პირველად საქართველოს ისტორიაში, 4 დაცული ტერიტორია – კოლხეთისა და მტირალას ეროვნული პარკები და კინტრიშისა და ქობულეთის დაცული ტერიტორიები, UNESCO-ს მსოფლიო ბუნებრივი მემკვიდრეობის სიაში შევიდა.
„ის ფაქტი, რომ საქართველოს უნიკალური ბუნება UNESCO-ს ბუნებრივი მემკვიდრეობის სიაში შევიდა, არ არის მხოლოდ საქართველოსთვის მნიშვნელოვანი, ეს არის მნიშვნელოვანი მთელი რეგიონისთვის, შავი ზღვის აუზისთვის, ეს არის საერთაშორისო აღიარება; საქართველო კიდევ ერთხელ გამოჩნდა მსოფლიო მასშტაბით რუკაზე, როგორც გამორჩეული ბიომრავალფეროვნების მქონე ქვეყანა, რომელსაც უნიკალური ბუნება აქვს, რაც არ არის მხოლოდ საქართველოს კუთვნილება, ეს არის მთელი მსოფლიოსთვის მნიშვნელოვანი, რაც UNESCO-მ დაადასტურა. 2019 წლიდან დავიწყეთ ამ ნომინაციაზე მუშაობა. აქ, ჩვენს სამინისტროსთან ერთად, მნიშვნელოვანია საგარეო საქმეთა სამინისტროსი წვლილი, რომელიც მუშაობდა იუნესკოსთან, და საბოლოოდ, ეს გადაწყვეტილება იქნა მიღებული“, – განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა.
აღსანიშნავია, რომ თითოეული ეს დაცული ტერიტორია დასავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე მდებარეობს და თითოეული მათგანი გამორჩეულია უნიკალური ფლორითა და ფაუნით.
კოლხეთის ეროვნული პარკი
კოლხეთის ეროვნული პარკი შეიქმნა 1999 წელს, იგი მდებარეობს დასავლეთ საქართველოში. მოიცავს შავი ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროზე ნაბადისა და ჭურიის უბნის მიმდებარე აკვატორიის ნაწილს და პალიასტომის ტბის აუზს. პარკი კოლხეთის საერთაშორისო მნიშვნელობის მქონე ჭარბტენიანი ეკოსისტემების დაცვისა და შენარჩუნების მიზნითაა შექმნილი. იგი გამოირჩევა ველური ფლორისა და ფაუნის მაღალი ბიომრავალფეროვნებით, ენდემური და რელიქტური სახეობების სიუხვით. აქ წარმოდგენილია სხვადასხვა ტიპის ლანდშაფტები, ცალკეული ეკოსისტემები და ცენოზები. მისი საერთო ფართობია 44308,5 ჰა-ია, რომლიდანაც ზღვის აკვატორია 15276 ჰა-ს შეადგენს. ეროვნული პარკი 5 ადმინისტრაციული რაიონის – ზუგდიდის, ხობის, სენაკის, აბაშისა და ლანჩხუთის ტერიტორიაზეა განლაგებული და საქართველოს ორი ისტორიული მხარის – სამეგრელოსა და გურიის ნაწილია.
კოლხეთის ეროვნული პარკი მიეკუთვნება დაცული ტერიტორიების IUCN მეორე კატეგორიას. 1997 წლიდან მას იცავს რამსარის კონვენცია, რომელიც წარმოადგენს მთავრობათაშორის შეთანხმებას, რომელიც მიზნად ისახავს მიგრირებად, მიმომფრენ და წყალმცურავ ფრინველთა საბინადროდ ვარგისი არეალების დაცვას.
კოლხეთის ეროვნულ პარკში სტუმრობა მთელი წლის მანძილზე რეკომენდებულია. მდინერეების, ჭურიისა და ფიჩორის ხეობაში, ასევე, პალიასტომისა და ოქროს ტბაზე შესაძლებელია დაგეგმოთ ნავებით, კატერით, პანტონით და კაიაკით გასეირნება, შემდგომ კი კოლხური ტყისა და უნიკალური ჭაობების მონახულებას შეძლებთ. კოლხეთის ეროვნულ პარკში 100-ზე მეტ სხვადასხვა სახეობის გადამფრენ ფრინველზე დაკვირვებისთვის, სათვალთვალო კოშკურებია მოწყობილი.
პარკში განსაკუთრებით საინტერესოა პალიასტომის ტბა, შავი ზღვის აკვატორია, უნიკალური ჭაობები და კოლხური ტყე. კოლხეთის ეროვნული პარკის ადმინისტრაცია ვიზიტორებს პალიასტომის ტბასა და მდ. ფიჩორის ხეობაში სანაოსნო ტურებს, ასევე სპორტულ თევზჭერას, ფრინველებზე დაკვირვებას (ბერდვოჩინგს) და ეკო-საგანმანათლებლო ტურებს სთავაზობს.
მტირალას ეროვნული პარკი
მტირალას ეროვნული პარკის ტერიტორია ქობულეთის, ხელვაჩაურისა და ქედის მუნიციპალიტეტებს შორისაა მოქცეული. ეროვნული პარკი ბათუმიდან 25, ხოლო ქობულეთიდან – 27 კილომეტრში მდებარეობს. ადმინისტრაციული შენობა დაბა ჩაქვში, ხოლო ვიზიტორთა ცენტრი – სოფელ ჩაქვისთავში მდებარეობს (ჩაქვიდან 15 კმ-ში) .
