რა პრობლემები ექმნებათ ადამიანებს შვილის აყვანის დროს, რა ხარვეზებია კანონმდებლობაში, რატომ იწელება ეს პროცესი დროში და რატომ უწევთ ოჯახებს წლობით ლოდინი იმისთვის, რომ შვილი აიყვანონ – ამ თემებზე გადაცემაში ,,კანონის ფარგლებში” იურისტი თინათინ ჭიხორია გვესაუბრება.
– პირველ რიგში გვითხარით, რა პროცესია შვილის აყვანა, რა ეტაპები უნდა გაიარონ მსურველებმა?
– შვილად აყვანა არის იურიდიული ფაქტი, რომელიც შვილად ამყვანსა და ნაშვილებს შორის ისეთ სამართლებრივ ურთიერთობას წარმოშობს, როგორიც ბიოლოგიური მშობლის შემთხვევაში იქნებოდა. ეს ნიშნავს ორმხრივად მოვლის, ზრუნვის, მემკვიდრეობის უფლებებს. რაც შეეხება პროცედურებს, ჩართულია მეურვეობის და მზრუნველობის ორგანო, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილებას სასამართლო იღებს. ასევე გასაშვილებელ პირთა და მშვილებელთა ერთიანი რეესტრი არსებობს, ამ რეესტრის გარეთ შვილად აყვანის შემთხვევაში, ეს სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობით ისჯება.
– რა ეტაპებს გადის მშვილებელი, ამის უფლება აქვს ოჯახს თუ მარტო მცხოვრებ პირსაც შეუძლია შვილის აყვანა?
– შვილად აყვანა შეუძლია დაუოჯახებელსა და ოჯახსაც, თუმცა ერთ ბავშვს ორი პირი ვერ იშვილებს, თუ ისინი ქორწინებაში არ იმყოფებიან. მათ უნდა წარადგინონ განცხადება, ცნობა ჯანმრთელობის, ნასამართლეობის, ასევე შემოსავლის შესახებ. ასევე შეუძლია სოციალურად დაუცველსაც, თუმცა უნდა დაამტკიცოს, რომ აქვს საშუალება, ბავშვს ჯანსაღი პირობები შეუქმნას. მან ყოველ წელს უნდა წარადგინოს საკუთარი ეკონომიკური შემოსავლის შესახებ ცნობა
– ყველაზე მთავარი პრობლემა რა არის, რასაც შვილის აყვანის დროს აწყდებიან?
– მთავარი პრობლემაა პრაქტიკული განხორციელება. ასევე პრობლემაა ვადები. როცა ბავშვს გასაშვილებლის სტატუსი ენიჭება, 8 თვის მანძილზე თუ ვერ მოხდა საქართველოში მისი გაშვილება, ის ექვემდებარება საზღვარგარეთ გაშვილებას და ეს უფრო მარტივად ხდება რატომღაც, ვიდრე საქართველოში.
– ბევრისგან გვსმენია, რომ წლები ელოდებიან ბავშვის აყვანას, ამბობენ, ამდენი ბავშვია გასაშვილები და რატომ იწელება პროცესი დროში, რატომ ხდება ასე?
– ბიოლოგიური მშობლის გამოჩენას არ ელოდებიან, მაგრამ ეს არის უფრო ბიუროკრატიასთან დაკავშირებული საკითხი, ზოგს სრულფასოვანი დოკუმენტები ვერ მიაქვს და დროში იწელება. ასაკობრივი ზღვარია შვილებისთვის, არ უნდა იყოს 16 წელს ქვემოთ და 49 წელს ზემოთ. ზოგჯერ ამ კრიტერიუმებსაც ვერ აკმაყოფილებენ ხოლმე მსურველები.
– რა პერიოდია, როცა შვილად აყვანის შემდეგ შეიძლება ბიოლოგიური მშობელი გამოჩნდეს ან ბავშვის ნათესავი და წაიყვანოს?
– როცა მიმდინარეობს სასამართლო პროცესი, თუ ასეთ დროს მშობელმა გამოთქვა სურვილი ბავშვის დაბრუნების, შეწყდება სასამართლო და ბავშვი დაუბრუნდება დედას. ასევე თუ სასამართლო დამთავრდა, მაგრამ ჯერ გადაწყვეტილება არაა ძალაში შესული და მესამე შემთხვევაა, როცა გადაწყვეტილებაც ძალაში შევიდა ანუ ეს ის შემთხვევაა, თუ მშვილებლის უნარები შეიზღუდა და აღარ შეუძლია ბავშვის მოვლა, ბიოლოგიურ მშობელს ატყობინებენ ამის შესახებ.
– მთავარი რჩევები რა იქნება იმ ადამიანების მიმართ, ვისაც შვილად აყვანა სურს?
– პირველ რიგში გაიაზრონ ეს გადაწყვეტილება. მიმართონ იურისტს, რათა იცოდნენ, რა დოკუმენტები უნდა მოამზადონ. მათ სრულყოფილი დოკუმენტები უნდა ჰქონდეთ, რომ ხარვეზები არ აღმოჩნდეს.