორკვევას. თუმცა, პრაქტიკული მუშაობის დროს არის შემთხვევები, როცა 40 წლის ასაკშიც ადამიანებს არ აქვთ ამ კითხვებზე პასუხი, მხოლოდ და მხოლოდ იმის გამო რომ არც კი დაუსვიათ საკუთარი თავის მიმართ ეს კითხვები. ამ დროს განწყობას, ემოციურ მდგომარეობას, ცხოვრების ყოველდღიურობას აქვს მექანიკური ხასიათი:გავიღვიძე, დავიძინე, მივირთვი, დავალაგე, ვიმუშავე, ნერვები მომიშალეს, სხვებზე ვიზრუნე და ა.შ.

ამ მდგომარეობისთვის კი დამახასიათებელია ერთ ადგილას გაყინვის განცდა. ჩვენ კი ადამიანები განვითარებადი ინდივიდები ვართ. ბავშვს ავითარებს ცნობისმოყვარეობა, ყველაფერს ეხება, არკვევს, სწავლობს ეს მისი ბუნებრივია, თუმცა გაუცნობიერებელი მდგომარეობაა. ასაკობრივი ცვლილებასთან ერთად ცნობისმოყვარეობა ქრება. თითქოს განვითარების პროცესიც ჩერდება. გარედან ასათვისებელი თითქოს ყველაფერი ავითვისეთ, გვასწავლეს, ვისწავლეთ და ახლა რა? სწორედ თვითგამორკვევა არის  სრულიად გაცნობიერებული  შიგნით მიმდინარე პროცესი, მას მოჰყვება საოცარი პიროვნული ზრდა, განვითარება. კრიზისის დაძლევას მოჰყვება ზრდა-განვითარების პროცესი. მექანიზმი კი ეტაპობრივად ასე უნდა წარმოვიდგინოთ: 1.კრიზისი, 2. თვითგამორკვევის პროცესი და საბოლოო შედეგი პიროვნული ზრდა და განვითარება.

თვითგამორკვევას დიდი მნიშვნელობა აქვს ორი მიმართულებით :

  • ხელს უწყობს და უზრუნველყოფს ფსიქიკურ, მენტალურ ჯანმრთელობას
  • თვითგამორკვევის შედეგია როცა გარე მამოტივირებელი ძალებიდან გადანაცვლება  ხდება შიდა მამოტივირებელ ძალებზე, რომელიც მუდმივია და ძალისხმევის გარეშე მივყავართ მიზნებთან .

ბუნებრივია, ჩნდება კითხვა რით უწყობს ხელს ადამიანის მენტალურ, ფსიქიკურ ჯანმრთელობას თვითგამორკვევა? პროცესი ხელს უწყობს კონკრეტული ინდივიდის შემთხვევაში ინდივიდუალურ ფსიქოლოგიური მოთხოვნილებების მოკვლევას, იდენტიფიკაციას. ვადგენ რა, რომ ჩემთვის სიამოვნების წყარო თურმე ყოფილა კონკრეტულ ადამიანებთან კავშირი, კონკრეტული აქტივობა: სიმღერა, იოგა, ხატვა, წერა. შესაბამისად, ეს  ჩემს მიერ იდენტიფიცირებული აქტივობებით შევსებული ცხოვრების წესი ხდება „წამალი“, რომელიც უზრუნველყოფს ჩემ ფსიქიკურ ჯანმრთელობას. მიღებული სიამოვნება ერთგვარი ბალანსი დახარჯულ ფსიქიკურ ენერგიას და მიღებულ დადებით ენერგიას შორის. ასევე ვადგენ რა მხდის ცუდად, შესაბამისად, შემდგომ ნაბიჯად „გამოვხშირავ“ ისეთ საკითხებს ჩემი ცხოვრებიდან, როგორიცაა: ტოქსიკური ურთიერთობა, თავს მოხვეული საქმიანობა, პროფესია რომელიც თურმე საერთოდ არც მომწონს და ა.შ.  ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე  ჩვენ უნდა ვიზრუნოთ ზუსტად ისე, როგორც ვზრუნავთ ფიზიკურ ჯანმრთელობაზე.

რჩევები:

  • კრიზისის არ შეგეშინდეთ, ცუდად ყოფნა სიმპტომია, რომელსაც უნდა მოვუსმინოთ.
  • თუ ცუდად გრძნობ თავს, უბრალოდ გაჩერდი და მიეცი შენ თავს დრო, დრო კითხვებისთვის და მათზე პასუხებისთვის.
  • ეგზისტენციალურ კითხვებს, მივყავართ თვითგამორკვევამდე, რომელიც არქმევს ყველაფერს თავის სახელს. რაც იწვევს ყოველდღიური ცხოვრების გამარტივებას.
  • ადამიანის ბუნებრივი სწრაფვა არის ზრდა და განვითარება, ამ რესურსის გაცნობიერება კი გვხდის შეუჩერებელ პიროვნებად. რომელსაც არ აშინებს წინაღობები, წარუმატებლობები.
  • როცა ფოკუსი შიგნითაა,  ჩვენ ვხდებით ავტორი საკუთარი ცხოვრების. ვიწყებთ სიამოვნების პრინციპით ცხოვრებას. მიღებული სიამოვნება კი აბალანსებს, იცავს წონასწორობას დახარჯულ და მიღებულ ფსიქიკურ ენერგიას შორის. ბალანსი კი უზრუნველყოფს ჩვენს მენტალურ, ფსიქიკურ ჯანმრთელობას.
mazda magti 5g