მტირალას ეროვნული პარკი ვიზიტორებს მრავალფეროვან ეკოტურისტულ სერვისებს სთავაზობს. პარკში მოწყობილია ზიპ-ლაინი, სადაც ექსტრემის მოყვარულებს ხეებზე გაბმულ ბაგირზე დასრიალება შეუძლიათ. ასევე, პარკში მოწყობილია „თოკების პარკი“, რომელიც წარმოადგენს ეკო-საგანმანათლებლო ატრაქციას და გარემოში არსებულ შემეცნებით გასართობ ადგილს. ეკოტურისტული ობიექტი გათვლილია სხვადასხვა სეგმენტის ვიზიტორზე. მოწყობილია 2 ზონა – საოჯახო და მოზრდილებისთვის.
მტირალას ეროვნული პარკში მოწყობილია ერთი და ორდღიანი ტურისტული მარშრუტები. ბილიკები მარკირებული და კეთილმოწყობილია. მოწყობილია საპიკნიკე და საკემპინგე ადგილები, გამოყოფილია ადგილები კოცონის დასანთებად, ასევე ორდღიანი ცივწყაროს ბილიკის მე-9 კმ-ზე არის ტურისტული თავშესაფარი. ეროვნული პარკი ვიზიტორებს სალაშქრო, საცხენოსნო, სამეცნიერო და ეკოტურებს სთავაზობს.
კინტრიშის ეროვნული პარკი
მდებარეობს აჭარაში, ქობულეთის რაიონში, საქართველოს ულამაზეს საზღვაო კურორტზე. იგი მოქცეულია მდინარე კინტრიშის თვალწარმტაც ხეობაში, სოფელ ცხემვანსა და ხინოს მთებს შორის, ზღვის დონიდან 300-2500 მეტრ სიმაღლეზე. კინტრიშის სახელმწიფო ნაკრძალი დაარსდა 1959 წელს, დაარსების მიზანი იყო შუამთის რელიქტური ტყეების და ენდემური სახეობების, ფლორისა და ფაუნის დაცვია.
კინტრიშის ეროვნული პარკი თანამედროვე, უმაღლესი დონის ვიზიტორთა ცენტრი აქვს, სადაც ტერიტორიების შესახებ ყველა საჭირო ინფორმაციის მიღებაა შესაძლებელი. კინტრიშის დაცული ტერიტორიები ვიზიტორებს 2 სხვადასხვა სირთულის მარკირებულ და კეთილმოწყობილ მარშრუტს: “თამარის თაღოვანი ხიდის” ერთდღიან საფეხმავლო და “უთხოვარის და ტბა ტბიყელის” ორდღიან საფეხმავლო და საცხენოსნო ბილიკს სთავაზობს. მარშრუტის გასწვრივ მოწყობილია საპიკნიკე და საკემპინგე ადგილები, ასევე გამოყოფილია კოცონის დასანთები ადგილები.
კინტრიშის დაცულ ტერიტორიებზე ვიზიტორს შეუძლია ნახოს: ქვის თაღოვანი ხიდები, XII ს ხინოწმინდის იოანე ნათლისმცემლის ეკლესიის ნანგრევები, წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია, უძველესი ღვინის ქვევრები, ჩანჩქერები, უთხოვარი და ტბიყელის ტბა.
ქობულეთის დაცული ტერიტორიები
ქობულეთის დაცულ ტერიტორიებზე სტუმრობისას, განსხვავებულ სამყაროში აღმოჩნდებით. დაცული ტერიტორიები ქობულეთის ზღვის სანაპიროდან 2 კმ-ში მდებარეობს. ტერიტორიები მოიცავს ისპანი 1-ისა და ისპანი 2-ის სფაგნუმიან ტორფნარებს, რომლებზეც მოწყობილია ბილიკები საგანმანათლებლო და სამეცნიერო ტურებისთვის. ვიზიტორებს შეუძლიათ, ჭაობის თხილამურების დაქირავება და სფაგნუმიან ტორფნარზე გასეირნება.
ტერიტორიები მნიშვნელოვანი საარსებო გარემოა გადამფრენი, მობუდარი და მოზამთრე წყლის ფრინველთა სახეობებისათვის. განსაკუთრებით საინტერესოა სფაგნუმი, ანუ თეთრი ხავსი და მწერიჭამია დროზერა.
ქობულეთის დაცულ ტერიტორიებზე 3 მარტივი საფეხმავლო მარშრუტია: „ისპანი 2“, „თეთრი ხავსი“ და „დროზერა“. საფეხმავლო მარშრუტზე ფრინველებზე დაკვირვებისა და საგანმანათლებლო-სამეცნიერო ტურების დროს შესაძლებელია ყვითელი და თეთრი დუმფარების, თეთრი ხავსის 4-მეტრიანი გუმბათების, მწერიჭამია დროზერასა და ჭაობის კუს ნახვა.
ქობულეთის დაცული ტერიტორიები განსაკუთრებით პოპულარობით სარგებლობს ფრინველებზე დაკვირვების, ე.წ. birdwatching-ის მოყვარულებში. შესაძლებელია ჭოგრიტების ქირაობაც. გადამფრენ ფრინველებზე დაკვირვებისათვის საუკეთესო პერიოდია გაზაფხული და შემოდგომა.