“კორონავირუსით გამოწვეულ ინფექციაზე (COVID-19) სავალდებულო ტესტირებას დაქვემდებარებულ პრიორიტეტულ პირთა ნუსხისა და ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის განკარგულებაში ცვლილება შევიდა.
ცვლილების მიხედვით, სკოლის აუცრელი თანამშრომლები ყოველ 7 დღეში ერთხელ, სრულად ვაქცინირებული თანამშრომლები კი ორ კვირაში ერთხელ გაიტესტებიან.
ბრძანებას ხელს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აწერს.
“ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში მომუშავე:
ა) სრულად (Covid-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის 2 დოზით) ვაქცინირებული პირები – ყოველ 14 დღეში ერთხელ პჯრ მეთოდით;
ბ) არასრულად ვაქცინირებული (Covid-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის მხოლოდ 1 დოზით) და/ან აუცრელი პირები – ყოველ 7 დღეში ერთხელ ანტიგენის სწრაფი ტესტით, რომელიც შესაძლებელია, უზრუნველყოფილ იქნეს სკოლის ექიმის და/ან ამ მიზნით სპეციალურად გადამზადებული სხვა პერსონალის მიერ (იმ პირობით, რომ პერსონალის გადამზადება განხორციელდება ეროვნული ცენტრისა და მუნიციპალური სჯდ ცენტრების მიერ, ტესტებითა და საკვლევი ნიმუშის ასაღები მასალებით მომარაგდებიან სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, ხოლო ჩატარებული ტესტების თაობაზე ინფორმაცია დარეგისტრირდება შესაბამისი სკოლის პერსონალის მიერ ტესტის ჩატარებიდან არაუგვიანეს 24 საათის განმავლობაში).
გამონაკლისს წარმოადგენს ის შემთხვევები, როდესაც არსებობს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შუამდგომლობა ტესტირების განხორციელების შეუძლებლობის შესახებ ან დაწესებულებაში მომუშავე პირები სარგებლობენ დისტანციური სწავლების სრულად ელექტრონული მოდელით”, – აღნიშნულია ბრძანებაში.
განკარგულებაში ასევე წერია, რომ ორსულები ტესტირებას ექვემდებარებიან საქართველოს მთავრობის 2020 წლის 31 დეკემბრის №828 დადგენილებით დამტკიცებული “დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის” სახელმწიფო პროგრამის ანტენატალური მეთვალყურეობის კომპონენტით გათვალისწინებული რვა ანტენატალური ვიზიტისას PCR მეთოდით.
განკარგულება ძალაში უკვე შევიდა.